“აუცილებელია მოვერგოთ გარემოს, რომელიც მუდმივად იცვლება და ეს განსაკუთრებით ქალაქმშენებელ არქიტექტორს და ინჟინერს უნდა ახსოვდეს”, — ეს გიორგი ჩახავას სიტყვებია, არქიტექტორის, რომლის ხედვები დროს უსწრებდა. ამას ადასტურებს მისი ეპოქალური პროექტი, ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა, რომელიც მსოფლიო არქიტექტურაში გამორჩეულ ადგილს იკავებს.
სახლები, ავტოსადგურები, გაჩერებები, პანორამული გადასახედები, პავილიონები – მისი ფენომენალური იდეები საქართველოს მასშტაბებს გასცდა და ისეთ ქვეყნებში იქცა ხელშესახებ პროექტებად, როგორებიცაა უკრაინა, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ავღანეთი, ლიბანი… ის იყო ინოვატორი, პროგრესული არქიტექტორი, რომლის ყველა პროექტს ეტყობოდა უნიკალური, უკვდავი ხელწერა.
სამხედრო მფრინავობიდან არქიტექტორობამდე
გიორგი ჩახავა იყო როსტოვის სამხედრო მფრინავთა სკოლის სტუდენტი, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, 1949 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში არქიტექტურაზე ისწავლა და კარიერა „თბილქალაქპროეტში” უმცროსი არქიტექტორობიდან დაიწყო. ბიოგრაფიაში უამრავ მიღწევას წაიკითხავთ – მის რეგალიებს შორისაა “უფროსი არქიტექტორი”, “მთავარი სპეციალისტი”, “გზების მშენებლობის მინისტრის მოადგილე”, “მშენებლობის სამინისტროს მთავარი არქიტექტორი”.
მისი მნიშვნელობა როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიული თვალსაზრისით, პრემიებსა და ჯილდოებშიც გამოიხატა. იგი იყო საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი, საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემიის ლაურეატი, აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურული აკადემიის საპატიო წევრი, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირების საპატიო ჯილდოების ლაურეატი, საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობის წევრი. მიუხედავად ამისა, მის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის ბევრი რამ კვლავ უცნობია.
განსაკუთრებით საინტერესოა, რომ მის არქიტექტურულ ხედვებს ქართული ბუნება ასაზრდოებდა.
“უბრალო ქართველი გლეხ-კაცის უნარი, ააშენოს საცხოვრებელი იქ, საიდანაც იხსნება ყველაზე მომხიბვლელი ხედი, თუნდაც საცხოვრისის კომფორტის დათმობის ფასად, ყოველთვის იწვევდა ჩემს გაოცებას“, — ამბობდა ის.
სწორედ ამ დაკვირვებით შექმნა პროექტები როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ და იმავე ფილოსოფიური დატვირთვით ააგო შენობა, რომელზეც საუბარი არასდროს წყდება.
ხიდი ადამიანებსა და ხედს შორის
“დასავლეთისთვის მოულოდნელი აღმოჩენა, რომელმაც მრავალი სტანდარტული კლიშე დაამსხვრია გვიანდელ საბჭოთა არქიტექტურაზე”, — ასე შეაფასა ნიუ-იორკ თაიმსმა ძველად საავტომობილო გზების სამინისტროს, ახლა კი საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა, რომელიც 1975 წელს აიგო. ამ მონუმენტური პროექტის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს არაერთ პუბლიკაციაში ისაუბრეს და ბევრი თანამედროვე არქიტექტორისთვის შთაგონების წყაროდაც იქცა.
“არსებობს არქიტექტურა, რომელიც თანამედროვე რჩება სხვადასხვა დროში. ეს პროექტი კი არის ერთდროულად როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური სტილის განსახიერება. საინტერესოა, რომ ის იდეალურად ჯდება ქართულ ლანდშაფტში და არის ბუნების დაზიანების გარეშე შექმნილი მოცულობა. გასაოცარია, რომ იგი მხოლოდ 450 კვადრატული მეტრით ეხება მიწას, თუმცა მთლიანი შენობის ფართობი 15 ათასი კვადრატული მეტრია. ეს ფენომენალური თანაფარდობაა”, — განმარტავს არქიტექტორი, ნიკოლოზ ლეკვეიშვილი.
ყველა თანხმდება, რომ ის საერთაშორისო მასშტაბის ძეგლია, როგორც სტილის, ისე ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით. შენობა საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არქიტექტურული ტენდენციების უიშვიათესი მაგალითია.
