ბენეფიციართა უფლებების გათვალისწინებით, ალტერნატიულ სერვისში გადაყვანაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას - სააგენტო წნორის ხანდაზმულთა სახლზე

პუბლიკა

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო აცხადებს, რომ წნორის ხანდაზმულთა სახლის მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით.

„სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება წნორის ხანდაზმულთა სახლის ა(ა)იპ „ხანდაზმულთა სავანე ბეთელში“ სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე ეცნობა არსებულ მდგომარეობას და ხანდაზმულთა საჭიროებებს. ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა ინფორმაცია წნორის ხანდაზმულთა სახლში არსებულ სიტუაციაზე.

ახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. ომბუდსმენის ცნობით, ბენეფიციარებთან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია.

ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა. მათივე შეფასებით, დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას.

„შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა – ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო“, – წერია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებას ვრცლად გაეცანით ბმულზე.