ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 წლის ბავშვი შეიყვანეს

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, კლინიკაში შეიყვანეს ინფიცირებული 5 წლის ბავშვი, რომელიც  მარნეულის კლასტერთან არის დაკავშირებული. სოლოღაშვილის თქმით, ბავშვი გუშინ, დღის მეორე ნახევარში შეიყვანეს კლინიკაში და თავს კარგად გრძნობს.

„ბავშვის ოჯახის წევრებიც ინფიცირებულები არიან. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და, როგორც წესი, ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.“ – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

მაკა სოლოღაშვილს ჩატარებული ტესტების რაოდენობაზე დაუსვეს შეკითხვა.

„ჯერჯერობით, სტაციონალიზებულ პაციენტებზე არ შეგვქმნია პრობლემა, რომ ტესტი არ ჩატარებულიყო, ან დაგვიანებულიყო. თუმცა, ალბათ, სასურველია, რომ ამბულატორიულადაც ჩატარდეს მეტი ტესტი და მაღალი იყოს პაციენტების გამოკვლევის სიხშირე“. – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

23 აპრილის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირეულია 420 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი და გარდაცვლილია 5.