გოდოსა და გობსეკის ტყვეები

დავით ბუხრიკიძე

უცნაურია, მაგრამ ორივენი (ევროპიელი პერსონაჟები) მაინც ბედკრული საქართველოს შვილები არიან. ერთიც აქაურია და მეორეც. პირველი დიდი ხანია აქ აღარ ცხოვრობს და ოდენ ნახევარმეტაფორად იქცა, ხოლო მეორე, უჩინარი და პროზაული, ცოტა ხნის წინ საგანგებოდ გაქრა. 

ისედაც, დიდად არ იკლავდა თავს გამოჩენით, მაგრამ რაც დახარჯა, ხომ უნდა მიიღოს, გადათვალოს, შეამოწმოს. შთამაგონებელი პარკები, უსისტემოდ სისტემატიზებული ცხოველები და „თქვენს ეზოში გადარგული ხე ვიყო“ – უფრო წმინდა ბავშვობის მეტაფორაა და ფაქიზ ეგზისტენციას არ შევეხებით.

პირველი სულ იმუქრება, დღეს თუ არა ხვალ, ჩამოვალ და შეიძლება სხეულებრივადაცო (ცხადია, გოდოა და უფრო მეტაფიზიკა მოეთხოვება, ვიდრე ფიზიკურად გამოცხადება), მეორემ – დავიღალე, მაგრამ პრაგმატული გავხდიო; მაგრამ ბატონ ედიკივით, კრწანისივით მოკრძალებულ სახლში კი არ წავიდა, აჩრდილთა სამეფოში გადაინაცვლა. იქ თან გრილა და თან ბნელა. მოვლენების შორიდან დაკვირვებაც შეიძლება და უხიფათო ოფშორებში სახიფათო კავშირების შენარჩუნებაც. ისე, არც პირველია უხიფათო დღეში და მყიფე უკრაინულ მშვიდობას განსაკუთრებით უნდა უფრთხილდებოდეს, თორემ გოდოს მეტაფიზიკა და მოლოდინი კონრეტულ ფიზიკურ ცხაურებადაც შეიძლება იქცეს. 

მათი (ორთავესი) მეგობრები, მეგობრის მეგობრები, უსულგულოდ გამიჯნულები თუ ერთგულ სექტანტებად დარჩენილები, თანაბრად ცუდ დღეში არიან. როგორც პოეტი იტყოდა, „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ და კაცმა არ იცის, ეს სახსოვრები სინამდვილეში რამდენ დანაკარგებს ითვლის და გულისხმობს. მით უმეტს, შარლ მიშელებისა თუ მიშელ შარლების გახშირებული ვიზიტების ფონზე. მართალია, ფასილიტაციისა და მედიაციის ხიბლში ჩავარდნილმა ევროპიელებმა ჩვენზე უკეთ იციან გოდოს ამაო მოლოდინისა და გობსეკის უტლუვესად მარტივი ისტორიები, მაგრამ როგორღაც მაინც ჩვენს განათლებასა და თვალსაწიერის გაფართოებაზე ზრუნავენ. 

პანდემიის პირობებსა და პოლიტიკურ კრიზისში, გოდო-გობსეკის შინნახად ტყვეებს საკუთარი უსაფრთხოება უფრო ეძვირფასებათ, ვიდრე მიშელების ნასწავლის გადაფასება, თუმცა დღევანელი კვერცხი უფრო ძვირი ღირს, ვიდრე შეიძლება ხვალინდელი ქათამი ღირდეს. მით უმეტეს, როცა არ იცი, რა პოლიტიკური მომავალი გელოდება, რა მატრიცაში ჩაგსვამენ და რის ქმედება-მეტყველებას მოგისჯიან.

თანაც მომავალში საარჩევნოდ ბაზარი გაიზარდება, კიდევ უფრო აჭრელდება, გაფართოვდება. სადღაა მარტივად საამო ორპოლუსიანი ნაყინი: მხოლოდ ვანილით და შოკოლადით! ცხოვრება გაძვირდა, გართულდა და უცნობ გემოებად დაიშალა. ადრე ვიცოდით დანაწევრებული გოდოს ერთგული მოწაფეების შესახებ, ევროპიელების მზარდად ამაყი ესთეტიკაც, სტატეგიულად აღმაშენებლები, გირჩები წიწვებით და მხოლოდ შიშველი გირჩები, ყვითელი ლელოს ინდუსტრია, წითელი ირმას ნახტომი, თავისებურად ამაყი წოწია ნინა, ალეკოს მოქალაქეობრივი სინდისი, ბიძია შალვას მხიარული ქოხი… ახლა რამდენი ასეთი გაჩნდება?

გაბაზრებული და გაბრაზებული გობსეკის ფლანგზეც რამდენი რამ მოხდა: მთლად გამიჯნულ თვალთხარიას „თეთრი“ ამბოხი სათავისოდ, კალას მიძინებული კაპიტალი, ადრე გამიჯნულები, რომლებსაც აღარ თვლიან არც ახლებად და არც ძველებად… ობლად დარჩენილ და გადარჩენილ გობსეკის ტყვეებს მხოლოდ შემოდგომის იმედი აქვთ. არადა, რა თბილად და რბილად იყვნენ, ვიდრე ყველაფერი გარკვეული და ცხადი იყო, ვიდრე გოდოც და გობსეკიც თავიანთ ტყვეებს თავისუფალი ცურვა შესაძებლობას გამოუცხადებდათ. 

ჰოდა, მოვიდა მრავალფეროვანი ევროპა და ჩამოწვა კიდეც ჟანრის ტოტალური კრიზისი – ყველა ყველას წინააღმდეგ! განსმდგომი ქალები, რეცესიაში შესული მრეწველი კაცები, უხმო მეაბოხეები, თითქმის ნევროზული ნეოკონები, კაპიტალიზმზე გაბრაზებული სოციალისტები, ეული მეოცნებენი, პენსიონერების პროცენტებზე მზრუნველები, უბრალოდ ვოლსკი და მეტი ვერაფერი. მაგრამ ამ დაშლილ და დაჟანგებულ ჟანრებს ვეღარაფერი გაამთლიანებს, ვერც გოდოს ასტრალური მეტაფიზიკა და ვერც გობსეკის წვრილმანი ანგარიშობანი. როგორც ისევ ბეკეტი იტყოდა ეს უფრო „თამაშის დასასრულია“, მაგრამ ახლის დაწყებამდე.