მოლდოვა, კიშინიოვი, 2022 წლის შემოდგომა

პუბლიკა

თამარ კიკაჩეიშვილი

ბოლო დროს, როცა დასავლეთ ევროპიდან ან სკანდინავიიდან ვბრუნდები, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ შანსები გავუშვით, იქ ვეღარ მივალთ. თუმცა ახლა, აღმოსავლეთ ევროპაზე უფრო მეტად კი, „პოსტსაბჭოთა“ (ვერ ვიტან ამ ტერმინს) მოლდოვაზე მინდა მოგიყვეთ. მოლდოვა – ქვეყანა, რომელიც საქართველო-უკრაინასთან ერთად ტრიოში მოიაზრებოდა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. როგორც გვახსოვს მოლდოვამ და უკრაინამ სტატუსი მიიღეს, საქართველომ – ვერა. 

აეროპორტიდან გრძნობ, რომ აქ ცვლილებების დრო დადგა. ადრე თუ მოლდოვის აეროპორტი საბჭოთა „ფლეშ-ბექებს” იწვევდა, ახლა მესაზღვრე გიღიმის და ინგლისურად გეკითხება, რა მიზნით ჩამოხვედი აქ. ჩემი მიზანი მარტივია, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და რამდენიმე საერთაშორისო მისიას უნდა შეხვდე. 

აეროპორტიდან ტაქსით კიშინიოვის ცენტრამდე დაახლოებით 25 წუთის გზაა. პარლამენტის მიმდებარედ აქციაა. ფერად-ფერადი კარვებით და ზუსტად იმ მესიჯებით, რომლებითაც საქართველოშიც აშინებენ საზოგადოებას თავისუფლებისა და ევროინტეგრაციის პატარა ამბიციის გაჩენისთანავე. დიახ,  „აბა ომი გინდათ?“ აქ ითარგმნება, როგორც – „აბა რას იზამთ, ხვალ რომ ომი იყოს?“. ასევე გვხვდება ბანერები, რომ მათი დედაქალაქი „ვაშინგტონი არ არის“, ჩვენ ეს არ გვაქვს. არასამთავრობო სექტორს ვხვდები, ადამიანის უფლებებსა და მედიის განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციებს. 

„პრორუსული ძალების მიერ ორგანიზებული აქციებია მაია სანდუს წინააღმდეგ“,  მიხსნიან. ყველაფერი გასაგებია, ეს მესიჯები იმდენად ერთნაირია, აქციებზე გამოტანილი ხატები, ანტიდასავლური ნარატივი, ადამიანებში დასავლეთის მიმართ შიშის გამოწვევაზე მუშაობს.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს თითო შტოს თითო ოლიგარქი აჯდა, მიუხედავად იმისა, რომ მოლდოვაში მედიის დიდი ნაწილი პროკრემლის მესიჯებით იყო გაჟღენთილი, პროდასავლურმა ხელისუფლებამ და ქვეყნის პირველმა ქალმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, შეძლეს პროდასავლური კურსის დაჭერა.

მარიან ოლარი მოლდოვის თავისუფალი მედიის სახლის (IMH) პრეზიდენტია. რუსული რბილი ძალის, კანდიდატის სტატუსსა და მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოების პასუხზე მას ვესაუბრე:

რა მდგომარეობაა მოლდოვაში მედიის თავისუფლების მხრივ? 

მოლდოვაში მედიაგარემო ცვლილებების პროცესშია, რასაც ქვეყანაში არსებული დემოკრატიული პროცესები განაპირობებს. თუმცა, თავისუფალი მედია კვლავ გამოწვევების წინაშე დგას, რადგან  რუსეთის პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული საინფორმაციო კამპანია პროდასავლური ვექტორისა და მასთან დაკავშირებული რეფორმების დისკრედიტაციას ცდილობს. მედიის თავისუფლების მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია 2022 წელს, მაგრამ პრორუსული მედია კვლავ აკონტროლებს სარეკლამო ბაზარს. ეს მედიის ფინანსური მდგრადობისთვის დიდი გამოწვევაა, განსაკუთრებით თავისუფალი მედიისთვის, რომელსაც ძალიან უჭირს ამ პირობებში ოპერირება და საჭიროებს დონორების დახმარებას. გრძელვადიან პერსპექტივაში მედიის თავისუფლება მჭიდრო კავშირშია ფინანსური თავისუფლების შესაძლებლობასთან. 

