სახლში ავი ძაღლია

ნენე გიორგაძე

– „ხორცი ამიწონე რა ჩემი ძაღლებისთვის.

– რომელი ნაწილი გინდათ: თავი, გულმკერდი თუ შიგნეული?“

საქართველოში მხოლოდ ფულიან კაცს შეუძლია, ბაზარში ნაყიდი ხორცით ძაღლები გამოკვებოს. ის არ ცნობს ძაღლებისთვის სპეციალურად დამზადებულ საკვებს და მიიჩნევს, რომ ბუნებრივი მასალა ხელოვნურზე უკეთესია. თავადაც ძალიან უყვარს ხორცი, კვირაში სამჯერ კი არა, ლამის ყოველდღე ხორცს მიირთმევს, ხან შემწვარს, ხან მოხრაკულს, ხანაც ფარშისგან დამზადებულს, სხვადასხვა სოუსმოსხმულს, სუნელებით შეკმაზულს, ცხელ-ცხელს, ოხშივრიანს. ძაღლები ავი და ღონიერი ჰყავს, ხორცზე ისე დაგეშილები, რომ ხორცი თუ არ მისცა, პატრონს შეჭამენ.

„ხორცი“, „უშიში, ვითარცა უხორცო“, „ხორცმეტი“, „განხორციელება“, „ხორციელი“… – ქართველები ხორცს ლამის ენაშიც ვაფეტიშებთ, ყველაზე მეტად სისხლი და გენიტალიები აღგვაგზნებს. „ძირს პროპაგანდა,  ძირს პიდარასტები, ძირს ქართველების მტრები” – ყვირიან აღგზნებული კაცები მისამღერით „ჯოს“ „-ჯოს“ „-ჯოს“ და მუშტს ფალოსივით აღმართავენ. მუშტით საქმე რომ არ კეთდება, ეს ჯერ კიდევ არაცივილიზებულმა ქართველებმა იცოდნენ. ისინი მუშაობდნენ გამთენიიდან დაღამებამდე, ხნავდნენ და თესავდნენ. მერე, ცივილიზაცია როცა მოგვიახლოვდა, ჩადიოდნენ მაღაროებში და ამოჰქონდათ თავიანთი გამჭვარტლული ოფლი…  „ჯვარცმის“ სახელით ცნობილი ყველაზე მაგარი პერფორმანსის ავტორიც ამბობდა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძირს ბოღმა, ძირს შური, ძირს სიზარმაცე, ძირს სქელი კანი, ძირს სიყრუვე და სიბრმავე, ძირს კრეტინიზმი და გონებაშეზღუდულობა,  ძირს ორმაგი სტანდარტები, ძირს მწიგნობრები და  ფარისევლებიო, ბოლოს და ბოლოს…

დიახ, სისხლი და სექსია ის, რასაც საქართველოში ყველაზე მეტი ხალხი ქუჩაში გამოჰყავს. დეტექტიური ჟანრია ასეთი, ტელესერიალების ესთეტიკით. თუ სცემ ისე, რომ სისხლი არ მოსდის, აბა, რა ცემაა; თუ ვიღაცის ინტიმურ ცხოვრებაში არ იქექები და „სექსი“ არ მოგაქვს, აბა რა მასალაა! ვაღიაროთ, რომ ეს ყბადაღებული „პირადი ცხოვრება“ ყველაზე რეიტინგული თემაა პოლიტიკურსა თუ სოციალურ კონტექსტში, ყველაზე მარტივ ნარატივებად ჩასაშლელი, გონების დიდ დაძაბვასა და მაღალ ინტელექტს რომ არ მოითხოვს. რატომ? იმიტომ, რომ ეს „ყველას ესმის, ყველამ იცის“. არადა, რეალობა სრულიად საპირისპირო რამეზე მეტყველებს, რადგან ცნობილია, რომ სხვისი პირადი ცხოვრების გამძაფრებული თუ პათოლოგიური ინტერესი საკუთარი პირადი ცხოვრების სიღარიბეზე ან არქონაზე მიუთითებს.

კამიუსაც კი შეშურდებოდა იმ აბსურდული სიუჟეტების, საქართველოში რომ იწერება. ის, რაც ლგბტქ თემა უნდა ყოფილიყო, მედიის თემად გადაიქცა ჟურნალისტებზე ნადირობის გამო; ის, რაც უპრეცენდენტო სოციალური აქტი იყო, – „რიონის ხეობის მცველების“ მრავალთვიანი ბრძოლის შედეგი, – მოგვიანებით მწარე ნელსახცებლით შეზავდა: „ლგბტ+“ ეროვნული ერთიანობის იდეის მტრად მოინათლა და „რიონის მცველების“ ბევრი მხურვალე მხარდამჭერი იმედგაცრუებული დატოვა. ამონარიდი მათივე ფეისბუქის გვერდზე 2 ივლისს გაკეთებული განცხადებიდან:

„საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ საინიციატივო ჯგუფი ჩვენს მთავარ მონაპოვრად მივიჩნევთ იმ დიდ სამოქალაქო ერთობას, რისი მიღწევაც მოხერხდა ნამოხვანის თემის გარშემო. ჩვენ შეგნებულად ვცდილობთ, არ გავაფართოვოთ ჩვენი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მივედ-მოვედოთ, რომ არ გამოვიწვიოთ ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება…“.

