„ბორელის მხრიდან ხაზგასმული იყო ის, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება რეკომენდაციები და გამოქვეყნდება ოქტომბერში“ - დეკანოიძე

პუბლიკა

ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მისი მთავარი გზავნილი საქართველოს მხრიდან რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა იყო.

„იყო რთული შეხვედრა“ – განაცხადა ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ, რომლის ინფორმაციით, ბორელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს რეკომენდაციები.

„ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირის და საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს სრულ თანხვედრაში; ასევე ის, რომ მეორე ფრონტის გახსნა უნდა ვინმეს საქართველოში და ამაში წვლილი შეაქვს ევროკავშირს, როგორც საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა გვეუბნება, არის სუფთა რუსული პროპაგანდა და მან ღიად და დაუფარავად უპასუხა ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლებს. ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს რეკომენდაციები, მათ შორის, დეოლიგარქიზაციაზე სისტემური მიდგომის, საარჩევნო კოდექსის, საერთო სასამართლოების კანონმდებლობის და დეპოლარიზაციის მიმართულებით.

ხელისუფლების მხრიდან იყო მეტ-ნაკლებად ხისტი პოზიცია, დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ პოზიცია, რომ საქართველოს, უკრაინას, მოლდოვას ეკუთვნოდა სტატუსი და შარშან რატომ არ იყო მოცემული, ესაა საყვედური, რომელსაც ეუბნებიან ხოლმე ევროკავშირს ზოგადად უმრავლესობის წარმომადგენლები. ამაზე იყო ძალიან მკვეთრი განმარტება, რომ საქართველოს შესასრულებელი აქვს ვალდებულებები.

ასევე ბორელის მხრიდან ხაზგასმული იყო ის, რომ სექტემბრის ბოლოს შეჯამდება რეკომენდაციები და გამოქვეყნდება ოქტომბერში. დრო არის ძალიან ცოტა. იმპიჩმენტზე ასევე ძალიან ხისტი პოზიცია ჰქონდა ბორელს, კონკრეტული იყო მისი დამოკიდებულება, რომ ევროკავშირს სურს საქართველო იხილოს ევროკავშირში, პოლიტიკურად სურს, რომ მიანიჭოს სტატუსი, რომ მათ იციან საქართველოს და საქართველოს მოქალაქეების განწყობა, მაგრამ ამისთვის არის დავალებები შესასრულებელი, რომელიც არა ევროკავშირს, პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს ეხმარება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

„ლელოს“ წევრის, დავით უსუფაშვილის თქმით, ჯოზეფ ბორელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მიუთითეს, რომ უსამართლოა, როცა ევროკავშირი ქვეყნის პროგრესს ვერ ხედავს.

„ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ისინი საქართველოს პროგრესს ვერ ხედავენ, სხვები არასწორად მიიღეს, ჩვენ – არა და ასე შემდეგ… კარგი ამბავი ისააა, რომ ოპოზიცია იყო ერთიანი იმაში, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი უნდა მიიღოს მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები აქვს. ევროპა უნდა დაგვეხმაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში, რათა ქვეყანა წავიდეს წინ“, – განაცხადა მან.

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ „აქამდე არ დასწრებია ისეთ შეხვედრას, სადაც ასე მკაფიოდ და მკაცრად გამოითქვა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე შეფასება“.

„ქართული ოცნება“, სამწუხაროდ, გადასულია ან წუწუნზე, ან თავის მართლებაზე ან უტევს ევროკავშირის წარმომადგენლებს, თითქოს ყველაფერი კარგადაა და ყველაფერს აკეთებენ რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა, რომ თუ გვინდა ევროპული ოჯახის წევრობა, უნდა გავითვალისწინოთ პატივი ვცეთ ამ კრიტერიუმებს და ვაკეთოთ საქმე, რომ პირველ რიგში, ხელისუფლების ძირითადი პასუხისმგებლობაა…ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველო ჩამორჩება გეგმას და ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მაგრამ ჯერ კიდევ დრო არის და საჭიროა მისი ეფექტიანად გამოყენება. ეს იყო ძირითადი გზავნილი, საკმაოდ მკაცრი იყო გზავნილები და მკაფიო. ხაზი გაესვა, რომ ჩვენს პარტნიორებს სურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. აქვე მინდა ვთქვა, რომ იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება ცალსახად შეფასდა, როგორც ნეგატიური გზავნილი ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის”, – განაცხადა სამნიძემ.

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ბორელმა აღნიშნა, რომ საქართველოს სექტემბრის ბოლომდე აქვს დრო, რომ ძირეული ცვლილებები მოასწროს.

„მთავარი რაც ბორელმა თქვა, არის ის, რომ თქვენ გაქვთ ორი კვირა, რომ გაერთიანდეთ, ჩხუბი გვერდზე გადადოთ და რამდენიმე საკვანძო მიმართულებით წინ გადადგათ ნაბიჯი, ეს არის ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, დეოლიგარქიზაციის საკითხი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი. მგონი, ძალიან გასაგები, მხარდაჭერითი გზავნილები იყო, მაგრამ ამასობაში „ქართულ ოცნებას“ პრეტენზია ჰქონდა ბორელთან და საერთოდ ვერ გავიგე მათი ქცევა, ხალხი ჩამოდის, გვეუბნება, აბა, თქვენ იცით, თქვენთან ვართ, აბა, სცადეთ და იქნებ გამოგივიდეთ და ამის საპასუხოდ „ოცნებისგან“ მოვისმინეთ, რომ ამას რატომ გვეუბნები, ეს რატომ გინდათ და ა.შ. ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო მათი ქცევა“, – განაცხადა მან.

„მთავარია გზავნილები, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ – რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებები სტატუსის მიღებას რეალურად შეუძლებელს ხდის მაშინ, როცა რეკომენდაციების არ სრულდება“, – აღნიშნა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი დღესვე შევხდა პრემიერს, პრეზიდენტს, მესამე სექტორს.