რა გავლენა აქვს რუსულ პროპაგანდას და რას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება, რომ ეს გავლენები შემცირდეს? 

რუსული პროპაგანდა მოლდოვის მოსახლეობისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომია. რუსული მედია ფაქტობრივად სატელევიზიო ბაზრის აუდიტორიის ნახევარს ფლობს. ონლაინ დეზინფორმაციის კამპანიები მიდის სოციალურ მედიაში, ტელეგრამის არხებზე, Google Ads-ზე, რომელიც შეუზღუდავი პროპაგანდის გავრცელების საშუალებას იძლევა. მოლდოვის პარლამენტმა გაზარდა ჯარიმები და აუდიო ვიზუალურმა საბჭომ დაიწყო პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონმდებლობის გაძლიერება. მედიაზე მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები ასევე ჩართული არიან ფაქტების გადამოწმების კამპანიებში და დაიწყეს დიალოგი ისეთ ტექგიგანტებთან, როგორიც არის – Meta (Facebook), რათა ეფექტიანად იმუშაონ დეზინფორმაციის, deep-fake-ების წინააღმდეგ.  ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ მოლდოვა ჯერ კიდევ საკმაოდ მგრძნობიარეა რუსული პროპაგანდის მიმართ, რადგან სისტემური საკითხები გავლენას ახდენს მედიასა და სარეკლამო ბაზარზე, რასაც ასევე ემატება სუსტი ინსტიტუციური შესაძლებლობები და მოსახლეობაში მედიაწიგნიერების დაბალი დონე.

მედიის რა ნაწილია პრორუსული? 

ჩვენი დაახლოებითი შეფასება პრორუსული ტელევიზიების მიერ ბაზრის გაზიარებაზე ასახულია ამ გრაფიკაში. მათი აფილირება რუსეთის მთავრობასთან და მათ მოკავშირეებთან მოლდოვაში სხვადასხვა მედიის მონიტორინგის ანგარიშშიც აისახა. მედია საშუალებების უმრავლესობის მფლობელია გაზპრომი, ან რუსეთის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საბანკო ინსტიტუტები. მაგალითად, საგამოძიებო მედია პროექტმა Rise Project/OCCRP გამოიძია ფინანსები და ამ გამოძიებით დადგინდა, რომ Exclusiv Media (მედიის sales-house) ოფ შორში რეგისტრირებულ კომპანიისგან ფინანსდება. ეს კომპანია კი აფილირებულია დაკავებულ ექსპრეზიდენტ იგორ დოდონთან და რუსეთის მოკავშირეებთან. Nova TV მეორე sales house, რომელიც ემსახურება რუსულ ტელევიზიებს და ონლაინმედიას, მოლდოვაში აფლირებულია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. კონტენტი კი, რასაც პრორუსული ტელევიზიები ავრცელებენ ძირითადად არის გადმოთარგმნილი რუსული არხები (პირველი არხი, NTV, RTR და ა.შ.) და ისინი სარეკლამო ბაზრის დიდ წილსაც იღებენ. რუსეთის არაფორმალური სტრატეგია პოლიტიკურ მოკავშირეებს მათი მედიის გამოყენებისა და საკუთარ მედიებში პრორუსული დღის წესრიგის დაფინანსებისა და მათ ადგილობრივ დონეზე მონეტიზაციის ნებას აძლევს. 

როგორია საზოგადოებრივი აზრი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და ევროინტეგრაციის შესახებ? 

ბოლო კვლევების მიხედვით, მოლდოვის მოსახლეობის 60%-ზე მეტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც საკმაოდ ძლიერი ინდიკატორია. ჩემი მოლოდინია, რომ ომის ფონზე კიდევ გაიზრდება მხარდაჭერა. საკვანძოდ მნიშვნელოვანი იყო მოლდოვის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში თავისუფლად გასვლა, რამაც შეამცირა რუსეთის სამუშაო ბაზრის მიმზიდველობა, შეცვალა კურსი და აჩვენა, რომ დასავლური მოდელი ყველასთვის უკეთ მუშაობს. რუსეთის შეჭრა უკრაინაში კიდევ უფრო გაზრდის ამ განწყობებს, ჩემი აზრით. მთავარი გამოწვევა არის ის გარე და შიდა წნეხი, რომელიც პროდასავლურ მთავრობას აქვს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფასების ზრდა. 

როგორ მუშაობს რუსული რბილი ძალა მოლდოვაში? რა ძირითადი მესიჯებია?