მაგრამ „მცველები“ აქვე საჭიროდ მიიჩნევენ, პრაიდზეც მოგვახსენონ თავისი აზრი: „ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ მივიჩნევთ, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე“.

როცა ამბობ, რომ კონცენტრირდები ერთი კონკრეტული პრობლემის ირგვლივ და არ გსურს ათას რამეს „მიედ-მოედო”, მაგრამ აპროტესტებ მხოლოდ ერთი ტიპის „შანტაჟს” და დუმხარ სხვა დანარჩენზე, იქნება ეს სამღვდელოების მხრიდან გამოვლენილი აგრესია თუ სასულიერო იერარქების ფარისევლობა, (სია გრძელია), ეს მინიმუმ, არადამაჯერებელია და მათივე ლოგიკით, დაუკრეფავში გადასვლას ნიშნავს. ღირებულებრივი თანხვედრის არარსებობა არ გულისხმობს მაინცდამაინც პროტესტის რეჟიმში ყოფნას. ადამიანის სექსუალური ორიენტაცია, ისევე როგორც რელიგიური აღმსარებლობა, მისი არჩევანი და უფლებაა, ისევე როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რა მოხდება, ქრისტიანებმა რომ გააპროტესტონ მუსლიმების, ბუდისტების ან სხვა აღმსარებლობის წარმომადგენელთა შეკრების თავისუფლება… თბილისიც და ქუთაისიც ოდითგანვე სწორედ რელიგიებისა და ეთნოსების სიჭრელით გამოირჩეოდა, რაც მათ მოსახლეობას „ქართველობას” კი არ ართმევდა, – მრავალფეროვნებას სძენდა… შეცდომა ყველას მოგვდის და მეც იმედს ვიტოვებ, მცველები ამ საცალფეხო წვრილ ბილიკზე გავლასაც შეძლებენ. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ არც ის კატეგორიული ტონი მგონია მართებული, რომელიც „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ გაისმის. მათ ისედაც ყოველი მხრიდან უტევენ დიდი კაპიტალის ინტერესების მოდარაჯე მრავალთავიანი ურჩხულები.

5 ივლისის მღვდლების მიერ წაქეზებულ და მთავრობის მიერ ნებადართულ ძალადობაზე საქართველოს საპატრიარქოს მხოლოდ ფორმალური რეაქცია აქვს. ამაზე მეტყველებს საპატრიარქოს შეფასებაც:

„სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია“ (ციტატის დასაწყისში სიტყვა „სამწუხაროს“ არ ვიმჩნევთ). „გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი“, ანუ ორგანიზებული ძალადობა იყოო – ამას არ ამბობენ.

კიდევ ერთი ციტატა საპატრიარქოს განცხადებიდან: „ძალადობა მიუღებელია და დასაგმობი, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი; ამიტომაც სათანადო რეაგირება გვექნება ძალადობისკენ წამქეზებელ სასულიერო პირთა მიმართაც, თუკი ასეთები არსებობენ“.

საპატრიარქო არ ამბობს, რომ ეს „სასულიერო პირები“ საქართველოს კანონმდებლობით უნდა დაისაჯონ, – ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირებაო. ჰოდა, სადაა ეს „სათანადო რეაგირება?“. განცხადება გაკეთებულია 5 ივლისს და დღეს 15 ივლისია. დაბოლოს: „თუკი ასეთები არსებობენ“ ერთმნიშვნელოვნად ფარისევლობაა, რადგან როგორც თავად ამბობენ, ვიდეოებიც ნახეს და ინფორმაციაც აქვთ.

ცხადია, არ შეიძლება ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა. ვიცით, რომ არსებობენ კეთილსინდისიერი მამაოები, ვისაც გულთან ახლოს მიაქვთ ხალხის გაჭირვება და შეძლებისდაგვარად ეხმარებიან; არსებობენ სულიერებით გამორჩეული ბერები, რომელთა გვერდით საოცარ სიმშვიდეს და დადებით ენერგეტიკას გრძნობ; არსებობენ ისეთებიც, ვისაც არ მოსწონს საპატრიარქოს ასეთი დომინაცია… მაგრამ ვსვამ კითხვას: რატომ არ საუბრობენ, ერთეულების გარდა, ამაზე სასულიერო პირები? ქრისტე ხომ მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს მათთვის, – სწორედ ის ქრისტე, რომელმაც ხმამაღლა გააპროტესტა ტაძარში ვაჭრობა; განა ეს თვალსაჩინო მეტაფორა არ არის პრობლემათა გრძელი ჯაჭვის, რომელსაც ამდენი ხანია დაათრევს ქვეყანა, იმ სისასტიკის, რომელმაც  2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობის შედეგად ლექსო ლაშქარავას სიცოცხლე შეიწირა?

