ოპტიკური ილუზიის უჩინარი მსხვერპლი

ნიკა ნანუაშვილი

რატომ მაინცადამაინც ოპტიკური ილუზია? იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ებმის იმ ამბებს, რაზე მოყოლაც მინდა, თან მარტივი და გასაგებია.

ნებისმიერ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა, ვიყოთ გულახდილები და თითოეული ჩვენგანი ყოველდღე და ყველაფერში ცდილობს, მარტივი გზა ნახოს და იოლად გავიდეს ფონს სასურველი შედეგის მისაღწევად.

არაა ეს ცუდი.

ასე რომ არ ყოფილიყო, დღემდე კაცობრიობას არ გვექნებოდა ბორბალი და კიდევ ბევრი რამ. არადა, რა გენიალურად მარტივი გამოგონებაა! სიმარტივემ შეჩვევა იცის, განსაკუთრებით თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის ოკეანეში გვიწევს არსებობა და უბრალოდ რესურსი აღარ გვყოფნის ჩვენ გარშემო არსებული გიგაბაიტები ადეკვატურად გავაანალიზოთ და გამოვიყენოთ.

ჩაწერეთ გუგლში, მაგალითად, სიტყვა ქანჩი, და სოციალურ ქსელში შესვლისთანავე ბარე ათი დასპონსორებული გვერდი „ამოგიხტებათ“, რომელიც ქანჩის ყიდვას შემოგთავაზებთ ან ქანჩზე მოგიყვებათ.

ასე მუშაობს დღეს სისტემა – გვაძლევს იმ ინფორმაციას, რაც გვაინტერესებს და აღარ გვიწევს დამატებით ჩაღრმავება, ძიება და ანალიზი – ჩვენც და ჩვენს გარშემო სამყაროც მომართულნი ვართ გადაწყვეტილებების სწრაფად და მარტივად მისაღებად; იმის მისაღებად რაც გვსურს, ადვილია, რაც გვჯერა და რასაც აშკარად ვხედავთ.

ეს არც კარგია და არც ცუდი, ფაქტია ასეთი.

ფაქტები კი მრავალგვარია, კიდევ უფრო მრავალგვარია მათი ინტერპრეტაციის ვარიანტები და თანმდევი შედეგები.

დღეს ინფორმაციის წყაროების სიმრავლის, დივერსიფიკაციისა და სოციალური ინტერაქციის ელექტრონული საშულებების განვითარების კვალდაკვალ ჩვენ სულ უფრო მეტ „აშკარა“ ფაქტს ვხედავთ და სულ უფრო მეტ გადაწყვეტილებას ვიღებთ, მათ შორის უნებურად და ნაჩქარევად.

ის, რასაც ვხედავთ, სულ უფრო მეტად გვეხება და სულ უფრო მეტად მოითხოვს ჩვენგან ემპათიას, პოზიციის თუ რაღაცის შეცვლის სურვილის ალტერნატივების შესახებ მსჯელობას, მოკლედ – „რაღაცის გაკეთებას“.

მკვლელობები, თვითმკვლელობები, ძალადობა, ავტო და ბუნებრივი კატასროფები, სიღარიბე, პანდემია – სოციალურ ქსელებში და მის მიღმაც უამრავი ექსპერტი ვართ, ვისაც შეგვიძლია ამ ყველაფერზე ერთი შეხედვით ძალიან აშკარა, მარტივი, ლოგიკური მსჯელობები გავმართოთ, დამნაშავეები თუ პასუხისმგებელი სუბიექტებიც გამოვკვეთოთ და „გადაწყვეტილებებიც მივიღოთ“. ეს კი უკვე საზოგადოებრივი აზრია, რომელიც, არცთუ იშვიათად, პოლიტიკის ფორმირებას უწყობს ხელს.

რამდენიმე წლის წინ, საზოგადოებრივი აზრის (ყოველ შემთხვევაში „ხილული“ უმრავლესობის) აქტიური ზეწოლის თუ არა, მონაწილეობის შედეგად მაინც, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გაყიდვა აიკრძალა; „აშკარა“ საფუძველი უცხოელების, ძირითადად აზიელების მიერ ქართული მიწების „მასშტაბური“ შესყიდვის პროცესი იყო და ამ აკრძალვით, ქართული მიწა „დავიცავით“.

