აშშ-სა და ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები რატი ბრეგაძეს შეხვდნენ

პუბლიკა

ევროკავშირის წევრი ქვეყნის ელჩები და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი დღეს იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრის შემდეგ გერმანიის ელჩმა განაცხადა, საუბრის თემა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა. მას მეტ დეტალზე არ უსაუბრია.

„აქ ვიყავით ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნისა და აშშ-ის წარმომადგენლები. შევხვდით იუსტიციის მინისტრს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით. განვიხილეთ მიმდინარე პროცედურები და ჯანმრთელობის საკითხი, მაგრამ დეტალებში ვერ შევალ”, – განაცხადა ჟურნალისტებთან გერმანიის ელჩმა, პიტერ ფიშერმა.

მოგვიანებით, შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა იუსტიციის სამინისტრომაც.

„2022 წლის 28 დეკემბერს შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე”, – წერს სამინისტრო.