ცეცხლზე ნავთი დაასხა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისის ძალადობის შეფასებამ და ქვეყნის ბოლშევიკურ-თეოკრატიულ ჰიბრიდად გადაქცევის პროცესს კარი ფართოდ გაუღო. „ოცნების“ ლიდერებმა ისიც კი ვერ გააცნობიერეს, რომ 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა პირველ რიგში მთავრობას და სახელმწიფოს გადაახიეს თავზე პარლამენტის წინ აღმართული დროშები. საზოგადოების სახეში შემოლაწუნება იყო ასევე სასწრაფო წესით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნა, ისევე როგორც ვიცე-პრემიერად – ყოფილი იუსტიციისა და მოქმედი კულტურის მინისტრის. მერამდენე კარუსელი დატრიალდა 21-ე საუკუნის საქართველოში. პირველი კლასის არითმეტიკაში გავივარჯიშოთ ცოტა: 2+1=1+2 ხომ? ჰოდა, რა შეიცვლება, თუკი ქალბატონი თეა წულუკიანი, რომელიც მთელი 6 თვე “ერკვეოდა” იმაში, თუ როგორ მოეხდინა კულტურის უნიფიცირება, ახლა პრემიერ-მინისტრი გახდება?

თუკი ნამდვილი ცვლილება გვინდა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება უნდა შევძლოთ როგორც თითოეულმა მოქალაქემ, ისე მთელმა ქვეყანამ, და ამას, მოგეხსენებათ, უნარ-ჩვევები სჭირდება. არაფერი არ კლავს ისე, როგორც რეალური საფრთხეების განცდისა და გააზრების ნელი და თანდათანობითი ატროფირება. თუკი ჩავთვლით, რომ ჩვენი ბედი სხვაგან წყდება, ასეც მოხდება. „ოცნებას“ რომ ყველაფრის უკან მიშა ელანდება და ოპოზიციას – ყველაფრის უკან რუსეთი – ეს მხოლოდ გვადუნებს. 5 ივლისს პირველ რიგში ქართველებმა სცემეს ქართველებს და ამ აგრესიის ადრესატები ლგბტქ ადამიანები იყვნენ. თუმცა… ქართულ ენაში საინტერესო ზმნები გვაქვს, როგორიცაა: შემომელახა, შემომეხარჯა, შემომეჭამა… აგრესიის ვირუსი კორონავირუსზე სწაფად ვრცელდება და მყისიერი ეფექტი აქვს. აგრესორის ტვინი სათვალის მინებივით იორთქლება და ვეღარ არჩევს ვის ურტყამს, ვერც იმას ხვდება, დროშის ტარი უჭირავს ხელში თუ ხელკეტი… და თუ მაინცდამაინც რუსულ ნარატივებს ვაბრალებთ ყველაფერს, კარგად გავიაზროთ, სად გვაქვს ამხელა ჩავარდნა, სრულ იდიოტებად რომ არ ვიგრძნოთ თავი და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი ოფლიანი შემოსავლის წარმოუდგენლად მაღალი 20% მოჩვენებებთან ილუზორულ ომს არ ხმარდება. თუ ზრდასრულობა ნამდვილად გვინდა,  კონკრეტული პრობლემების გააზრებისა და გადაჭრის გზები უნდა ვეძებოთ,  როგორც ეს „რიონის ხეობის მცველებმა“ მოახერხეს.

მოდით, გავმიჯნოთ ორი ტერმინი: ლგბტ და პრაიდი. ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში ცხოვრებისას, გეების საყვარელ უბანში ვაშინგტონის ცენტრში, Dupont Circle-ში მდებარე კაფეში დავდიოდი ხოლმე. იქ გავიცანი ძალიან სასიამოვნო გეები (ასე ეძახიან ლგბტ-ს შტატებში), რომელთაც ეღიმებოდათ პრაიდის ხსენებაზე. მესმის, რომ აშშ-ისგან განსხვავებით, საქართველოში სხვა კონტექსტი არსებობს. იმასაც გეტყვით, რომ დღესაც კი, აშშ-ის ღრმა, ცენტრალურ შტატებში არის პატარ-პატარა ქალაქები, სადაც რედნეკები გეებს მიბეგვავდნენ, კანონის რომ არ ეშინოდეთ. ლგბტ თემმაც, ჩემი აზრით, საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან ხანგრძლივად და თანმიმდევრულად უნდა იმუშაოს და თავის უფლებებზე საკანონმდებლო დონეზე იბრძოლოს. მარშის ჩატარებაზე კი ნერვების წყვეტას ხომ არ აჯობებს, „პრაიდმა“ თვითგამოხატვის უფრო ორიგინალური ფორმები მოძებნოს? საინტერესო იქნებოდა თავად ლგბტ თემის თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით. რამდენადაც ვიცი, მათი ნაწილი პრაიდის გამართვას არ მიესალმება და მიიჩნევს, რომ მოცემულ კონტექსტში ხალხის გაღიზიანების, პოლიტიკოსებისათვის ქულების ჩაწერისა და თემის მიმართ მეტი აგრესიის გაჩენის გარდა, ამას არაფერი მოაქვს, და მეტიც, პოლიტიკურად წამგებიანია მთლიანად ქვეყნისათვის.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება, ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.