ბრიუსელში ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

„საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პროკურატურაში მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში საქართველოს პროკურატურამ ასევე მიმართა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს.

საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გულისხმობს მასალების ავთენტურობის, მათი წარმომავლობის დადგენას და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ვიდრე მოვახდენთ მედიაში გავრცელებული მასალების უტყუარი ფატებად დეფინიციას.

ზოგადად, საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას და იცავს ვენის კონვენციის პრინციპებს.

აქვე დავძენთ, რომ აღნიშნულის თაობაზე ევროკავშირში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს უკვე ჰქონდა საუბარი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და მათ მიაწოდა სრული ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სავარაუდოდ, სუსიდან გამოჟონილი ფაილებისა და ფარული მოსმენების გამო, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი, ბრიუსელში დაიბარეს. ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ჟურნალისტებთან ისაუბრა