ბიუროს სხდომამ ნიკა მელიაზე პროკურატურის მიმართვას მსვლელობა მისცა

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს სხდომამ მსვლელობა მისცა პროკურატურის მიმართვას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას ითვალისწინებს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკითხი განსახილველად დაეწერა საპროცედურო და იურიდიულ კომიტეტებს.

ნიკა მელიას საქმე:

12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.

ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.

ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.

სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.

შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას.

პროცედურის მიხედვით, პროკურატურის მიმართვა პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდება, ბიურო საკითხს განსახილველად დააწერს საპროცედურო საკითხთა და იურიდიულ კომიტეტებს. კომიტეტების დასკვნის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე საკითხს უკვე კენჭს უყრიან. ამის შემდეგ კი პროკურატურა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.