გვიან საკითხავი

ნიკა ნანუაშვილი

ბეჭდების საძმოს მთელი ეპოპეიდან ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ალბათ პელენორის ბრძოლაა, თავისი მასშტაბით, პერსონაჟებით, დეტალებით და დიდებული ენდშპილით – როჰანის კავალერიის სახით, რომელიც ყველაზე კრიტიკულ მომენტში  მოულოდნელად, მზესთან ერთად ამოიწვერება მთის ფერდობიდან და წაგებული ბრძოლის ბედს წყვეტს.

რაღაცნაირი, ჟრუანტელის მომგვრელი სანახაობაა, მით უმეტეს თუ პირველად უყურებ ამ ყველაფერს.

იკითხავთ ალბათ, საიდან, რატომ გამახსენდა…

– საიდან და იმ ყოველდღიური რეალობიდან, როდესაც ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვმარცხდებით სიღარიბესთან, პამდემიასთან, ოკუპაციასთან და კიდევ არაერთ დიდ თუ პატარა პრობლემასთან ბრძოლაში, კავალერია კი არ ჩანს

და არც გამოჩნდება.

დიახ, არავინ მოვა! აზრი არ აქვს სივრცეში ყურებას, მზე მარტო ამოვა და მარტო ჩავა, ისე, როგორც ეს ხდებოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში და ამას დამატებული კიდევ ერთი, ყველაზე მძიმე წელი, ალბათ ყველანაირ ომზე, შიდა თუ გარე დაპირისპირებაზე, საგარეო შოკებზე და საშინაო სიბრიყვეებზე მეტად დამანგრეველი  – პანდემიის 365 დღე (და არა მეტი – იმედია), მისგან გამომდინარე გრძელვადიანი ეკონომიკური (და არა მხოლოდ) შედეგებით.

ზღაპარი ლამაზია, მაგრამ რეალობაში არ მჯერა მე მაგ კავალერიის ამბების, და იმასაც ვნანობ, თუკი ოდესმე მჯეროდა.

არც იმის მჯერა, რომ ეს ბლოგი რომელიმე წინაზე რაიმეთი უკეთესი გამოვა, მაგრამ უნდა ვცადო და უნდა ვცადოთ; რაღაცნაირად ამ მძიმე სტატუს-ქვოსა და პერსპექტივის ფონზეც კი ნათელი წერტილებია მოსაძებნი, ასეთი წერტილების გარშემო პოზიტიური მუხტის ჩხიკინი, იდეების ხლართვა და მერე ვინ იცის, ან ვინ დაგვიშლის…

რამდენიმე თვის წინ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი გავიცანი, აი ჩემნაირი, თქვენნაირი, ჩვენ რომ ბევრს ვიცნობთ – იმათნაირი, თავისი პრობლემებით, იდეებით, შეხედულებებით (რომელთაც შეიძლება ბოლომდე არ იზიარებდე), გეგმებით და ხვალინდელი დღის ხედვით.

არაფერი განსაკუთრებული, პატარა პროფესიული რჩევა სჭირდებოდა და აბა ეგ რა სათქმელია, როგორ დავამადლიდი; ხოდა გასულ კვირას შემეხმიანა, ის გეგმები, იდეები და ის პროფესიული რჩევაც თავის პატარა საქმედ გადაექცია და ჩემ წილ მადლობასთან ერთად ეგ ამბავი მომახარა, ამ ქვეყნის მცირე მასშტაბისთვისაც კი წერტილივით პატარა საწარმო აუმუშავებია და სამი კაცი აუყვანია სამსახურში.

დიდი ამბავი! შეიძლება ვინმემ თქვას და მართალიც იქნება – სადმე შემაღლებულზე თუ ავბობღდებით და იქიდან გადმოვხედავთ ქვეყანას, მართლაც რომ ვერაფერი დიდი ამბავი ეს ვერაა, ან რა მოსაყოლია, ან რა სადღესასწაულოა?!

არადა, არის! მოსაყოლიცაა და სადღესასწაულოც, როდესაც ვიღაც აქ, ამ ქვეყანაში, ამ წერტილოვანი, ნაწილობრივი, მიზნობრივი თუ კიდევ რაღაცნაირი ლოქდაუნის და გაურკვეველი მომავლის პირობებში პატარა აგურს დებს, თავისი პირადი დანაზოგითა თუ პირადი ქონებით რისკავს, თუნდაც პატარა საქმეს იწყებს და, საკუთარის გარდა, კიდევ სამ ოჯახს, არცთუ დიდი, მაგრამ სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფს.

ზოგადად მე სკეპტიკურად ვუყურებ იმ ამბავს, რომ დიდ ქარხნებს ავაშენებთ, სადაც ადამიანები დასაქმდებიან და ბედნიერები იქნებიან – არ გამოდის ეგრე და რომც გამოვიდეს, საშუალო ფენის ფორმირება ამ გზით მეტისმეტად საეჭვოა.

განვითარებული ქვეყნების უდიდეს ნაწილში, მცირე და საშუალო ბიზნესზე მთლიანად ბიზნესკომპანიების 99% მოდის და სწორედ ამ ტიპის ბიზნესია საშუალო ფენის მთავარი „გენერატორი“.

