მოსმენა ოთხ ხელში

დავით ბუხრიკიძე

ჩვენი უცნაური საფორტეპიანო დროის დივების დაუსწრებელი და დრამატული დრაივი (აქ მგონი, რაღაც ალიტერაციაც გამოვიდა!) უფრო დაფარული თუ წაუხალისებელი ვნებების გამოძახილი მგონია, რაც ყოველგვარი ესთეტიკის მიღმაა და მაინც პრიმიტიულ ქოცურ-ნაცურ დიალექტიკამდე დაიყვანება. თუმცა საგულისხმოა, რომ ამ დაგვიანებით გაღვივებული ვნებების სააშკარაოზე გამოტანა მაინც რუსული მედიით, უფრო ზუსტად, ტელეარხ „კულტურის“ საშუალებით მოხერხდა.

სხვა საკითხია ჩვენი პოლარული და დაუნდობელი რეაქცია. ელისო ვირსალაძის ფრაზა – „უჟას“ – ხომ იქვე გულისხმობდა ახალგაზრდა კოლეგის ლოკალურ და გლობალურ შექებასაც. მაგრამ სწორედ ეს მოჭრილი თუ გამოჭრილი ფრაზა – „უჟასი“ აღმოჩნდა მთავარი მედიისა და საინფორმაციო სააგენტოებისთვის და არა ის, რაც ამ ყველაფრის მიღმა ითქვა და რაც ასე საინტერესო იყო ამ გადაცემაში.

სასაცილოა და თან სევდიანიც, რომ ამ შემთხვევაშიც მოვახერხეთ და  ბინარული, სასაცილო, ზომიერად პათოლოგიური და პოლიტიკური შეფერილობის შეფასებები გამოვაცხვეთ: ერთი მხრივ – „სავოკი, ბოღმა, ბაბაიაგა, შურიანი” და მეორე მხრივ – „ცარიელი ტექნიკა, ზედაპირულობა, მკერდი, კაბა, პიარი”… მოკლედ, ისევ ღრმა ჭაობში ვართ, ყოველგვარი პოლიტიკური და ესთეტიკური აკვიატებების გარეშეც და მათი დახმარებითაც.

შორიდან დავიწყოთ: კლასიკური მუსიკის შემსრულებელთა შორის, ალბათ ძნელად მოიძებნება ათწლეულობით გამყარებული სტერეოტიპების მსხვრევის უკეთესი მაგალითი, ვიდრე მარია კალასია. როდესაც 1952 წლის შემოდგომაზე მრავლის მნახველმა და განებივრებულმა მილანელებმა „ლა სკალას“ სცენაზე გამხდარი და გალამაზებული კალასი იხილეს, მათ გაოგნებას საზღვარი არ ჰქონდა. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ სცენაზე მდგომი დივა რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 104 კილოგრამს იწონიდა და საკმაოდ შეუხედავი იყო.

უმკაცრესი დიეტებით, დისციპლინითა და მუდმივი ვარჯიშით კალასმა საკუთარი სხეულიც დაახლოებით ისევე გაწვრთნა, როგორც დაუვიწყარი, ყველასგან გამორჩეული ხმა. ამავე დროს, ეს დიდ სასიყვარულო ისტორიასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც მან უდიდესი მსხვერპლი გაიღო.

ფაქტია, რომ დიდი ხნის  შემდეგ პიანისტმა ხატია ბუნიათიშვილმა რაღაც ამდაგვარი გაიმეორა და მოახერხა (რა ხერხებითა და საშუალებებით ეს ცალკე მსჯელობის საგანია). საფორტეპიანი მუსიკა გამოიტანა ათეული წლებით დაწერილი მითების ჩარჩოებიდან; კოჭებამდე შავი ხავერდის კაბების ესთეტიკიდან, ზედმეტად სერიოზული სახეებით მომზირალი პუბლიკის განწყობიდან, ყოველგვარ ირონიას მოკლებული შეფასებებიდან…  ამის გაკეთება თავის დროზე, 60-იან წლების ამერიკაში კომპოზიტორმა და დირიჟორმა, ლეონარდ ბერნსტაინმა სცადა. რომელმაც მარტივად, შედარებით მსუბუქად და გასაგები ენით სცადა კლასიკური მუსიკის ახსნა და მსმენელამდე მიტანა. თავისი მუსიკალური საღამოებითა და გადაცემებით.

