პანდევი, პანდემია და პარტიული პარანოია...

დავით ბუხრიკიძე

აღარ შეგაწუხებთ ათწლეულების განმავლობაში მტანჯველ არქეტიპად ჩამოყალიბებული საფეხბურთო ტრავმების აღწერით (ნუ, ვიღაცებს არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რომ ფეხბურთში უშნოდ გაფლანგული ასობით მილიონი ძალოსნებს, მოჭიდავეებს და რაგბს უნდა გადავუსხათ. თუმცა, ეს სხვა ოპერის ლიბრეტოა). არც გუშინდელი მატჩის ანატომიური განზომილება მაინტერესებს.  მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც 38 წლის პანდევმა ამ პანდემიის ჟამს დაგვმართა და ამის კოხტად აღმწერლებიც ბლომად მოიძებნებიან საქართველოში.

ამჯერად სხვა რამ მაინტერესებს: ქვეცნობიერის რომელი ჯურღმულებიდან მოედინება პარტიულ კლანად ჩამოყალიბების ეს მუდმივი, დაუოკებელი სურვილი და ყველაფრის მიღწევის შემდგომ, სად გადის პრივილეგიებით სარგებლობის საზღვარი?

რით აიხსენება გარემოს, ხალხის განწყობისა და სოციალური კონტექსტის ეს უვიცობა? მით უმეტეს, როცა მანტრასავით სულ იმეორებ, ჩვენ ადამიანებზე ორიენტირებული ვართო.

მაგრამ ძალაუფლება იმდენად გაგიტკბათ, რომ არ გესმით და ვერც ხვდებით, რატომ უნდა მოშალოთ ბარიერი თქვენ მიერ აღმართულ ჯებირსა და საზოგადოებას შორის. ვერც იმას აცნობიერებთ, რომ სწორედ საზოგადოების წინაშე გაქვთ ვალდებულებები და თუ ამის გაცნობიერება არ და ვერ შეგიძლიათ, გაითამაშეთ მაინც, რაღაც ზოგადი სიტყვები მოძებნეთ, ცოტა ითვალთმაქცეთ. იქნებ, ქართულ-შინაურ-ჯიგრულად მიუდგეთ საკითხს და ცნობილი ლოზუნგის – „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“, შესატყვისი რამე ჩაიდინოთ. ან თუ „ნაცებს“ და მასთან „მიბმულებს“ არ უსმენთ და გგონიათ, თავიანთი ცხრა წლის პრივილეგიები ეზმანებათ, სხვა ჭკვიან ხალხს მაინც დაეკითხეთ, ფსიქოლოგები და პიარი დაიქირავეთ, რომ კრიტიკულ დღეებში კრიტიკულად საჭირო და აუცილებელი სიტყვები დაისწავლოთ და გამოიყენოთ.

პრინციპში, არც მიკვირს, რადგან ელიტის პრივილეგიებისა და ხალხის მიჯირყვნის შესახებ ბევრი რამ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, დღეს რომ მითებად არის ისტორიაში შესული. მაგალითად, საბჭოთა ეპოქაში, ლეგენდარული მაია პლისეცკიას გასტროლები თბილისში, როცა ოპერაში მოხვედრა ლამის პარტიული და კულტურული ელიტის ხვედრი იყო; ან 80-იანი წლებში ელტონ ჯონის გასტროლები მოსკოვში, როცა პირველ დღეს კონცერტზე მხოლოდ პარტიული ჩინოვნიკები და მათი ცოლები ისხდენ და მხოლოდ მუსიკოსის პროტესტის შემდეგ დაინიშნა დამატებითი კონცერტები.

კარგად მახსოვს რეი ჩარლზის გამოცხადებაც 1996 წელს, თბილისში და მისი შეხვედრა ჯერ შევარდნაძესთან და შემდეგ კონცერტი ფილარმონიაში, სადაც შეღწევა ცალკე დეტექტიური თავგადასავალია (ჩემმა კოლეგამ, ბიძინა მაყაშვილამა ბრწყინვალედ დაწერა მაშინ გაზეთ „7 დღეში“ ამ გასტროლის შესახებ). არც 1990 წელს რუსთაველის თეატრში ჩუმად შეღწევის ოპერაცია დამავიწყდება. უდიდესი რეჟისორის, პიტერ ბრუკის „ალუბლის ბაღის“ სანახავად…

ასეა, ჩემო „ოცნებავ“, როცა მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, პარტიული ელიტის წევრებს ან ქალაქის მერს უბრალოდ არ გესმით, რატომ არ უნდა მჯდარიყავით სტადიონზე (ამ დროს კი გარეთ უამრავი ხალხი იყო შეკრებილი); როცა პარტიული პარანოია მაინც გიბიძგებთ ერთი ჯიგრული ჟესტით საქმის მოგვარებისკენ, მუდმივად ჩაწყობისკენ, საკუთარი სურვილების შესრულებისკენ და რაც მთავარია, სწორედ ასეთი დროისა და სივრცის შენარჩუნებასა და მუდმივობაზე ოცნებობთ, ეს ნიშნავს, რომ  ისევ იმ ნეხვით და გაძეძგილ 90-იანების ეზოში დაგვაბრუნეთ, რომელიც დიდი და დრამატული ტრანსფორმაციით მაინც გავწმინდეთ და რომელში დაბრუნებაც თქვენთვის ქართველობის შენარჩუნების ტოლფასია.