ბექა გრიგორიადისი Facebook-live-ში პოლიციელზე განცხადების გამო 800 ლარით დაჯარიმდა

პუბლიკა

ბექა გროგორიადისი Facebook-live-ში პოლიციელზე გამოთქმული მოსაზრებისთვის 800 ლარით დაჯარიმდა.

როგორც მისმა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ „პუბლიკას“ განუმარტა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე შეწყდა პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისა და პოლიციის შეურაცხყოფის ნაწილში, თუმცა გრიგორიადისი სამართალდამრღვევად ცნო წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში და მის მიმართ განსაზღვრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.

„პირველ ნაწილში იმიტომ შეწყვიტა საქმე, რომ არ დასტურდებოდა პოლიციის სამსახურებრივი სამუშაოს შესრულების დროს განხორციელებული რაიმე სახის შეურაცხყოფა და პოლიციის მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა.

ბოლო დროს ტენდენციად მკვიდრდება სოციალურ ქსელებში პირის მიერ საკუთარი მოსაზრებების გავრცელების გამო მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევები, რაც ჩვენ სახიფათო ტენდენციად მიგვაჩნია და ვფიქრობთ, გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ოქმის ფოტოს მიხედვით, რომელიც გრიგორიადისმა, „პუბლიკას“ მიაწოდა, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ.

166-ე მუხლი სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს, 173-ე მუხლი კი – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან მის სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ოქმი ტურისტული უსაფრთხოების ინსპექტორის მიერ 7 ივნისს არის შედგენილი, რომლის მიხედვით, 3 ივნისს ბექა გრიგორიადისიმ სოციალური ქსელების საშუალებით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს. ოქმის მიხედვით „ადგილი ჰქონდა“ გინებას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.