ბუღაძე: ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით

პუბლიკა

აქტივისტებმა, საზოგადოების წევრებმა და სამი პარტიის – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერებმა დღეს რუსთაველის გამზირზე სპეციალური განცხადება გააკეთეს. მათი თქმით, მოძრაობა, რომელშიც საზოგადოების წევრები, პოლიტიკოსები და აქტივისტები გაერთიანდებიან, 24 თებერვლიდან აქციებს დაიწყებს.

დღეს სამი პარტიის ლიდერებთან ერთად სიტყვით გამოვიდნენ საზოგადოების წევრები. მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა, რომ დროა, საზოგადოება გააქტიურდეს.

„არცერთ პარტიას არ ვეკუთვნი და არც ვაპირებ, მაგრამ მე ვეკუთვნი ქართულ საზოგადოებას, საქართველოს. დღეს რეალობა არის ის, რომ ქვეყანას ვკარგავთ, პირდაპირ ვბარდებით რუსეთს და რუსეთთან ურთიერთობა სიბნელესთან ურთიერთობაა.

… სირცხვილის გრძნობა ხომ არ დავკარგეთ ხალხნო?! თუ ჩვენ დღეს ჩავბარდებით რუსეთს და ხმას არ ამოვიღებთ, სამარადჟამოდ სირცხვილში ვიქნებით. უნდა ვიყოთ ერთად, უნდა ვიყოთ ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, რომ სირცხვილი არ ვჭამოთ მომავალთან მიმართებაში. სწორედ ამიტომ ვარ აქ და სწორედ ამიტომ უნდა გავაქტიურდეთ. ძილის დრო არ არის, ქართველებო, გამოფხიზლდით, ძალიან გთხოვთ!“, – თქვა მან.

გამომსვლელებმა განაცხადეს, რომ დაიწყებენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას და პირველი აქცია, რომელიც უკრაინისადმი სოლიდარობის აქცია იქნება, 24 თებერვალს გაიმართება.

დღეს საგანგებო განცხადების გაკეთების დროს ადგილზე იმყოფებოდნენ და მოძრაობას მხარს უჭერენ – მახაზ მაჩალიკაშვილი, კოტე ყუბანეიშვილი, იულონ გაგოშიძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, ივერი მელაშვილი და სხვები.