ხატია ბუნიათიშვილის დაკვრის მანერა, ზუსტად გათვლილი ორიგინალობა, ოდნავ გამომწვევი ჩაცმულობა, მანერა და მაკიაჟი კარგა ხანია გასცდა შოპენის, რახმანინოვისა და ლისტის რომანტიკულ ფარგლებს და სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. თუმცა ბოლო ათწლეულში დამკვიდრებულ ამ „ლაივ-ესთეტიკ-სტაილს“ რამდენიმე მნიშვნელოვან საერთაშორისო კონკურსზე გავლითა და გამარჯვებით მიაღწია. ამის გარეშე წარმოუდგენელიცაა, რომ მაგალითად, უდიდესმა ჩამწერმა სტუდიამ „სონი კლასიკმა“ დიდი ხნით რომელიმე მუსიკოსთან  კონტრაქტი გააფორმოს.

პიანისტის მანერულობამ და გამორჩეულმა არტისტიზმმა გაგრძელება მის გამორჩეულ მაკიაჟში, გარდერობსა და 50-იანი წლების სექსუალურ იმიჯში ჰპოვა. როდესაც ხატია ბუნიათიშვილი სცენაზე გამოდის, გეგონებათ ლოლიტა ტორესის დრო გაცოცხლდა –  შემოტმასნილი და ზურგამოჭრილი კაბებით, წითელი პომადით, მაკიაჟით… და რა შთაგონებითაც არ უნდა უკრავდეს გრიგის ან შოპენის საფორტეპიანო კონცერტებს, ჯერ მაინც უცქერთ და მერე უსმენთ…

აკადემიური გამოცდილების მქონე „კლასიცისტებს“ ამგვარი პერფორმანსიდან დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ისევ ზუსტად ნაკვეთი,  სადა ტექნიკითა და კონცენტრირებით გამორჩეული ელისო ვირსალაძის მოსმენა ურჩევნიათ. ან თუნდაც,  ჭაღარათმიანი მარტა არგერიხისა… შესაძლოა, სპეციფიკური და დახვეწილი მანერის მქონე მიცუკო უშიდას დაკვრაც. არა იმიტომ, რომ ხატია მანერულია და ან ცუდად უკრავს, უბრალოდ, ფორტეპიანოსთან მას აშკარად სხვა ფლუიდები აქვს და სხვა ხატები ამოძრავებს. როგორც, მაგალითად, სადღაც ბერლინის ტყეში, სადაც რეზინის ბოტებსა და სარაფანში უკრავს შუბერტს (ეს უკვე გერმანულ-შვეიცარიული ტელეარხის, „3 სატის“ შემოქმედებითი ფანტაზიის ნაყოფია).

ამგვარი „მსხვერპლი” საფორტეპიანო მუსიკაში, წესით, სავალდებულო სულაც არ არის, თუმცა, როგორც ფაქტები მოწმობენ, ხაზგასმული ორიგინალურობა, ზოგჯერ ექსცენტრულობა და გამორჩეული სექსუალური იმიჯი საკონცერტო სცენასა და მის მიღმა წარმატების განუყოფელი ნაწილია. ტაბლოიდებმა, მუსიკის მენეჯერებმა, ჩამწერმა სტუდიებმა, სატელევიზიო რეკლამამ თუ ცნობილი ფილარმონიების დირექტორებმა თითქოს თავიანთი ხელით გამოძერწეს ახალი დროის კლასიკოს-შემსრულებელთა იმიჯი, რომლის მიღება იოლი სულაც არ აღმოჩნდა. ამგვარი მკაცრი „თამაშის წესების” მიღმა დარჩენილებმა კი მუსიკალური კარიერა შესაძლოა საერთოდ ვერც ააწყონ… რადგან დღეს თვალი ჭამს და თვალი სვამს. სხვა საკითხია, ეს შუბერტ-შუმან-შოპენს როგორ უხდება.

უცნობია და ძნელად შესაძლებელიც, რომ ოდესმე ელისო ვირსალაძემ და ხატია ბუნიათიშვილმა შუბერტის ცნობილი „ფანტაზია“ (F მინორი, D.940) ოთხ ხელში დაუკრან… თუმცა ძალიან ვისურვებდი. ისევე როგორც ვისურვებიდი, რადიკალური შეფასებების მიღმა გავიხედოთ და რადიკალურად განსხვავებული პიანისტების „მოსმენა“ ოთხ ხელში ვისწავლოთ.