დაშლილთა შემოდგომა

დავით ბუხრიკიძე

თავიდანვე განვმარტავ, რომ ნინო ხარატიშვილის ახალმა პიესამ – „მსახურთა შემოდგომა“ – რომლის პრემიერა სამეფო უბნის თეატრში ივნისის ბოლოს გაიმართა, პირდაპირ მიკარნახა ბლოგის სათაურიც. სპექტაკლში ბატონებისგან მიტოვებულ, უზარმაზარ და დაცარიელებულ სასახლეში (მისი პატრონი და მობინადრეები სამოქალაქო ომსა  თუ დაპირისპირებას განერიდნენ) მხოლოდ სამი მსახური ქალი რჩება. ყველაზე გროტესკული და შემზარავი ისაა, რომ ისინი ყოფილი ბატონების ძალაუფლებისგან შემორჩენილ სიცარიელეს და სოციალურ როლებს გაშმაგებით იყოფენ და ინაწილებენ…

ალბათ, სიმბოლურია, რომ თეატრის მიღმაც მომავალი ადგილობრივი არჩევნები ძალაუფლების დარჩენილი სიცარიელის განაწილებას წააგავს, თუმცა ის გაცილებით ძვირად ღირებულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. უკვე ცხადია, რომ საშემოდგომო არჩევნებზე ძალაუფლების ფასი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ერთი მხრივ, ჯერ კიდევ მყარად მდგარ ხელისუფლებას ცვლილებები არაფერში სჭირდება და არც უნდა, ხოლო ოპოზიციას – ძალიან უნდა, მაგრამ  არ შეუძლია. ერთი სიტყვით, პარადოქსული და ვერმიღწეული რევოლუციური სიტუაციაა. საზოგადოების დაკვეთა კი სწორედ ცვლილებების აუცილებლობაა, რაც  აქსიომად უფრო ჟღერს, რომელიც დღევანდელი პოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, დამტკიცებას მაინც მოითხოვს.

რას სთავაზობს საზოგადოებას ხელისუფლება ან ოპოზიცია? როგორია წინასაარჩევნო მოცემულობა, რომელიც პანდემიის გამო ფიზიკური გადარჩენისა და ეგზისტენციალური არჩევანის ზღვარზე გვამყოფებს? ეღირსება თუ არა საზოგადოებას რეალურად სისტემური ცვლილებები? როგორ უნდა მივიდეთ გამაერთიანებელ იდეამდე, როდესაც, ფაქტობრივად, ქაოსია და ყველა ყველას წინააღმდეგია?

დანაწევრება, დაყოფა, დაშლა – ესაა რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით და რომელსაც ვერც ერთი სერიოზული გავლენის მქონე პარტია ვერ გადაურჩა. თანაც ისე, რომ დანაწევრების შემდეგ საზიანო შედეგი დგება არა მხოლოდ თავად პარტიის, არამედ ქვეყნის პოლიტიკური პროცესის განვითარებისთვის.

თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ დრამატული განქორწინება „ევროპულ საქართველოსთან“, ლამის ანეკდოტურად გაყოფილი ორი „გირჩის“ წარმოქმნა, მოგვიანებით კი „ქართული ოცნების“ წიაღში უამრავი წვრილ-წვრილი პარტიებისა თუ დაჯგუფებების გაჩენა, პლუს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას ოპოზიციურ ფლანგზე გამოჩენა, განსაკუთრებულს ვერაფერს მატებს მთლიან პოლიტიკურ სურათს ქვეყანაში. ეს ის შემთხვევაა, როდესაც განსხვავებული ნაწილები ერთ მთლიანობად ვერ იკრიბება და ასე ვთქვათ, საერთო  „გეშტალტს“ ვერ ქმნის.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც დაშლილ ოპოზიციურ ძალებს ყველაზე საჭირო დროსა და მომენტში გაერთიანება არ შეუძლიათ:

  1. უმთავრესი ცხადია, პანდემიური ფონია, რომელიც ანელებს და აფერხებს ყოველგვარ პოლიტაქტივობას და კვებავს ნიჰილისტურ განწყობას.
  2. მარტივი პარტიული ეგოიზმი, რომელიც პოლიტიკური პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებას გამორიცხავს.
  3. პატარა პარტიების „ნაცმოძრაობასთან“ მიწებების ან პირიქით, მისგან დისტანცირების კომპლექსი, რის გამოც ისინი, უბრალოდ, გაურბიან ამ საკითხს.
  4. ლიდერების პრობლემა ოპოზიციის ფონზე, რომელსაც აჩრდილივით დასტრიალებს უკრაინაში გადახვეწილი სააკაშვილის ლანდი, რაც თავს იჩენს პოლიტიკურად ყველაზე კრიტიკულ მომენტებში.
  5. პარტიებს შორის კოორდინაციისა და ურთიერთობის პრობლემა. მათ არ შეუძლიათ, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, უფრო მეტი დათმონ, ვიდრე სინამდვილეშია შესაძლებელი.
  6. კოალიციური მთავრობის კონტურები სულ უფრო ქრება, სამაგიეროდ, იზრდება „ქართული ოცნების“ მადა, სითავხედე და ავტორიტარიზმისადმი მიდრეკილება. რაც სულ უფრო მკაფიო გამოხატულებას პოულობს დასავლეთის გზავნილებსა და, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ლიდერთა თავხედურ პასუხებში.

„დაშლილთა“ უმთავრესი საშემოდგომო პრობლემა მაინც მუშკეტერების კონტექსტში იკითხება – ყველა ერთისათვის! მაგრამ ის ერთი სწორედ ხელისუფლებას ჰყავს მილიარდერის სახელით, რომელიც ყველა შემთხვევით „გაღუნულ“ სახელისუფლებო ვერტიკალს (წაიკითხე გახარია) ხელახლა გაასწორებს და კოლექტიურ კობახიძეებს დაარწმუნებს, რომ ჯადო (მათ შორის, საარჩევნოც) ისევ მის ხელშია.

და რა იღონონ „დაშლილებმა“ ამ პანდემიურად დაშლილ დროში? მამა-შვილი მელიები წამოაყენონ ბრძოლის წინა ხაზზე? ელენე ხოშტარია ჩააბან „დროზე“ ადრე გლდანის სოციალური ჯურღმულების გასაღვიძებლად? იქნებ, შემთხვევით  „ლელოს“ სიმპათიური და გაუსვრელი არქიტექტორი, ეკოლოგიისა თუ გამწვანების საკითხებზე მომუშავე ანა ბიბილაშვილია ის „მესამე ძალა“, უმცროსი ვაშაძე რომ თვეების განმავლობაში ასე მონდომებით სადღაც გარეთ ეძებდა?

რაკი, ჯერჯერობით, ყველაფერი მაინც მდუმარედ, დუნედ და პესიმისტური სცენარით მიმდინარეობს, ხოლო „ოცნებას“ შარლ მიშელიცა და მიშელ ლეგრანიც ცალ ფეხზე ჰკიდია, მაინც უნდა შევუძახოთ შემოდგომის პირას მყოფ „დაშლილებს“ კახის სლოგანით – მეტი სიცოცხლე, მეტი დრაივი თქვენს უბნებზედ!