ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ

დავით ბუხრიკიძე

…ხმამაღალი, მაგრამ კინემატოგრაფიული სათაურია. რას ვიზამთ, ყველა საკუთარ ცოდვიან წარსულსა და ტრავმებს დავატარებთ. გერმანელი რეჟისორის, ვერნერ ჰერცოგის ფილმს ეწოდება ასე – „ყველა თავისთვის და ღმერთი ყველას წინააღმდეგ“. თუმცა ამჯერად კინო ნაკლებად საინტრესოა. კარს მომდგარი არჩევნები და მომავალი, ასე ვთქვათ, ჯერარგანაწილებული ძალაუფლება უფრო გვაინტერესებს: ვის რამდენი ერგება, რა გზებით და რატომ. წესით, სხვის კანონიერად და არჩევნებით მოპოვებულ  ძალაუფლებას ეჭვქეშ არ უნდა ვაყენებდეთ, მაგრამ „ქართული და ჯიგრული პონტის“ გასაქარწყლებლად ეჭვი არა მარტო საჭიროა, არამედ აუცილებელიც.

„ყოველთვის მაინტერესებდა რით განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან „ფაქტი“ და „რეალობა“. მსმენია, რომ არსებობს უფრო ღრმა რეალობა. ასეთი, პოეზიასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი  რეალობა კინოშიცაა  და მას „ესთეტიკურ რეალობას“ ეძახიან. როცა შედევრს კითხულობ ან უყურებ, მას მაშინვე, მთელი სხეულით გრძნობ და აქ უკვე განსაკუთრებულ, ღრმა ესთეტიკურ რეალობასთან გვაქვს საქმე. მაგრამ არსებობს მხოლოდ ფაქტი, რომელიც ამ განზომილებას ვერ აღწევს და ის მხოლოდ მშრალი, მიუღწეველი ან ფიქტიურია“, – წერს ერთ-ერთ ინტერვიუში ზემოხსენებული ჰერცოგი და პარალელურად ჩვენი რეალობის გათვალისწინებით ვეძებთ და ვითვლით: სად იწყება მხოლოდ „ფაქტი“ და როდის გადადის ის „ეთეტიკურ რეალობაში“.

მართალია „საქართველოს ბანკის“ ირგვლივ მომხდარი ამბები  ზუგდიდში, ცხადი ტრაგი-კომედიისკენ, ანუ „ესთეტიკური რეალობისკენ“ გვიბიძგებს, მაგრამ ქეშად წაღებული ნახევარი მილიონი მაინც რეალური და ფხიზელი ფაქტებისკენ გვაბრუნებს. არანაირი გამადიდებელი ხელსაწყოები არ სჭირდება იმის აღმოჩენას, რომ ხელისუფლების კრიზისი ყველა „ჯიგრული“ თუ „ნახევრად ჯიგრული“ რეალობის მიღმაა. უბრალოდ, ამ ერთი კბილებამდე შეიარაღებული კაცის დრამატულმა „შოუმ“ უფრო კარგად დაგვანახა, სად ვართ და რატომ ვართ.

„ჩვენ დავამთავრებთ ამ ხელისუფლებას“, „კრიმინალური და რადიკალური ოპოზიცია ყველაფერზეა წამსვლელი“… ეს ფრაზები, რომელიც, როგორც წესი, ყველა არჩევნების წინ მეორდებოდა ხოლმე, ამჯერად ორივე მხრიდან სიმეტრიულად და უფრო დრამატული ინტონაციებით გვესმის. და რაც უფრო ახლოა არჩევნების თარიღი, მით უფრო შორდებიან ისინი რეალობას. გასაგებია, რომ ეს საკუთარი ამომრჩევლისთვის, ასე ვთქვათ, პროპაგანდისა და გამამხნევებლი ვარჯიშივით სჭირდებათ…

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი რეიტინგი 55%-60%-ია და მომავალ პარლამენტში მას არავითარი დამხმარე ძალები მთავრობის დასამტკიცებლად არ დასჭირდება. თუმცა, პარალელურად სულ გარე „მაჯლაჯუნების“ ძიება-ამოჩენის ოპერაციებს ასრულებს ერთი შეხედვით ცივი, მაგრამ „ყვერებიანი“პრემიერის მეთაურობით;