ცოტამ თუ იცის, რომ იმ დროისათვის უცხოელთა საკუთრებაში მეურნეობისათვის გამოსადეგი მიწის მინიმალური ნაწილი, მხოლოდ 5%-მდე იყო.

არ იკითხავთ, რა ბედი ეწია დანარჩენ 95%-ს? – გაუფასურდა, დაკრედიტების მიზნებისათვის უსარგებლო გახდა და ჯამში, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები (რასაც, როგორც წესი, ის ცოდნა და ტექნოლოგიები მოჰყვება, ასე ძალიან რომ გვაკლია) პრაქტიკულად განულდა. იმ პირობებში, როდესაც სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის მხრივ ერთ-ერთ ბოლო ადგილზე ვართ მსოფლიოში, ქვეყნიდან გავიდა რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია და ერთი იმდენმა შემოსვლა გადაიფიქრა.

ეგ არაფერი, ქვეყანა ხომ არ დაქცეულა ამით?!

ეგ ერთი ამბავი.
ახლა მეორე:

ორიოდ კვირის წინ შატილის გზაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა, რამაც 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ისე, რომ გამოძიება დაწყებულიც არ იყო, უცებ ვიპოვეთ „დამნაშავეები“ და უცებ გადავწყვიტეთ, რა უნდა გაკეთდეს – ვისაც ტურისტული სააგენტო აქვს, იაფიანი ტურების აკრძალვას ითხოვდა; ვისაც ჯიპები ჰყავს – ტურისტების სამარშუტო ტაქსებით გადაყვანის აკრძალვას; ვისაც სასტუმრო აქვს – ტურისტული სააგენტოების დარეგულირებას და ვისაც არცერთ საქმეში არ აქვს ინტერესი – როგორც ყოველთვის, სახელმწიფოს ადგა და გზებზე უსაფრთხოების პირობების გამკაცრება მოითხოვა (ოღონდ, ცოტას თუ გაახსენდა, რომ ამ უსაფრთხოების პირობების დაცვაზე ყველა ინდივიდუალურად და ერთად რომ ვართ პასუხისმგებლები).

ყველამ ვიცით, რომ რაღაცაა გასაკეთებელი, რაღაც შესაცვლელი, რაღაც დასარეგულირებელი, ოღონდ საკუთარ თავს პრობლემასთან იშვიათად ვაკავშირებთ, ეს ყველაფერი სხვებისთვის გვინდა.

ამასობაში, „პარალელურ საქართველოში“, სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში ბიჭი ითხოვდა, რამდენიმე წუთით ორი საბურავი მათხოვეთ, ტექდათვალიერებას გავატარებ მანქანას და დაგიბრუნებთო; ნუ მეტყვით, რომ ამგვარი ისტორია პირველად გესმით.

კიდევ ერთი ამბავი:

გეხსომებათ, ორიოდ წლის წინ თამბაქოს ნაწარმის შეზღუდვა რომ დაიწყო, აქციზი გაიზარდა, პროდუქცტი გაძვირდა და „ფარდები ჩამოაფარეს“.

ლოგიკურად, ამ ყველაფერს თამბაქოს მოხმარების შემცირება უნდა მოჰყოლოდა და მთელი ერი უფრო ჯანმრთელი უნდა ვყოფილიყავით, – მშვენიერია!

რეალურად კი, ის, რაც ლოგიკურად მიგვაჩნია, ყოველთვის არაა ლოგიკური. შეზღუდვებმა და ფასების ზრდამ მომხმარებელი აიძულა, ბევრად იაფფასიან და უხარისხო, ჯანმრთელობისათვის ბევრად მავნე თამბაქოს ნაწარმზე (თუთუნზე) გადასულიყო, კონტრაბანდამ წალეკა საზღვრები და ბიუჯეტსაც ასობით მილიონი ლარი დააკლდა.

სხვათა შორის, არც ამით დაქცეულა ქვეყანა.