“60-იან წლებში იაპონიაში დაიწყო მოძრაობა, იაპონური მეტაბოლიზმი. ეს იყო ერთგვარი იდეოლოგია, რომელიც მეტწილად ქაღალდის არქიტექტურაში გამოიხატებოდა და მსოფლიოში სულ რამდენჯერმე გამოვლინდა რეალობაში. მათ შორისაა საქართველოს ბანკის შენობა და იგი ნამდვილად იაპონური მეტაბოლიზმის ფიზიკური მანიფესტაციაა”, — ამბობს ნიკოლოზ ლეკვეიშვილი და იხსენებს გიორგი ჩახავას “საჰაერო ქალაქის” იდეას, რომელიც სწორედ ამ იდეოლოგიის ნაწილად შეიძლება განვიხილოთ.
პროექტის თანაავტორი, ზურაბ ჯალაღანია ამბობს, რომ “ბუნებამ გამოატანინა ასეთი დასკვნა” და მისცა შთაგონება, რომ ასეთ რელიეფზე მომავალშიც უნდა დაეპროექტებინათ მსგავსი შენობები.
ნიკოლოზ ლეკვეიშვილის თქმით კი, ეს “საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ უნდა ვიურთიერთოთ ფერდთან, ამაზე კარგი მაგალითი თანამედროვე არქიტექტურაში არ მოგვეპოვება, ძველში კი ამის ნიმუშებს მაღალმთიან დასახლებებში, ხევსურეთში და სხვაგან ვხვდებით”.
ამგვარად, მისი შეფასებით, პროექტი აჩვენებს იმას, რომ მხოლოდ “ანტიკურ ეპოქაში” კი არ ვქმნიდით ბუნებასთან ჰარმონიულ ორიგინალურ ნაგებობებს, არამედ თანამედროვე ცივილიზაციისთვის თანმდევი არქიტექტურისთვისაც გვაქვს შექმნილი ნიმუში, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობისთვის და ზოგადად, ხელოვნებისთვისაა მნიშვნელოვანი. “ეს შენობა იცის ყველამ. მქონია ძალიან ცნობილ არქიტექტორებთან კომუნიკაცია, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი”, — იხსენებს ნიკოლოზი.
ისტორიული თვალსაზრისით კი, როგორც ამას ხშირად აღნიშნავენ, შენობა ერთგვარად თავისუფლების სიმბოლოცაა, რადგან საბჭოთა იდეოლოგიაში შენობებიც და ადამიანებიც ერთნაირი უნდა ყოფილიყო, ეს კი ამ ხედვას ცდებოდა.
“საბჭოთა იერარქიით, არსებობდა რაღაც შენობები, რომლებიც ძალიან გამორჩეული უნდა ყოფილიყო, თუმცა, სატრანსპორტო სამინისტროს შენობა მათ რიცხვში არ მოიაზრებოდა. არადა, ის მთელი საბჭოთა კავშირის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია, პრაქტიკულად, საბჭოთა არქიტექტურის სახე გახდა, რაც საინტერესო მოვლენა იყო”, — ამბობს არქიტექტორი.
ამგვარი არატიპური იდეის განხორციელებას ერთი ახსნა აქვს, რაზეც ზურაბ ჯალაღანიაც საუბრობს.
შენობას, ნიკოლოზ ლეკვეიშვილის შეფასებით, კონკრეტული გზავნილები აქვს, ესენია მეტაბოლიზმი, “საჰაერო ქალაქის” კონცეფცია და იდეა, რომ შენობა იყოს არა ბარიერი, არამედ “ხიდი ადამიანსა და ფერდს, ადამიანსა და ხედს შორის”.
ინოვატორი და გამომგონებელი
გიორგი ჩახავა არქიტექტურული თვალსაზრისით არაორდინალურ იდეებზე ფიქრობდა, იყო ინოვატორი და გამომგონებელი. მის გამოგონებებს შორისაა რკინა-ბეტონის სამშენებლო ელემენტები, პანელების დასამზადებელი კონვეიერული ხაზი და სხვა მრავალი გადაწყვეტა. შედეგად, მარტივდებოდა მშენებლობის პროცესი, იხარჯებოდა მინიმალური დრო და ეს ყველაფერი დაბალი ხარჯებით ხერხდებოდა.
ინოვაციურია მისი პავილიონები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, პანორამული გადასახედები, კაფე “ფანტაზია”, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
გიორგი ჩახავამ მონუმენტური პროექტებით გამორჩეული კვალი დატოვა ქართულ და მსოფლიო არქიტექტურულ რუკაზე, შეძლო ყველაზე რთული არქიტექტურული პრობლემების გადაჭრა და იქცა თანამედროვე, უკვდავი ხელოვნების სიმბოლოდ.
გიორგი ჩახავას და საქართველოს ბანკის მიერ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.