ბათუმში საჯარო სკოლების 21 დირექტორს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა

პუბლიკა

ბათუმში საჯარო სკოლების 21 დირექტორს თანამდებობის ვადა ამოეწურათ. ინფორმაციას „პუბლიკას“ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე უდასტურებს.

გოჩა დავითაძის განცხადებით, 21-დან 2-მა უარი განაცხადა დირექტორობაზე, დანარჩენების მოვალეობის შემსრულებლებად დანიშვნის პროცესი კი გრძელდება.

„დანარჩენი დირექტორები წერენ განცხადებას და ინიშნებიან მოვალეობის შემსრულებლებად. უმეტესობა უკვე დანიშნულია და მიმდინარეობს დანიშვნის პროცესი. [დირექტორების დანიშვნამდე] მოვალეობას ასრულებენ მოადგილეები. 14 თუ 15 უკვე დანიშნულია უკვე და გრძელდება დანიშვნის პროცესი“, – აღნიშნა დავითაძემ.


განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ.

საჯარო სკოლების დირექტორების უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ მინისტრი აწერს ხელს უფლებამოსილების შეწყვეტის ბრძანებას, რის შემდეგაც სკოლების სამეურვეო საბჭოებს ხელახლა წარედგინებათ დირექტორობის მსურველი კანდიდატები. მოცემულ ეტაპზე პანდემიის გამო დირექტორობის უფლების მიღების მსურველთა კონკურსი არ ჩატარებულა.