ავტორი: ნეიტ ოსტილერი
ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა პროსახელისუფლებო მედიამ სომხეთის კრიტიკა გააძლიერა. ამას წინ უძღოდა უცხოელი დიპლომატების ვიზიტი მთიან ყარაბაღში, რასაც სომხური მხარის მხრიდან უკმაყოფილება და მწვავე რეაქციები მოჰყვა.
სომხეთის განცხადებით, სექტემბრის დასაწყისში მთიან ყარაბაღში უცხოელი დიპლომატების, მათ შორის რამდენიმე დასავლური ქვეყნის ელჩის ვიზიტი მთიანი ყარაბაღის რეგიონში მოიცავდა სომხურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ისტორიული სიცრუის პოპულარიზაციას.
სომხური მხარის კრიტიკის შემდეგ აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „აზერტაჯი“ და ხელისუფლების მხარდამჭერი სხვა მედიები წერენ, რომ „სომხეთის საზოგადოებრივ ცნობიერებაში“ კვლავ დომინირებს „რევანშისტული იდეოლოგია“. აზერბაიჯანული მედიები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ იმას, არის თუ არა „სომხეთი მზად მშვიდობისთვის“.
უცხოელი დიპლომატების მთიან ყარაბაღში ვიზიტში რამდენიმე დასავლური ქვეყნის ელჩიც მონაწილეობდა. დელეგაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე ჰიქმეთ ჰაჯიევი ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში დიპლომატებმა რეგიონში სომხური კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი მოინახულეს, რომლებიც ჰაჯიევმა კავკასიის ალბანეთის კუთვნილებად წარმოაჩინა. კავკასიის ალბანეთი სამხრეთ კავკასიაში არსებული უძველესი ქრისტიანული სამეფო იყო და თანამედროვე, ბალკანურ ალბანეთთან კავშირი არ აქვს. ეს ნაბიჯი რეგიონში სომხების ისტორიული ყოფნის წაშლის მცდელობად შეფასდა.
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ სხვა წევრებმა ამ საკითხზე შედარებით თავშეკავებული პოზიცია გამოხატეს, სომხური მთავრობის კრიტიკოსებმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მთიან ყარაბაღში ვიზიტს მკაცრი რეაქციით უპასუხეს.
ამის შემდეგ „აზერტაჯმა“, ისევე როგორც ხელისუფლების მხარდამჭერმა გამოცემებმა: APA-მ, Caliber-მა და სხვებმა პოზიცია კიდევ უფრო გაამკაცრეს. მათ, ერთი მხრივ, დაგმეს ერევნის რეაქცია, ხოლო მეორე მხრივ, ამტკიცებდნენ, რომ ეს რეაქცია მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხში სომხეთის მხრიდან კვლავ აგრესიულ მიდგომაზე მიუთითებს.
სომხეთში ივნისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებამდე აზერბაიჯანული მედიის დიდი ნაწილი, როგორც წესი, ნიკოლ ფაშინიანის მიმართ ფარულ, ზოგჯერ კი ღია მხარდაჭერას გამოხატავდა, განსაკუთრებით ოპოზიციასთან შედარებით, რომელსაც ხშირად „რევანშისტად“ მოიხსენიებდნენ.
თუმცა, სტატიების ახალი ტალღა, როგორც ჩანს, მიდგომის ცვლილებაზე მიუთითებს: „აზერჯატი“ და სხვა გამოცემები პირდაპირ აცხადებენ, რომ „გარკვეული პროპაგანდისტული ქმედებების კულისებს მიღმა შემკვეთი სომხეთის მთავრობაა“.
„აზერტაჯმა“ გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ „სომხური ლობი, შესაძლოა, სომხეთის ხელმძღვანელობის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია“.
APA-მ კი დაწერა:
„რაც არ უნდა ხშირად აცხადებდეს სომხეთი სიტყვიერად, რომ მშვიდობის მომხრეა, პრაქტიკაში საპირისპიროს ვხედავთ. სომხეთი მშვიდობისთვის მზად არ არის, ხოლო ხელისუფლების განცხადებები მშვიდობის შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ფარდა, რომლის მიღმაც რეალური პოლიტიკა იმალება. ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მოქმედი მმართველი გუნდი დიდად არ განსხვავდება რევანშისტული ჯგუფებისგან“.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.