რუსეთის რბილი ძალა მისი დღის წესრიგის წინ წასაწევად სხვადასხვა არხს იყენებს, დაწყებული გავლენიანი ბიზნესმენებითა და პოლიტიკოსებით, კულტურით, პროპაგანდისტული მედიით, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციით და დამთავრებული რუსული ეკლესიით; რუსეთის მხარდაჭერის მქონე ტრანსნისტრიის რეგიონი, მეთოთხმეტე არმია და დეპოზიტები, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არის, ასევე ენერგეტიკის მხრივ რუსეთზე დამოკიდებულობა. როგორც ვხედავთ რუსეთის რბილი ძალა ტანდემში მუშაობს მძიმე ძალასთან ერთად. პრორუსული ძალები,  ორგანიზებას უწევენ ანტიდასავლურ საპროტესტო აქციებს, სადაც იყენებენ ევროკავშირის საწინააღმდეგო, ჰომოფობიურ და შეურაცხმყოფელ სლოგანებს. ამ აქციებზე მანიპულირებენ საზოგადოების შეჭირვებული წევრებით, ან და განათლების დაბალი დონის მქონე მარგინალიზებული ჯგუფებით. 

არის თუ არა რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მჭიდრო თანამშრომლობა ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის? 

ძალიან საინტერესო ინიციატივები გვინახავს, სადაც სამოქალაქო სექტორი ჩართულია რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამჟამინდელი ხელისუფლება მჭიდროდაა დაკავშირებული სამოქალაქო საზოგადოებასთან და არის ღია თანამშრომლობისთვის. მეორე მხრივ, როგორც მედიაექსპერტები ამბობენ, პროცესი მაინც საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. სამოქალაქო სექტორისა და ხელისუფლების რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთი ნათელი მაგალითია საინფორმაციო უსაფრთხოების საკოორდინაციო საბჭო, სტრუქტურა, რომელიც ჩამოაყალიბა ხელისუფლებამ და სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტებმა 3 თვის წინ, მაგრამ სამუშაო შეხვედრა ჯერაც არ ჩანიშნულა. 

ჩემი შეფასებით ჩვენ ვართ დიალოგისა და თანამშრომლობის დასაწყისში სახელმწიფო ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და ამ პროცესს დიდი ძალისხმევა დასჭირდება რეალური შედეგის მისაღწევად. 

რა არის მოლდოვის საზოგადოებისთვის მთავარი გამოწვევა  და როგორია ხელისუფლების პასუხი მასზე? 

ჩვენი საზოგადოების მთავარი გამოწვევა არის შედეგი – ის გეოპოლიტიკური მოვლენები, რომლებიც სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ხდება: მიგრაციის კრიზისი, ენერგეტიკული ომი, რაც საგრძნობლად აზიანებს ჩვენს ბაზარს  გაზპრომზე დამოკიდებულების გამო;  ასევე – მოსკოვის პროპაგანდისტული დღის წესრიგი, რაც მოლდოვაში არეულობის შექმნას გულისხმობს. 


კიშინიოვის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან ნახევარი საათის სავალზეა. გზად ისევ გავდივარ, ვხედავ ფერად კარვებს, მათ წინ მსხდომ ადამიანებს, რომლებიც პრორუსულმა პროპაგანდამ  დასავლეთით დააშინა, რომლებსაც ალბათ მართლა სჯერათ, რომ ერთ დღეს ეს დასავლეთი „მეობას“ წაართმევს, რომლებსაც შესაძლოა ბოლომდე არ უნდა რუსეთი, მაგრამ „შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ“. ასეთი ადამიანები საქართველოშიც გვინახავს, თუმცა უფრო ნაკლები და უფრო ადრე. არ მტოვებს განცდა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად უმრავლესობა, საქართველოში დასავლეთს ირჩევს, მცირე პრორუსული ნაწილი კი ჩვეულებრივ დასაქმებულია ამ პროპაგანდის გასავრცელებლად (მაგ. ალტ-ინფო). პრორუსული აქციების, მესიჯების, პროპაგანდის, ეკონომიკური დამოკიდებულებისა და ყველა გამოწვევის მიუხედავად, მოლდოვამ ისტორიის ამ კონკრეტულ მომენტში სწორი პოზიციონირება შეძლო. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც მისია. გზა სწორია, წინ დიდი რეფორმები და უფრო დიდი გამოწვევებია. ჩემი ფრენა სამი საათით გადაიდო.