ეს საშუალო ფენა კიდევ ისეთი რამეა, ქვეყნის განვითარება მის გარეშე რომ არ იქნება; რაც უფრო დიდია ეს ფენა, მით უფრო სტაბილურია ქვეყანა ეკონომიკურადაც და პოლიტიკურადაც, ამ ფენაზეა გათვლილი დიდი ქვეყნების დიდი პოლიტიკაც.

ცოტა უკან რომ მივიხედოთ, ათწლეულების განმავლობაში ქართული პოლიტიკა ხომ ძირითადად და დიდწილად პენსიების ზრდის, იაფი დენისა და უფასო „პურის“ გარშემო ტრიალებდა – წარუმატებლად.

შედარებისათვის, აშშ-ში, სადაც მოსახლეობის 60%-ს სწორედ საშუალო ფენა შეადგენს, სულ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტად აირჩიეს „Middle-Class Joe”. ბაიდენმა სწორედ განსაზღვრა აუდიტორია, მისი საჭიროებები და საჯარო გამოსვლა არ გამოუტოვებია, სადაც თავის ამ მეტსახელს არ ახსენებდა კონკრეტული, ასევე საშუალო ფენის საჭიროებებზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის დეტალებთან ერთად.  ამ სტრატეგიამ იმუშავა.

ჩვენთან აუდიტორია სხვაა, პოლიტიკურ სლოგანებში ბოლო დრომდე კვლავ დომინირებდა სიტყვები „იაფი“ და „უფასო“, რაც ალბათ ყველაზე უკეთ ასახავს რეალობას, თუმცა არც ისეა საქმე, რომ ბიზნესს და მის საჭიროებებს საერთოდ არავინ ახსენებდეს – არიან ასეთებიც, მაგრამ მეტია საჭირო.

ორიოდ წლის წინ საზოგადოების და პოლიტიკური ესტაბლიშმენტის გარკვეულ ნაწილში აქტიურად განიხილებოდა, ე.წ. პროგრესული გადასახადის შემოღება და „მდიდრების“ მეტად დაბეგვრის საკითხი. სწორედ მაშინ დავინტერესდი ამ ქვეყანაში იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც მდიდრებად მოიაზრებოდნენ  – ასეთი ადამიანი (წლიური შემოსავლით 40 000-დან 100 000 ლარამდე და 100 000 ლარს ზემოთ) ქვეყანაში სულ რაღაც 45 000 შეადგენს, ანუ მთელი მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 1%-ს – ესაა ჩვენი საშუალო ფენა და ამას დამატებული რამდენიმე ათეული მართლა მდიდარი.

როდესაც ქვეყანაში საშუალო ფენა ასეთი მცირეა და უმეტესობა ღარიბები ვართ, იქ ბუნებრივად ნოყიერი ნიადაგია სხვადასხვა ჯურის, უნიადაგო და უსაფუძვლო სოციალური პოპულიზმისათვის. აი, მაგალითად, ისეთისათვის, როგორიცაა მინიმალური ხელფასის შემოღება ან უმუშევრობის შემწეობის დაწესება, რაც რეალურად სხვა არაფერია, თუ არა ღარიბი ადამიანების მყარად მიბმა ფიზიკურ და მენტალურ სიღარიბეზე.

ტყუილია, რომ ვიღაც რაღაც კანონს შეცვლის, ბრძანებას დაწერს, რის შემდეგაც პატრონი ან მშველელი გამოგვიჩნდება და სიღარიბიდან ამოვალთ  – დროა ამაზე შევთანხმდეთ.

უმუშევრობა არის უბედურება და მას ვერც შემწეობა „განკურნავს” და ვერც სოციალური პაკეტი. უმუშევრობის შემწეობაც, დახმარებაც და დაცვაც არის დამსაქმება. მეტი, მეტი და მეტი სამუშაო ადგილი, გარემო, სადაც 1 დასაქმებულზე მინიმუმ 1.1 სამუშაო ადგილი მოდის და შრომის ბაზარზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს. –  აი ესაა რეალური „უმუშევრობის შემწეობაც“ და მინიმალური ხელფასის მაქსიმუმიც!

შემწეობით ბედნიერი უმუშევარი ან მინიმალური ხელფასით კმაყოფილი დასაქმებული არ მინახავს მე. ბოლო-ბოლო არც ქარხნის, მაღაროს თუ მშენებლობის მუშა მინახავს ძალიან ბედნიერი.

ცოდნაზე და ინოვაციებზე დაფუძნებული ეკონომიკა, ინიციატივა, იყო და არის ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანების თვითრეალიზაციის, მეტი შემოსავლისა და ბედნიერების მთავარი წყარო – ასეთ ეკონომიკას კიდევ, თავის სამუშაო ადგილებთან ერთად, ისეთი ადამიანები ქმნიან, ზემოთ რომ ვახსენე, არაფრის წინაშე რომ არ ჩერდებიან და რისკავენ, რაღაც ახალს იგონებენ ან ძველს აუმჯობესებენ და მაინც წინ მიდიან, აშენებენ.

