ყოფნა-არყოფნამდე ერთი დღით ადრე

ირინა კვახაძე

(ბლოგი ბიზნესზე)

27 ნოემბერი, 2020  წელი. პარასკევი, შავი. უკვე მეორე. მესამეც მოესწრებოდა, რომ არ ჩავეკეტეთ. რიგები მაღაზიებში. საცობები ქუჩებში. უნდა მოვასწროთ, მყიდველმაც და გამყიდველმაც, უნდა მოვასწროთ და მორიგი, მოჩვენებითად ჩვეულებრივი დღე გამოვგლიჯოთ ვირუსს, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო. ეს ალიაქოთი, ვითომ წინასაახალწლო, ვითომ „შავპარასკეული“, სასოწარკვეთილი ადამიანების მანიფესტია, რომლებმაც არ ვიცით, ან პირიქით, ზუსტად ვიცით, რა გველოდება 28 ნოემბრიდან.

ონლაინყოფა: შეკითხვა #1

როგორც „სანდო წყარომ“ გვაუწყა, 28 ნოემბრიდან კიდევ ერთხელ ჩერდება ქვეყანა და მხოლოდ „ონლაინ“ არსებობის უფლებაღა გვაქვს. ბიზნებლოგს ვწერ და ამიტომ ბიზნესშეკითხვას დავსვამ: რამდენ კომპანიას შეუძლია „ონლაინ“ არსებობა საქართველოში? ბიზნესისთვის ონლაინარსებობის „10“ მცნება რომ არსებობდეს, ასეთი შინაარსი ექნებოდა:

  • თუ კლიენტს შეუძლია, ონლაინ მოგწვდეს, მაშასადამე, არსებობ;
  • თუ შეგიძლია, პროდუქტი ონლაინ გაყიდო, მაშასადამე, არსებობ;
  • თუ შეგიძლია, ნედლეული ონლაინ იყიდო, მაშასადამე, არსებობ;
  • თუ შენი თანამშრომელი დისტანციურად შეუფერხებლად მუშაობს, მაშასადამე, არსებობ;
  • თუ შეგიძლია, გუნდი ონლაინ მართო, მაშასადამე არსებობ;

6,7,8,9;

  • თუ ამ ყველაფერს ისე აკეთებ, რომ ცოტა ფული მაინც გრჩება, მაშასადამე, ყოჩაღ, შენ!

რეალობა ის არის, რომ დღეს კომპანიების უმრავლესობას ონლაინარსებობა არ შეუძლია. რეალობა ის არის, რომ დღეს, მორიგი მკაცრი შეზღუდვებით მათი არსებობაც კი საფრთხის ქვეშ დადგება, ვისაც გადარჩენის მცირე შანსი მაინც ჰქონდა. ონლაინარსებობა მხოლოდ ლამაზი, თანამედროვე და მოდური იდეა არ არის. ონლაინარსებობას სჭირდება:

  • გამართული ვებგვერდი (თუნდაც მხოლოდ სოციალურ ქსელში);
  • გამართული ონლაინგაყიდვებისა და გადახდების სისტემა;
  • ვებგვერდთან, გადახდების და ონლაინგაყიდვების პლატფორმებთან ინტეგრირებული სააღრიცხვო სისტემები;
  • კომპანიის სისტემებზე დისტანციურად წვდომა – საინფორმაციო ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა;
  • გამართული სასაწყობე ინფრასტრუქტურა, როგორც ფიზიკური, ისე ციფრული;
  • გამართული სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურა;
  • „ზუმის“, „თიმსის“ და სხვა დისტანციური საოფისე გადაწყვეტების არა უფასო, ნახევარსაათიანი, არამედ სრულფასოვანი ვერსიები.
  • საბანკო ბარათით, ინტერნეტით, სმარტფონით ან რამე სმარტით შეიარაღებული ონლაინმომხმარებელი.

ხვდებით, ხომ, რა ძვირადღირებული სიამოვნებაა „ონლაინარსებობა“?

