ის, რაც ლექსომ ჩემთვის გააკეთა

ზურა ვარდიაშვილი

ლექსო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. 4 ტელევიზიის გაერთიანებულ ეთერში ათობით ჟურნალისტმა მოვიყარეთ თავი. მათი უმრავლესობა ნაცემი, დაკბენილი, ხელმოტეხილი, თავგატეხილი, ნაფურთხები და ნაგინები იყო. იმ დღის შოკი ჯერ არ განელებულიყო, ბოლომდე არც გვქონდა გაანალიზებული, რა მოხდა, რა რეალობაში შევაბიჯეთ ივლისის იმ დღეს.

გადაცემის შემდეგ სახლში ტაქსით წავედი. სატელევიზიო სტუდიასთან ხალხმრავლობით დაინტერესებულმა მძღოლმა მკითხა, რა თავყრილობა იყო, საიდან მოვდიოდი. მოკლედ მოვუყევი. „ძალადობას არ ვემხრობი, მაგრამ… – დაიწყო შუახნის კაცმა – ეს ჟურნალისტებიც ბევრს აშავებენ, იწვევენ ხალხს…“ დასტრესილი და დაღლილი ვიყავი და კამათის თავი არ მქონდა. მინდოდა, მალე გაჩუმებულიყო, ამიტომ არაფერი ვუპასუხე.

მეორე დილას სკოლის მეგობარმა დამირეკა – „ჰა, ისევ იმნაირებს იცავ, თუ გცალია დღეს, საღამოს“ – მეხუმრა, თავისი აზრით. არც მასთან კამათის თავი აღმომაჩნდა, თანაც ვიცოდი, სადამდეც მიგვიყვანდა ეს და არაფერი ვუთხარი, ურთიერთობის გაფუჭებას მოვერიდე. 

მეორე დღეს სამსახურამდე გზაში მესენჯერს გადავხედე. ჩემი ნათესავის მონაწერი წავიკითხე, სადაც მსაყვედურობდა, რომ სასულიერო პირებს ვაკრიტიკებდი. ვცადე, ახსნა, თუ რა ჯოჯოხეთი დაატრიალეს მისმა მღვდლებმა, ეპისკოპოსებმა, პატრიარქმა… მერე ვიგრძენი, რომ კამათი იძაბებოდა და გავჩერდი. „რატომ ვაწყენინო“ – გავიფიქრე.

მერე იყო ისევ აქცია, ისევ პოლიციის კორდონები, ისევ ქვებისა და ბოთლების წვიმა, ისევ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად მუშაობა. 

დედაჩემმა დამირეკა, ღელავდა. მოვატყუე, რომ ოფისიდან არ გავდიოდი და არაფერი მემუქრებოდა. 

მერე პოლიტიკოსების განცხადებები… ელჩების წერილები… პროტესტი… ჩვეულებრივი რეჟიმი, მოკლედ, რასაც მგონი, უკვე მივეჩვიეთ და სხვაგვარად დღის წესრიგი ვეღარც წარმოგვიდგენია. 

პარასკევს ოჯახთან ერთად რაჭაში წავედი, ვფიქრობდი, ორი დღით მაინც მოვშორებოდი ტოქსიკურ გარემოს, დასვენებისა და ფიქრის შესაძლებლობა მქონოდა.  დილით მეუღლემ გამაღვიძა – „ის ბიჭი დაიღუპა – აკანკალებული ხმით მითხრა – ოპერატორი, 5 ივლისს რომ სცემეს“.

გლოვა, სასოწარკვეთა, მრისხანება, წყენა, სიბრალული, ბრაზი… არა, თავს ვერ მოვიტყუებთ, მე ვეღარ ვფიქრობდი ჟურნალისტის პროფესიაზე, „ბალანსზე“, ნეიტრალურობაზე, სიმშვიდეზე… იმ დღეებში ყველა ჟურნალისტი მუშაობდა თვალებზე ცრემლებით, ცრემლებით ლექსოს გამო, მისი დედის გამო, მისი მეგობრების გამო, ცრემლებით  – სიბრაზის გამო. 

მერე რაც მოხდა და რაც ხდება,  ყველამ იცის, ლექსოს სიკვდილმა დაასრულა ქვეყნის ისტორიის რაღაც ეტაპი და დაიწყო სხვა. რა არის ეს სხვა, ჯერ სახელს ვერ ვუძებნი. 

ფაქტების ჩვენების გარდა, ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქციაა, იდენტიფიცირება გაუკეთოს პრობლემის მიზეზებს და მიუთითოს პასუხისმგებლები. აქ ბევრი შრომა საჭიროა არაა, პასუხი ნათელია. ჩვენი სიცოცხლისა და თავისუფლების გადაყლაპვით  ორთავიანი გველეშაპი გვემუქრება, ხელისუფლებისა და საპატრიარქოდ წოდებული ბანდის სახით, რომელთა უკანაც ცხადად ილანდება ასევე ორთავიანი მტაცებლის გერბი. 

და ის, რაც ზუსტად ვიცი – სამუდამოდ შეიცვალა ჩემი მსუბუქად კონფორმისტული დამოკიდებულება უცნობებისადმიც, მეგობრებისადმიც, ნათესავებისადმიც – აღარასოდეს მოვითმენ უმცირეს ცინიზმსაც კი, უმცირეს უსამართლობას, ბოროტებას და ტვინამორეცხილობას არავითარი ურთიერთობის გაფუჭების რიდით, არავითარი წყენინების შიშით, არავითარი დაღლილობისა და სტრესის მიზეზით. ყველგან და ყოველთვის დავარქმევ ყველაფერს საკუთარ სახელს. 

მხოლოდ საჯაროდ სამოქალაქო პოზიციების დაფიქსირება, მხოლოდ ჟურნალისტური პროდუქციის მომზადება საკმარისი არ არის.  ამავდროულად საახლობლო წრეში ყურების დახშობა და თვალების დახუჭვა, თუნდაც ამ ახლობლების უპირობო სიყვარულის გამო, პრაქტიკულად, აუფასურებს საჯარო საქმიანობით მიღწეულ შედეგებს. 

ხშირად ვიმეორებთ, რომ ყველამ ვიცით, ჩვენ გარშემო ადამიანთა მნიშვნელოვანი ნაწილი ჰომოფობიურად, ეკლესიად წოდებული ბანდიტების ხროვის მიმართ მოკრძალებით, თავისუფალი სიტყვის მიმართ ანტიპათიით არის განწყობილი და ეს გაგრძელდება კიდევ და კიდევ, სანამ ჩვენ ჩვენ გარშემო მოვითმენთ ამას, სხვადასხვა მიზეზით, თუნდაც იმით, რაც ჩამოვთვალე. 

მე, პირადად, პირველ რიგში სწორედ ჩემ გარშემო სოციუმში არ მოვერიდები, სარკე ავაფარო თვალებზე ყველას, სადაც მათ საკუთარ თავთან ერთად სახისძვლებჩამსხვრეული ლექსოც უნდა დაინახონ და იგრძნონ პირადად თავიანთი პასუხისმგებლობა.

ბოდიში, რომ შენი სიცოცხლე ვერ დავიცავით. 

მადლობა, რომ უკომპრომისო ბრძოლისკენ გზა გვიჩვენე, ძმაო.