„ნაციონალური მოძრაობა“ ხმამაღლა და დაუფარავად ამბობს, რომ სწორედ ის ჩამოაყალიბებს მომავალ კოალიციურ მთავრობას და მიხეილ სააკაშვილი რაღაც ჯადოსნური გზებით პრემიერ-მინისტრი გახდება;

„ევროპული საქართველო“ დარწმუნებულია, რომ კოალიციური მთავრობა მის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს;

უმცროსი ვაშაძე საკუთარ თავს ასევე პრემიერის რანგში ხედავს და საკუთარი პარტიის რეიტინგს ორნიშნა ციფრებით ზომავს;

„ლელო“ დარწმუნებულია, რომ 250 ათასი და კიდევ უფრო მზარდი მხარდამჭერები ჰყავს და ლელოს მოწინააღმდეგის ჩასათვლელ მოედანზე მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით დადებს;

„პატრიოტთა ალიანსი“ სრულიად დარწმუნებული ემზადება „ირმის ნახტომისთვის“ და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების აღსანიშნავად საკუთარი საზომი ხელსაწყოები აქვს მომზადებული;

პატივცემული ლეიბორისტი შალვა ამბობს, რომ არასოდეს ასე ახლოს არ ყოფილა გამარჯვებასთან;

ჩრდილოური გამოცდილებითა და საკუთარი პოლიტიკური წარსულით მრავალგზის დარწმუნებული ნინო ბურჯანაძე გვეუბნება – „აირჩიე ძალა და გამოცდილება“;

ბატონ ბიძინისგან ახლახან განდგომილები ისევ გაცვეთილ და ნაცნობ მეტაფორებში არიან – არც მიშა და არც ჩვენი ყოფილი პატრონი;

„გირჩი“ მაინც ძალიან მიღმაა, მაგრამ ძალიან „უშუალოა“ (როგორც დოჩანაშვილის მამიდა არიადნა იტყოდა);

ყოფილი მარტოხელა მონადირე, ალეკო ელისაშვილი მარტო აღარ არის, უკვე „მოქალაქეთა“ მთელი ლაშქარი შეკრიბა და განათლებისა და ეკოლოგიური ცნობიერების დამკვიდრებას უფრო ვნებიანი განცდებით  ცდილობს;

ზვიადისა და მერაბის გზაზე დღემდე გულწრფელად მავალი ხალხი, ისევ „ლანდებთან ლაციცს“ არჩევს…

ცხადია, არიან კიდევ ბევრნი, ძალიან ბევრნი, რომელთა ჩამოთვლა რამდენიმე თაბახის ფურცელს შეავსებს და რომელთა მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში ოლიმპიადაში სახალისო მონაწილეობას უფრო ჰგავს.

მაგრამ პარადოქსული მაინც ისაა, რომ საზოგადოების მხრიდან შეკვეთილი კოალიციური სენტიმენტების მიუხედავად, პარტიებისა თუ საარჩევნო ბლოკების სახელისუფლებო სურვილები და ფანტაზიები არა დანაწილებულ, არამედ ინდივიდუალურ და მკაცრად ვერტიკალურ სისტემას უკავშირდება. სინამდვილეში ეს არა საპარლამენტო მრავალხმიანობაში შეჯიბრია (როგორც ეს ერთ-ერთ სატელევიზო, ეფექტურ კლიპშია), არამედ პანდემიის გამო დამწყვდეული და ჭირვეული საოპერო პრიმადონების კონკურსი – ვინ უფრო ეფეტურად აიღებს მაღალ ნოტებს.

ეს ნიშნავს, რომ ყველა ისევ საკუთარი სურვილებითაა შთაგონებულიც და განწირულიც, რომ ყველა თავისთვისაა, ხოლო საარჩევნოდ, ყოველ  ოთხ წელიწადში შეწუხებული ღმერთი – ყველას წინააღმდეგ. როგორც ჰერცოგის ფილმში.