აუდიტის სამსახურმა კეზერაშვილის მიერ მელიასთვის გადაცემულ ავტომანქანაზე მოკვლევა დაიწყო

პუბლიკა

აუდიტის სამსახურმა დავით კეზერაშვილის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის ავტომობილის გადაცემის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე მოკვლევა დაიწყო.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტმა დაიწყო საკითხის მოკვლევა.

სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში მოხდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია უწყების მიერ „პუბლიკისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში.

საკითხს ეხმაურებიან „ქართულ ოცნებაშიც“. აუდიტის სამსახურის განცხადების გავრცელებამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ საინტერესოა, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს.

„თავისთავად ეს არის სკანდალური თემა გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა შავი ფულის ტრიალი ქართულ პოლიტიკაში. ეს არის არალეგალური დაფინანსება, რომლითაც ალბათ უნდა დაინტერესდეს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. როდესაც პარტიის თავმჯდომარეს ოლიგარქი ჩუქნის ავტომობილს ეს არის, რა თქმა უნდა, არალეგალური პარტიული დაფინანსება, რაც ისჯება საკმაოდ მკაცრად ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით. ვნახოთ, რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კეზერაშვილის მიერ ნიკა მელიასთვის მანქანის საჩუქრად გადაცემის შესახებ ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა გაავრცელა.

„ფორმულასთან“ ინტერვიუში მან თქვა, რომ ნიკა მელიას კეზერაშვილისგან მიუღია საჩუქრები, მათ შორის, ის ძვირადღირებული ავტომობილი, რომლითაც ის გადაადგილდება.

ლევან ბეჟაშვილის განცხადებას მოჰყვა ნიკა მელიას პასუხიც. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილმა საკუთარი სურვილით გააგზავნა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტომობილი, რომლის უკან დაბრუნებაც მელიამ, მისი თქმით, რამდენჯერმე სცადა:

„დამატებითი ავტომობილის არანაირი საჭიროება არ გვქონდა, როდესაც ერთ დღეს, ჩემთვის მოულოდნელად პეტრე ცისკარიშვილმა და ზურაბ მელიქიშვილმა მითხრეს, რომ პარტიის ავტოფარეხში იდგა მეორადი ავტომობილი, რომელიც გამოგზავნა დავით კეზერაშვილმა. ცხადია, არ მითხოვია, თავად გადაწყვიტა თავისი სურვილით და მოგვიანებით სატელეფონო საუბრისასაც ასეც აღნიშნა.

მას შემდეგ, რაც დავინახე დავით კეზერაშვილისგან მცდელობა, ჩარეულიყო შიდაპარტიულ პროცესებში, რამდენჯერმე (2022 წლის ივნისის თვიდან) ვცადეთ ამ ავტომობილის მისთვის დაბრუნება.

ბოლოს, ამ თვე-ნახევრის წინაც ვთხოვე ბაჩო დოლიძეს, მანქანა გადაეცა კეზერაშვილის ოჯახის წევრისთვის, დიმა ჩიქოვანისთვის, რომელმაც არ ჩაიბარა ეს ავტომობილი და იგი დღემდე დგას პარტიის ავტოფარეხში“, – დაწერა მან.