ბოლო ერთ კვირაში ვირუსი პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა

პუბლიკა

განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დგებუაძემ განაცხადა, 2085 საჯარო სკოლიდან, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია. ხოლო 218 კერძო სკოლიდან დისტანციურ სწავლებაზეა 2 სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 91 პედაგოგი იმყოფება.

დგებუაძე ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საყურადღებოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში, ბუნებრივ გარემოში შეძლონ.

ეკა დგებუაზის თქმით, ვირუსის თავიდან ასაცილებლად, სამინისტრო კვლავაც მაქსიმალურს გააკეთებს იმისათვის, რომ სკოლებში ჯანსაღი გარემო შენარჩუნდეს და სასწავლო პროცესი კვლავ უსაფრთხოდ წარიმართოს.

„კერძოდ, გარდა იმისა, რომ სამინისტრო სკოლებს ხელს შეუწყობს საჭირო რესურსით აღჭურვაში,  შემთხვევით შერჩევის პრინციპით განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, ზოგადი განათლების დეპარტამენტის თანამშრომლები და ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრები სკოლებში  სისტემატურ მონიტორინგს კვლავ განახორციელებენ. ამავდროულად, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის წარმომადგენელთა ტესტირება“.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ სკოლები ზედმიწევნით იცავენ ჯანდაცვის სფეროს მიერ დაწესებულ პროტოკოლს. ამის დასტურია ყოველკვირეული სტატისტიკა, რომელსაც სამინისტრო საზოგადოებისთვის პროაქტიულად აქვეყნებს. სწავლის განახლებიდან დღემდე, კვირიდან კვირამდე ინფექციის გავრცელების პროცენტულ მაჩვენებლებს შორის სხვაობა მინიმალურია და არ სცდებოდა 0.1%-ს. თუმცა, მიმდინარე კვირის მონაცემებით,  სხვადასხვა პარამეტრი ოდნავ გაზრდილია, რაც ეკატერინე დგებუაძის თქმით, ძალიან საყურადღებოა.