ეგეთი ხალხია ამ და სხვა ქვეყნის კავალერიაცა და გვარდიაც.

ჩვენ სხვა დღის წესრიგი გვჭირდება და სხვანაირად გვჭირდება ამ ხალხის როლის გააზრება.

ჯერ გააზრება, და მერე უკვე ტექნიკური დეტალები, თორემ სხვანაირად, ის ყოველდღიური, წვრილმანი ოფიციალური თუ საყოფაცხოვრებო ბიუროკრატია კიდევ დიდხანს იქნება „ორი სათაურივით“. ეს ჩემი, ბიზნესში ახალფეხადგმული ნაცნობი კიდევ – ჯონ ტრავოლტას გმირივით, ხელებგაშლილი, დაბნეული და აქეთ-იქით მოცქერალი რეგულაციების, ბიუროკრატიისა თუ „გულშემატკივარი“ თანამოქალაქეებით გარშემორტყმული.

არ გვიყვარს ჩვენ ზოგადად ბიზნესი.

არც არასოდეს გვიყვარდა, სულ მცირე რუსთველის ეპოქიდან მოყოლებული მაინც და იმის მიღმა კიდევ ვინ იცის, ან ვის უძებნია.

მთელი რიგი ობიექტური თუ სუბიექტური გარემოებები განაპირობებს ამას და როდესაც ბიზნესზე ვსაუბრობთ, თვალწინ მაინცადამაინც რომელიმე გიგანტი კომპანია წარმოგვიდგება.

არადა, არაა ასე.

ამ ქვეყანაში ორასი ათასამდე კომპანიაა და მათგან დიდი ბიზნესი ორ ასეულამდე თუ იქნება, ისინი გაუძლებენ პანდემიასაც, კრიზისსაც, ჩვენ „არსიყვარულსაც“ და კიდევ ბევრ სხვა რამეს გაუძლებენ.

ჩვენი „სიყვარული“, გააზრება და გადააზრება იმ ჩემს ნაცნობს და მაგისნაირებს სჭირდებათ, დიდით რომ გარისკეს პატარა საქმის დასაწყებად, სახელმწიფოს და გადასახადის გადამხდელებს რომ არ ჩამოეკიდნენ კისერზე და პირიქით, იმ კისერზე ჩამოკიდებულ ორიოდ ოჯახს მაინც დამოუკიდებელი საარსებო სახსარი გაუჩინეს.

მე და თქვენ გვჭირდება ეს გააზრება და გადააზრება, რათა დიდი ხნის ნაფიქრალი ბოლო-ბოლო რომ გავრისკოთ, და საქმედ ვაქციოთ.

მეც ვიცი, რომ ადვილი არაა.

დიდი სიამოვნებით გაგიზიარებდით ჩემი ბიზნესის წარმატების ან წარუმატებლობის ამბავს მაინც, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ამბავი არ მაქვს. როგორც უმრავლესობას ამ ქვეყანაში, მეც რაღაც მაკლდებოდა ყოველთვის, ხან იდეა, ხან გამბედაობა, ხან რა და ხანაც რა

მიზეზებს რა დალევს, მაგათ მოფიქრებაზე უკეთ არაფერი გვეხერხება.

დღეს უკვე საქვეყნოდ ცნობილი UBER პირველ ნაბიჯებს რომ დგამდა, მსოფლიოში ნამდვილად არ იყო ტაქსების დეფიციტი და კომპანია ისე გარდაიქმნა ტრანსნაციონალურ გიგანტად, რომ საკუთრებაში არცერთი ტაქსი არ ჰყოლია.

Airbnb ყველამ ვიცით და სანამ პანდემია ფარდას ჩამოგვაფარებდა, ბევრს გვიპოვია მისი დახმარებით უცხო ქვეყანაში მოგზაურობისას თავზე ჭერი – თავად Airbnb კი არცერთ სასტუმროს, ჰოსტელს თუ ბინას არ ფლობს (ბოლო დრომდე მაინც, ასე იყო).

ჯეფ ბეზოსს კომპიუტერის და, იდეის გარდა, არაფერი გააჩნდა, როდესაც Amazon „დაიწყო“.

არაფერს ეს ისტორიები არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ მილიონიდან ერთი იდეა მაინც შეიძლება იქცეს „ოქროს იდეად“, რამდენიმე ათეული  – უბრალოდ წარმატებულ მცირე ან საშუალო ბიზნესად, დანარჩენები კი გავგრძელებთ ცდას და ძიებას.

დიდ კრიზისებს დიდი შესაძლებლობები მოსდევს.

სამყარო სწრაფად იცვლება და ბევრად ხელმისაწვდომი ხდება, ადამიანების საჭიროებებიც სწრაფად ტრანსფორმირდება და ის, ვინც ამას პირველი იაზრებს, წინა რიგებშიც ის იკავებს ადგილს.

იქნებ არაა გვიან, არც ბრძოლაა წაგებული და ის კავალერიაც, ვინ იცის, ეგებ ჩვენი თაობაა…
___________________________

ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი