ბოლო 2 თვეში ჩატარებული ერთკანდიდატიანი არჩევნები

პუბლიკა

ბოლო ორი თვის განმავლობაში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა დაწესებულების ხელმძღვანელის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს.

„პუბლიკამ“ თავი მოუყარა ბოლო პერიოდის ერთკანდიდატიან კონკურსებსა და არჩევნებს:

1. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის არჩევნები

2022 წლის 18 ნოემბერს სამხატვრო აკადემიის რექტორად მხატვარი, ფესტივალ „ფესტ-ი-ნოვას“ ორგანიზატორი, ყარამან ქუთათელაძე 4 წლის ვადით აირჩიეს. ის რექტორობის ერთადერთი კანდიდატი იყო. ქუთათელაძის არჩევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია აკადემიის ადმინისტრაციას არ გაუვრცელებია და არც ის დაუკონკრეტებია, აკადემიური საბჭოს რამდენმა წევრმა დაუჭირა მხარი ყარამან ქუთათელაძეს.

კონკურსი სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 6 ოქტომბერს გამოცხადდა. სამხატვრო აკადემიას არჩევნების შედეგების შესახებ ინფორმაცია აკადემიის გვერდზე არ გამოუქვეყნებია. ინფორმაცია ახალი რექტორის შესახებ აკადემიის ვებგვერდზე, რექტორის შესახებ განყოფილებაში განახლდა. 

2. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები

2022 წლის 27 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია 4 წლით აირჩია. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი სამუშია კონკურსში ერთადერთი კანდიდატი იყო.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 30-ე რექტორი აკადემიურმა საბჭომ, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით აირჩია. საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებზე გამოცხადდა 32 მათგანი, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა იყო 2, გამარჯვებულმა კანდიდატმა 30 ხმა მიიღო.

ჯაბა სამუშია თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2022 წლის 20 ოქტომბერს დაინიშნა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მოვალეობის შემსრულებლად ის 6 თვის ვადით დაინიშნა. როგორც აღმოჩნდა, კონკურსი დანიშვნიდან 2 თვეში გამოაცხადა.

3. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები

2023 წლის 12 იანვარს საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს. ის ამ პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. შოთა ტყეშელაშვილს მხარი საპროკურორო საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

საპროკურორო საბჭო ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. თავმჯდომარის პოზიციას აქამდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

4. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის არჩევნები

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა 26 იანვარს ჩატარებულ თავმჯდომარის არჩევნებზე კახა ბექაური მესამედ, 2026 წლამდე აირჩიეს. ის ერთადერთი კანდიდატი იყო ამ პოსტზე.

კომისიის ცნობით, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის სრულმა შემადგენლობამ ბექაურის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა და იმავე დღეს ჩატარებულ სხდომაზე  არჩევნების შედეგები დაამტკიცა.

კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახა ბექაური კომუნიკაციების კომისიას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. იგი საქართველოს პარლამენტმა კომისიის წევრად პირველად 2014 წელს, ხოლო მეორედ 2019 წელს აირჩია.

5. ფეხბურთს ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები

ფეხბურთის ფედერაციის 2023-2027 წლის პრეზიდენტობის არჩევნებში 2019 წლის მსგავსად კვლავ ერთადერთი კანდიდატი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან კობიაშვილია. კობიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე 31 სუბიექტიდან თავისი კანდიდატურა 29 სუბიექტმა წარადგინა. არჩევის შემთხვევაში, კობიაშვილი ფედერაციის პრეზიდენტი ზედიზედ მესამედ გახდება.

ფედერაციაში არჩევნები მიმდინარე წლის 4 თებერვალს გაიმართება. არჩეული კანდიდატი თანამდებობას მომავალი 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე 2021 წლის დეკემბერში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა.