ირაკლი კობახიძის რომანში მოთხრობილია პერსონაჟის, ტოტო ბორჯიას თავს გადახდენილი ისტორია. ამ ისტორიის მთავარი გმირები არიან ტოტო, დედამისი და მარტოხელა მოხუცი ქალი ამელია, რომელიც შიმშილისგან თავის დასაღწევად და დახმარების სათხოვნელად მათთან ხშირად დადის.
ამელია, რომელსაც სადილით უმასპინძლდებიან ხოლმე, ვულგარულად ლაპარაკობს და არაესთეტიკურ ჭორებს ყვება არაესთეტიკური ფორმით. ჭამის დროს გალოკილი თითებით პურის ნაჭერს შუაზე ტეხს და მეორე ნახევარს უკან, საპურეში აბრუნებს.
გაზაფხულის ერთ წვიმიან საღამოს, როცა კარზე კაკუნი გაისმა, დედამ ტოტოს უთხრა: “თუ ამელიაა, კარი არ გაუღო”. ამის შემდეგ ამელია ერთი კვირა არ გამოჩენილა.
ერთ კვირაში ამელია ისევ გამოჩნდა და ტოტოს დედამ სახლში ისევ არ შემოუშვა ნათესავთან სტუმრობის მიზეზით.
მეორე დღეს სახლში მოსულ ტოტოს დედამ უთხრა, რომ ამელიამ თავი ჩამოიხრჩო.
ტოტომ საჭმელს პირი ვერ დააკარა და მთელი ღამე არ დაეძინა, იმიტომ, რომ თავს მკვლელად გრძნობდა.
თავს მკვლელად გრძნობდა.
მეორე დღეს აღმოაჩინა, რომ ამელია, რომელმაც თავი მოიკლა, მათი ოჯახის ხშირი სტუმარი ამელია კი არ იყო, არამედ მათი შორეული ნათესავი, ამ ამელიას მოსახელე. ტოტომ შვება იგრძნო.
ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ვახშმად კიბორჩხალა უნდა მიერთმიათ, კარზე ნაცნობი კაკუნი გაისმა.
ტოტომ და დედამისმა კარი ისევ არ გაუღეს ამელიას. დღე არ გაიფუჭეს.
მოგვიანებით ტოტომ დედას გაანდო, რომ თავს მკვლელად გრძნობდა, როცა ეგონა, რომ ამელიამ თავი მოიკლა, თუმცა ახლა, როცა ამელიამ ისევ დააკაკუნა კარზე, ერთი წუთითაც არ დაუშვია იმის შესაძლებლობა, რომ კარი გაეღო.
დედამ გაიცინა და დაამშვიდა, რომ ადამიანები შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ.
ამის შემდეგ ამელია ხშირად აკაკუნებდა ხოლმე კარზე, მათ კი სადილად მხოლოდ სამჯერ თუ ოთხჯერ შეიპატიჟეს.
ამ ისტორიის გახსენება იმიტომ მომინდა, რომ ვთქვა: ასეთია ოცნების მმართველობის წესი და სოციალური პოლიტიკა ერთდროულად.
ადამიანები პირს იკერავენ, შიმშილობენ, თავს იწვავენ. ოცნებამ იცის, რომ რაღაც ცუდი შეიძლება მოხდეს, ერთხელაც შეიძლება, ვერ მიუსწროს, ვერ გადაარჩინოს, მაგრამ წარბს არ იხრის, ბოლო ზღვრამდე მიყავს, დღეს არ იფუჭებს, როგორც კობახიძის პერსონაჟები.
სანატორიუმიდან უბინაობის გამო გადმომხტარ დევნილზე, თავისი ტელევიზიებიდან მოგვიანებით გვეტყვის, რომ „სმა უყვარდა“.
ჩვენ არ გაგვიგია რას ამბობდა ზამირ კვეკვესკირი, როცა იწვოდა. რას უთვლიდა ხელისუფლებას, რა იყო მისი ბოლო სიტყვები, როცა სხეულზე გაჩენილ ხანძარს უქრობდნენ. მისი და სხვების სათქმელი გასაგები ხდება მოგვიანებით – როგორც მისი ფიზიკური არყოფნის, მის თავს გადამხდარი გულგრილობის და სასოწარკვეთის დასტური.
რა მნიშვნელობა აქვს იცნობ თუ არა მზია ამაღლობელს, მის საქმიანობას კარგად აფასებ თუ ცუდად, ან ბათუმელებს კითხულობ თუ არა.
მზია სუფრაჟისტი ქალის სიჯიუტით შიმშილობს სამ კვირაზე მეტია. ოცნებამ იცის, რომ რაღაც ძალიან ცუდი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ნერვს არ იტოკებს.
ამიტომ მგონია, რომ მზიამ შიმშილობა უნდა შეწყვიტოს, რადგან კარი, რომელზეც აკაკუნებს, ნაკლებად სავარაუდოა, გაუღონ.
ალბათ იმიტომ, რომ ისინი, ვინც კარი უნდა გააღოს, თავს უკვე მკვლელებად გრძნობენ.