ბიზნესი: შეკითხვა #2:

კოვიდ-19 საქართველოს თებერვალში გადმოწვდა. აპრილში „ლოქდაუნი“ გამოცხადდა და ცხადად გამოჩნდა, რომ არათუ მცირე, არამედ დიდი და  წელგამართული ბიზნესიც კი არ იყო მზად ონლაინარსებობისთვის. კიდევ ორი რამ იყო დღესავით ნათელი: ვირუსის გავრცელებების შესამცირებლად მობილობა უნდა შემცირებულიყო და თავშეყრისგან უნდა შეგვეკავებინა თავი;  მორიგი „ლოქდაუნი“ ეკონომიკურად გაგვანადგურებდა.

ბიზნესბლოგს ვწერ და კვლავ ბიზნესშეკითხვას ვსვამ: როგორ მოემზადა ბიზნესი მორიგი „ლოქდაუნის“ თავიდან ასარიდებლად ან მის შედეგებთან გასამკლავებლად?  აპრილში, როდესაც ბიზნესი ყოფნა-არყოფნის მიჯნაზე პირველად დადგა, ციფრული ტრანსფორმაცია ნაჩქარევად დაიწყო. თითქოს რაღაც მოახერხა კიდეც, ბევრი განრისხებული კლიენტიც შეიძინა და ტექნოლოგიურადაც ცოტა წინ წავიდა. სულ რაღაც ორ  თვეში ტექნოლოგიური განვითარების ტემპი საგრძნობლად შემცირდა, კომპანიებმა ისევ ტრადიციულ რეჟიმში განაგრძეს მუშაობა (ცხადია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა).

ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: მიოპია, უსახსრობა და ცრუ მოლოდინი. მიოპია ბიზნესისთვის ძალზე დამახასიათებელია. მიოპია და უსახსრობა ცუდი წყვილია – ისინი ბიზნესს ხშირად იმაზე ათქმევინებს უარს, რაც მისი გადარჩენის შანსი შეიძლება, ყოფილიყო. ცრუ იმედმაც დიდი წვლილი შეიტანა ტექნოლოგიურად გადამზადების შენელება-გაჩერებაში – შეიქმნა ცრუ წარმოდგენა, რომ ჩვენ ვირუსი ვერაფერს დაგვაკლდებდა, რომ ჩვენ წარმატებით გავუმკლავდით პანდემიას, რომ დრო იყო, ყველაფერი თავის ადგილს დაბრუნდებოდა.

ჰოდა, დღეს, 8 თვის შემდეგ,  ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, მხოლოდ დღეს 24 საათში 4780 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით და 37 გარდაიცვალა და ხოლო ხვალ მეორე „ლოქდაუნი“ იწყება.

მთავრობა: შეკითხვა #3

რა ნაბიჯები გადადგა მთავრობამ ბიზნესზე და ეკონომიკაზე პანდემიის გავლენის შესამსუბუქებლად? მთავრობამ ეკონომიკურ გამოწვევას რამდენიმე ტალღად უპასუხა. პირველი ტალღა კრიზისით გამოწვეულ პირველ შოკს უნდა გამკლავებოდა და მასში  საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება, ტურისტული ობიექტების საკრედიტო დავალიანებების სუბსიდირება და სხვა მსგავსი შეღავათი შევიდა. შემდეგ ტალღებში შესულმა ინიციატივებმა კი არაერთხელ გამაოცა. ეს ინიციატივები თითქოს იმ განწყობის გამოძახილი იყო, კორონას „დამარცხებისას“ რომ გვქონდა – მიამიტური რწმენა, რომ კრიზისი დავძლიეთ და სულ რამდენიმე თვეში „ლაღი და უდარდელი“ დღეები დაბრუნდებოდა.

ერთ-ერთი ინიციატივა „ოცნების სახლის“ სუბსიდირება იყო. მაისის ბოლოს მთავრობამ იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის დიდი რესურსი გამოყო. მოტივი – მშენებლობის სექტორში დასაქმებული ადამიანების გადარჩენა, მშენებარე სახლების გაურკვეველი მომავლისგან დახსნა. რეალურად, მაღალრისკიან პერიოდში, როდესაც თითქმის შეუძლებელია, იწინასწარმეტყველო, გექნება თუ არა სტაბილური შემოსავალი, სუბსიდირებამ ადამიანებს გრძელვადიანი ვალდებულების აღების მოტივაცია შეუქმნა.

