აზერბაიჯანის ხელისუფლების განცხადებით, სომხეთმა წუხელ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დაბომბვა სცადა. ამ ინფორმაციას მტკნარი სიცრუე უწოდეს ერევანში და განაცხადეს, რომ მათი სამიზნე მხოლოდ სამხედრო ობიექტებია. აზერბაიჯანის ხელისუფლება კი ავრცელებს ფოტომასალას, რომელშიც მათი თქმით ჩამოგდებული სომხური რაკეტის ნამსხვრევებია და ნამსხვრევები მოწმობს, რომ ეს კასეტური ბომბი იყო.
Armenia fired cluster rocket to Baku-Tbilisi-Jeyhan pipeline. In vicinity of Yevlakh reg.rocket landed 10 meters away from BTC pipeline.300+ Cluster bomblets eject around. No damage to pipeline. ANAMA is in operation. Desperate attempts of Armenia to attack energy infrastructure pic.twitter.com/E7vgDsEQws
— Hikmet Hajiyev (@HikmetHajiyev) October 6, 2020
მანამდე, კასეტური ბომბების გამოყენებაში აზერბაიჯანს პირიქით, სომხეთი ადანაშაულებდა. სომხეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ვიდეოკადრებიც, რომელშიც მათი თქმით, სტეფანაკერტის დაბომბვა ჩანს. კადრებში, ერევნის ოფიციალური პირების მტკიცებით, ჩანდა ისიც, რომ აზერბაიჯანმა კასეტური ბომბები გამოიყენა.
სომხეთის ბრალდების შემდეგ სტეფანაკერტში საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის სპეციალისტები ჩავიდნენ. საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მათმა ექსპერტებმა დაათვალიერეს დაბომბვის არეალი და ებრაული წარმოების კასეტური საბრძოლო შეიარაღების M095 DPICM-ის კვალს მიაგნეს. რომელიც, როგორც ჩანს, აზერბაიჯანმა დაბომბვისას გამოიყენა.
https://twitter.com/GlobAwareness/status/1312785181535866880
„კასეტური ბომბების გამოყენება აკრძალულია ნებისმიერ გარემოებაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით. მისი გამოყენება სამოქალაქო არეალში განსაკუთრებით სახიფათოა და მხოლოდ უფრო მეტ სიკვდილსა და დაშავებულთა რიცხვის ზრდას ემსახურება“, – განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა დენის კრივოშეევმა.
Amnesty International-ის განცხადებით, მათ მოუწოდეს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, პატივი სცენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და სამხედრო მოქმედებების ზეგავლენისგან მოქალაქეები დაიცვან. ორგანიზაციის განცხადებით, საცხოვრებელ არეალებში მსგავსი იარაღის გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია.
საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადება გააკრიტიკეს ბაქოში. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით საშიშ იარაღს არა ისინი, არამედ სომხეთი იყენებდა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მტკიცებით, მათ შორისაა, მსხვილკალიბრიანი და შორსმროლელი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა – „სმერჩი“, რომლითაც აზერბაიჯანში მეტწილად დასახლებული პუნქტები დაბომბეს.
Amnesty International-ის განმარტებით, კასეტური ბომბები თავისი შინაარსით არაწერტილოვან იარაღს მიეკუთვნება. ანუ მათი გამოყენებისას ვერ ხერხდება მხოლოდ სამხედრო სამიზნეებზე დარტყმა და მოქალაქეებისთვის დიდი ზიანი მოაქვს.
კასეტური საბრძოლო შეიარაღება ასობით ბომბს ან საბრძოლო მასალას შეიცავს, რომელიც ჩამოვარდნისას იშლება და დიდ არეალს ფარავს. თანაც, რაკეტის ჩამოვარდნის შემდეგ, ბომბების 5-დან 20%-მდე აუფეთქებელი რჩება. ეს კი მოსახლეობისთვის წლების შემდეგაც დაახლოებით ისეთივე საფრთხეს შეიცავს, როგორც დატოვებული ნაღმები.
Amnesty-ის განცხადებით, კასეტური იარაღის გამოყენება აკრძალულია ხელშეკრულებით, რომელსაც 100-ზე მეტი სახელმწიფო აწერს ხელს. ორგანიზაციამ მოუწოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს, ისინიც შეუერთდნენ კონვენციას კასეტური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი მე-11 დღეა მიმდინარეობს. კონფლიქტში ჩართულია არტილერია და მძიმე ტექნიკა. აზერბაიჯანი აქტიურად იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს, სომხეთმა კი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტაქტიკური დანიშნულების სისტემებიდანაც მიიტანა სარეკეტო იერიში. ჯერჯერობით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკება არ გამართულა.
აზერბაიჯანულ და მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო რესპუბლიკის პოზიციებს შორის ორმხრივი სროლა პირველად 27 სექტემბერს დილით დაიწყო. დაპირისპირების დაწყებაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს.
ამ დრომდე დაუდგენელია მსხვერპლის შესახებ ზუსტი მონაცემები. მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, მათ მხარეს 230-მდე სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანში თავიანთი სამხედროების მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთისა და ყარაბაღის ოფიციალური პირები კი ამტკიცებენ, რომ სამხედრო მოქმედებებისას რამდენიმე ასეული აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა.
ერევნის ცნობით, კონფლიქტის განახლების შემდეგ სომხეთსა და ყარაბაღის რეგიონში დაიღუპა 19 სამოქალაქო პირი. ხოლო ბაქოს განცხადებით, აზერბაიჯანული დასახლებების დაბომბვას გასული კვირის განმავლობაში აზერბაიჯანის 27 მოქალაქე შეეწირა.