ბანკები ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავლენ და 20%-მდე გაეზრდებათ მოგების გადასახადი - ღარიბაშვილი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბანკები და ზოგადად, საფინანსო სექტორი ე.წ. ესტონურ მოდელზე აღარ გადავა და გაიზრდება მათთვის მოგების გადასახადი. ღარიბაშვილის თქმით, წელს ბანკებს 2 მილიარდი ლარის მოგება ექნებათ, რაც მისი თქმით, გაუმართლებელია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბანკები და საფინანსო სექტორი აღარ გადავა მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას. ეს ე.წ. ესტონურ მოდელზე ჩანაწერი გაუქმდება, ამ ინიციატივით შევდივართ პარლამენტში. იმიტომ, რომ უბრალოდ გაუმართლებელია, ბანკებს ამხელა მოგება აქვთ. 2 მილიარდი ლარი იქნება ბანკების მოგება წელს, 2 მილიარდი სუფთა მოგება.

ამის გარდა, ჩვენი ინიციატივით, ბანკების გადასახადი იქნება 20%, ნაცვლად 15%-სა. ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რაც მანამდე ასე არ ხდებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს ეკონომიკის ზრდაში. უაღრესად მნიშვნელოვნია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან განვითარებული საბანკო სისტემა. ორი მსხვილი ბანკი არის ლონდონის საფონდო ბირჟაზე და ჩვენ, რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ მათ ხელშეწყობას, მაგრამ ეს არის მცირედი კორექტივები, რაც შევიტანეთ კანონმდებლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.