ავტორი: რაფიგ შაჰბაზოვი
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) აზერბაიჯანში ზღვის წყლის გამტკნარებელი ქარხნის მშენებლობისთვის 165 მილიონი დოლარის დაფინანსება დაამტკიცა. პროექტის საერთო ღირებულება 407 მილიონი დოლარია. ქვეყანა წყლის რესურსების დივერსიფიკაციას ცდილობს იმ ფონზე, როდესაც წყლის დეფიციტისა და კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ შეშფოთება იზრდება.
ქარხანა ქალაქ სუმგაითში აშენდება და მისი მიზანია, 300 000 კუბური მეტრი სასმელი წყალი აწარმოოს, რსაც ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულს ყოველდღიურად მიაწვდის.
პროექტი იმ დროს ხორციელდება, როდესაც აზერბაიჯანის წყლის რესურსებზე ზეწოლა იზრდება. ქვეყნის წყლის რესურსების დაახლოებით 70% – როგორც სასმელი, ისე სხვა დანიშნულების წყალი ქვეყნის ფარგლებს გარედან მოდის.
ამასთან, კასპიის ზღვაში, საიდანაც მომავალი ქარხანა წყალს მიიღებს, წყლის დონე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკლებს. ეს კასპიის ზღვის მომავალსა და რეგიონის ეკოლოგიურ წონასწორობასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. მეცნიერები ამბობენ, რომ სანაპირო ზოლის უკან დახევა საფრთხეს უქმნის ენდემური სახეობების, მათ შორის კასპიური სელაპებისა და ზუთხისებრი თევზების საბინადრო გარემოს. ეს პროცესი ასევე გავლენას ახდენს ჭაობებსა და სხვა მოწყვლად ეკოსისტემებზე.
პრო-სამთავრობო გამოცემა Report-ის ინფორმაციით, რომელიც აზიის განვითარების ბანკს ეყრდნობა, სესხი სამ ეტაპად გაიცემა: ორი ტრანში 70-70 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო მესამე – 25 მილიონი დოლარის ოდენობით.
პროექტის საერთო ღირებულება 407 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მთავრობას საჯაროდ არ დაუკონკრეტებია, როგორ განაწილდება დარჩენილი თანხის დაფინანსება.
ქარხანა დღეში 300 000 კუბურ მეტრ წყალს გამოიმუშავებს, თუმცა პიკური მოთხოვნის პერიოდში მისი წარმადობის 330 000 კუბურ მეტრამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.
პროექტი საჯარო და კერძო სექტორებს შორის 25-წლიანი პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განხორციელდება. გამტკნარებული წყლის სრულ მოცულობას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია – დიდი ქალაქების გაერთიანებული წყალმომარაგების სამსახური მიიღებს.
პროექტის მიზანია ბაქოსა და აფშერონის ნახევარკუნძულზე საცხოვრებელი და კომერციული ობიექტებისთვის სასმელი წყლის მიწოდების ხარისხისა და საიმედოობის გაუმჯობესება.
ქარხნის მშენებლობა აზერბაიჯანის წყლის შეზღუდული რესურსების შესახებ არსებული შეშფოთების ფონზე იგეგმება. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ქვეყნის ზედაპირული წყლის რესურსების დაახლოებით 70% მის საზღვრებს გარედან მოდის. აფშერონის ნახევარკუნძულის წყალმომარაგების მნიშვნელოვანი ნაწილი მდინარე სამურზეა დამოკიდებული.
კლიმატის ცვლილებამ, გვალვამ და წყალზე მოთხოვნის ზრდამ წყლის ალტერნატიული წყაროების მოძიების საჭიროება კიდევ უფრო გაზარდა.
თუმცა თავად პროექტიც გარემოსდაცვით რისკებს შეიცავს. წყლის გამტკნარების პროცესის შედეგად წარმოიქმნება მაღალკონცენტრირებული მარილწყალი, რომლის უკან, კასპიის ზღვაში ჩაშვებაც იგეგმება.
აზერბაიჯანში წყლის გამტკნარებელი საწარმოები სიახლე არ არის. 2013 წელს სალიანის რაიონის სოფელ ხიდირლიში საპილოტე გამტკნარებელი ქარხანა ამოქმედდა, რომლის წარმადობაც დღეში 1 000 კუბურ მეტრს შეადგენდა. მოგვიანებით მისი წარმადობა დღეში 2 000 კუბურ მეტრამდე გაიზარდა. თუმცა სუმგაითში დაგეგმილი ობიექტი ქვეყანაში ზღვის წყლის გამტკნარების პირველი ფართომასშტაბიანი ქარხანა იქნება.
პროექტი აზერბაიჯანისთვის აზიის განვითარების ბანკის 2025-2029 წლების პარტნიორობის სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რომლის პრიორიტეტებს შორის გარემოსდაცვითი თვალსაზრისით მდგრადი განვითარება და სუფთა ინფრასტრუქტურაა.
მანამდე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმაც (AIIB) აზერბაიჯანში გამტკნარებელი ქარხნის მშენებლობისთვის 45 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა.
პროექტს საუდის არაბეთის კომპანია ACWA Power ავითარებს, ხოლო ჩინეთის HDEC (Huadong Engineering Corporation), რომელიც PowerChina ჯგუფის ნაწილია, მთავარი კონტრაქტორია. ესპანურმა საინჟინრო კომპანია Savener-მა, რომელიც HDEC-ის ქვეკონტრაქტორია, ქარხნის საინჟინრო და საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.