სუბსიდირებით დროებითი ხელოვნური მოთხოვნა შეიქმნა, ისეთივე მყიფე, როგორიც საქართველოს ეკონომიკა. ხელოვნური მოთხოვნის შექმნამ უძრავ ქონებაზე ფასების შემცირება შეაყოვნა და, რაღა თქმა უნდა, გაყიდვებზეც იმოქმედა. სწორედ რომ გონივრულია ეჭვი, იხეირა თუ არა ეკონომიკამ ამ სუბსიდირებით.  ვერც სექტორი და ვერც დასაქმებულები რომ ვერ გახადა კრიზისის მიმართ მედეგი – ეს ფაქტია. კიდევ ფაქტია, რომ დღეს, 8 თვის შემდეგ,  ისევ იქ ვართ, სადაც ვიყავით, მხოლოდ დღეს 24 საათში 4780 ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით და 37 გარდაიცვალა და ხოლო ხვალ მეორე „ლოქდაუნი“ იწყება.

დაუნომრავი მოსაზრება:

ზაფხულში განვითარებულმა ქვეყნებმა ვირუსის მეორე ტალღაზე დაიწყეს შფოთვა. შფოთვას ქმედებაც მიაყოლეს. ყველაფერი იმაზე მიუთითებდა, რომ თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კრიზისს ებრძოდა.  კრიზისის მიმართ მედეგობა ბიზნესისთვის გადამწყვეტი გახდა. გვქონდა თუ არა შანსი, საჯარო რესურსების სწორად გამოყენებით და კარგად გააზრებული პოლიტიკით „ლოქდაუნი“ ან მისი დამანგრეველი შედეგები აგვეცილებინა თავიდან? ალბათ – კი. და ამ შანსს შექმნიდა არა იპოთეკური სესხების სუბსიდირება ან უშედეგო საგრანტო პროგრამები, არამედ ბიზნესის ტექნოლოგიური გაძლიერება და დისტანციურად არსებობისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარება. ეს ვირუსი ხომ ჩვენგან სახლში დარჩენას და ასე გადარჩენას მოითხოვს?! ნაცვლად ერთჯერადი სუბსიდიებისა, სახელმწიფოს შეეძლო, ამ 8 თვის მანძილზე წაეხალისებინა, დაეფინანსებინა ან პრიორიტეტად გამოეცხადებინა:

  • ბიზნესების ტექნოლოგიური გადამზადება, ყველა იმ სისტემის მობილიზება, რომლებიც ონლაინარსებობისთვის არის საჭირო;
  • სასაწყობე სისტემების შექმნა;
  • თანამშრომელთა გადამზადება ახალი როლებისთვის;
  • სადისტრიბუციო სისტემების შექმნა;
  • ინტერნეტ და მობილური კავშირის პენეტრაციის გაზრდა.

გრძელვადიან კრიზისთან საბრძოლველად ეს სწორი სტრატეგია იქნებოდა, რადგან პასუხობს როგორც მობილობისა და თავშეყრის შემცირების, ისე – გაყიდვების, ოპერირების ალტერნატიული შესაძლებლობის შექნის ამოცანას.  აუცილებლად აღსანიშნია, რომ  ეკოსისტემის განვითარებაზე გაწეული ფულადი თუ ადამიანური ძალისხმევა ერთჯერადი და მოკლევადიანი არ იქნებოდა. ის ბიზნესს მომავალშიც, პოსტკრიზისულ პერიოდშიც ძალიან წაადგებოდა.

ღირს თუ არა ამ საკითხებზე დღეს დაფიქრება? პასუხი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის ელოდება საქართველო ვაქცინის მიღებას; გავრცელების რა პროგნოზი გვაქვს 2021 წელს ვაქცინიან და უვაქცინო სცენარში; შევძლებთ, თუ არა ჯანდაცვის სისტემის ისე აღჭურვას, რომ „ლოქდაუნი“ აღარ გახდეს საჭირო? შევძლებთ, თუ არა, საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაციას? ერთი დღით ადრე შეიტყობს ბიზნესი რადიკალური ცვლილებების შესახებ, თუ ცოტაოდენი დრო მაინც მიეცემა მოსამზადებლად?

გუმანი (და ფაქტები) მეუბნება, რომ ამ თემაზე დაფიქრება ურიგო არ იქნებოდა. სანდო წყარო ჯერჯერობით დუმს.


ბლოგ-პოსტების სერიას წარმოგიდგენთ საინვესტიციო კომპანია – სინერჯი კაპიტალი