გადაწყვეტილებები, ზომები, აკრძალვები თუ შეზღუდვები, რომლებიც ჩვენი აქტიური თუ პასიური მოთხოვნითა და რაღაცის შეცვლის სურვილით მიიღება, ყოველთვის ისე არ მუშაობს, როგორც გვგონია, მაგრამ ყოველთვის აქვს თავისი ფასი და ჰყავს თავისი მსხვერპლი, რასაც და ვისაც ჩვენ ყოველთვის ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლოა ბევრად მნიშვნელოვანი იყოს.

ბოლო ამბავი

მეორე მსოფლიო ომის დროს, მოკავშირეებს საფრენი აპარატების საკმაოდ დიდი დანაკარგი ჰქონდათ გერმანული ჰაერსაწინააღმდეგო ქვემეხების „დამსახურებით“ და ავიაკონსტრუქტორების პრიორიტეტულ ამოცანას ამ დანაკარგების შემცირება წარმოადგენდა. საბრძოლო გაფრენიდან დაბრუნებული ბომბდამშენების უდიდეს ნაწილს ფრთები, კუდის და ფუზელაჟის ცენტრალური ნაწილი ჭურვებისგან დაცხრილული ჰქონდათ. სამხედრო ხელმძღვანელობამ ერთი შეხედვით ძალიან აშკარა, მარტივი და ლოგიკური გადაწყვეტილება მიიღო – დამატებითი ჯავშნით აღეჭურვათ სწორედ ეს ნაწილები და ასეც იზამდნენ, რომ არა კოლუმბიის უნივერსიტეტის სტატისტიკური კვლევის ჯგუფი და მისი წევრი აბრაჰამ ვალდი.

ვალდი ერთადერთი იყო, ვინც ფაქტების სრულყოფილი ანალიზის მეშვეობით ლოგიკურ ხარვეზზე მიანიშნა და სამხედროები დაარწმუნა, არ დაყრდნობოდნენ მხოლოდ იმას, რასაც აშკარად ხედავდნენ – გადარჩენილ, დაზიანებულ საფრენ აპარატებს. ვალდის ლოგიკა, შეიძლება ნაკლებად აშკარა, მაგრამ ბევრად მარტივი იყო – დაზიანებები, რომლებიც ბაზაზე დაბრუნებულ საფრენ აპარატებს ჰქონდათ, მიუხედავად მათი თვალსაჩინოებისა და სიმრავლისა, სულაც არ იყო არსებითი და იძლეოდა საშუალებას, რომ ბომბდამშენს განეგრძო ფრენა და დაბრუნებულიყო „სახლში“. შესაბამისად, დამატებითი ჯავშნით ფიუზელაჟის სწორედ იმ ნაწილების აღჭურვა იყო საჭირო, რომლებიც შინ დაბრუნებულ საფრენ აპარატებს არ ჰქონდათ დაზიანებული. სწორედ ამ ნაწილებში  ჭურვის მოხვედრა იწვევდა თვითმფრინავის ჩამოვარდნას ან/და განადგურებას – ამან მოკავშირეთა ათასობით სამხედრო და საფრენი აპარატი გადაარჩინა დაღუპვას.

წარმოგიდგენიათ ალბათ, 80 წლის წინ, სამხედროებისა და ხილული ფაქტების წინააღმდეგ, საომარ საქმეში სრულიად გამოუცდელი მათემატიკოსისათვის რა „მარტივი“ იყო ამის გაკეთება.

ეს ისტორია Survivorship Bias-ის  მხოლოდ ერთი მაგალითია (მისი შებრუნებული მაგალითებიც არაერთია – როდესაც მხოლოდ ხილული დანაკარგების მიხედვით მიიღება გადაწყვეტილებები და არა „გადარჩენილების“) და ალბათ საუკეთესოდ ასახავს იმ შეცდომას, რომელსაც ხშირად უშვებს უმრავლესობა.

ძალიან მაგარი, გენიალური ამბავია!

ყველა ამ ამბავშვი იგივე  უმრავლესობა იმას დავინახავთ, რაც „გემარტივება“, რისიც უფრო გვჯერა, ამიტომ არც დასკვნაა საჭირო და არც ეპილოგი, წერტილიც საკმარისია.

ბლოგპოსტების სერიას წარმოგიდგენთ სინერჯი კაპიტალი.