ბლინკენთან შევთანხმდით, რომ ჩვენს მოთხოვნებზე წერილობით პასუხს მივიღებთ - ლავროვი

პუბლიკა

ჟენევაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ ლავროვმა განაცხადა, რომ ამერიკელი კოლეგები მომდევნო კვირაში მათ მოთხოვნებზე წერილობით პასუხს წარუდგენენ. ეს შეხვედრა კი უფრო მეტად აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის გაიმართა.

იგივე თქვა შეხვედრის შემდეგ ენტონი ბლინკენმაც, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრესკონფერენციაზე დააზუსტა, რომ რუსულ მხარეს წერილობით თავიანთ მოსაზრებებსა და შეშფოთებებს წარუდგენენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინაზე და განაცხადა, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმას გეგმავს.

„რუსეთს არასდროს, არსად გამოუხატავს მუქარა უკრაინელი ხალხის მიმართ თავისი ოფიციალური პირების მხრიდან“, – განაცხადა ლავროვმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ბლინკენმა კი კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მათი მიზანია ვითარების დიპლომატიური გზებით განმუხტვა. მაგრამ თუკი რუსეთი მაინც გადაწყვეტს უკრაინაში შეჭრას, ის სათანადო პასუხს მიიღებს.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ასევე არ გამორიცხეს, რომ კიდევ ერთხელ გაიმართოს პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა.