ბუღაძეს შევთავაზეთ ახალი ხელშეკრულება, რომელზეც თავად თქვა უარი - თსუ

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მხატვარ გია ბუღაძესთან ხელშეკრულების არ გაგრძელების საკითხს ეხმაურება. უნივერსიტეტის განცხადებით, გია ბუღაძე მათ არ გაუთავისუფლებიათ და ლექტორს შესთავაზეს ახალი ხელშეკრულება, რომლის გაგრძელებაზეც უარი თავად ბუღაძემ თქვა.

„გია ბუღაძე უნივერსიტეტიდან არ გაუთავისუფლებიათ. მას, ისევე როგორც სხვა მოწვეულ ლექტორებს, შესთავაზეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა საათობრივ ანაზღაურებას ფაკულტეტზე მოქმედი უმაღლესი ტარიფით, რაც მოწვეული ლექტორების ანაზღაურებასთან შედარებით გაორმაგებულია.

სხვაობამ ძველსა და ახალ ხელშეკრულებას შორის 120 ლარი შეადგინა, რაზეც გია ბუღაძემ უარი განაცხადა, ხელი არ მოაწერა ხელშეკრულებას და სემესტრის დასრულებამდე 3 კვირით ადრე შეუწყვიტა სტუდენტებს ლექციები.

სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით დარჩენილი სასწავლო წლის ბოლომდე ლექციებს ჩაატარებს სემინარის ლექტორი, რათა მათ მიმდინარე სემესტრში არ დაკარგონ 5 კრედიტი“, – აცხადებს თსუ.


მხატვარ გია ბუღაძის თქმით, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, თსუ-ში ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

გია ბუღაძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ წელს, შემოდგომის სემესტრში უნივერსიტეტში ლექციების კითხვა გააგრძელა, მაგრამ ადმინისტრაციამ ახალი ხელშეკრულება აღარ შესთავაზა. ხოლო როცა სემესტრის დაწყებიდან თითქმის 3 თვის შემდეგ ადმინისტრაციაში პასუხი ისევ ვერ მიიღო, უხანგრძლივებდნენ თუ არა ხელშეკრულებას, უნივერსიტეტიდან წამოვიდა.