ცესკოს თავმჯდომარემ საოლქო კომისიებს რეკომენდაციით მიმართა, გადაითვალონ უბნები

პუბლიკა

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საოლქო საარჩევნო კომისიებს რეკომენდაციით მიმართავს, გამოიყენონ დისკრეციული უფლება და საკუთარი ინიციატივით გადათვალონ იმ საარჩევნო უბნების შედეგები სადაც:

  • წარდგენილი იყო შედეგების გადათვლის/გადასინჯვის მოთხოვნით საჩივრები ისეთი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ, რომლებსაც გააჩნიათ არჩევნებზე მრავალწლიანი დაკვირვების გამოცდილება და 2 ოქტომბრის არჩევნებზე განახორციელეს ფართომასშტაბიანი სადამკვირვებლო მისია და ამასთანავე, არჩევნების შემდგომ აქვეყნებენ თავიანთ ანგარიშებს არჩევნებთან დაკავშირებით;
  • ზემოხსენებული ორგანიზაციების მიერ არ ყოფილა წარდგენილი საჩივრები, მაგრამ შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება ბათილი საარჩევნო ბიულეტენების მაღალი რაოდენობა კონკრეტული საარჩევნო ოლქების მიხედვით;
  • დღეის მდგომარეობით შემაჯამებელ ოქმებში ბათილი ბიულეტენების და ნამდვილი ხმების ჯამი აჭარბებს 5-ით აღემატება კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობას. ასეთი ოქმების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 8-ს.

„მინდა გთხოვოთ, რომ დღევანდელი დღე, გამოვიყენოთ ამ შესაძლებლობისთვის და საკუთარი ინიციატივით გადათვალოთ კენჭისყრის შედეგები, ისე, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, კანონით დადგენილ ვადაში შეძლოს არჩევნების შედეგების შეჯამება“, – აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე.

გიორგი კალანდარიშვილმა ასევე ისაუბრა იმ სტატისტიკაზე, რამდენი უბანია გადათვლილი ამ დრომდე:

„საარჩევნო რეფორმის საფუძველზე განხორციელებულმა გადათვლის პროცედურებმა გვაჩვენა, თუ როგორ შეუწყო აღნიშნულმა ხელი პროცესის გამჭვირვალობას. გადათვლილია 72 საარჩევნო ოლქის 360 საარჩევნო უბნის საარჩევნო ბიულეტენები (1080 შემაჯამებელი ოქმის მონაცემი). გადათვლების შედეგად, უცვლელი დარჩა 239 საარჩევნო უბნის მონაცემები, რაც გადათვლილი უბნების 66.7%-ს შეადგენს. 121 საარჩევნო უბანზე მცირედით არის მონაცემები შეცვლილი. იყო ხარვეზებიც, რომელიც გადათვლის შედეგად გამოვლინდა და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა მონაცემებში. შედეგად, ცალკეულ კანდიდატებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა, თუმცა ამას საერთო შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებმა, საკუთარი ინიციატივით, ასევე, საჩივრების საფუძველზე 194 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს. სულ საერთო ჯამში გადაითვალა 554 საარჩევნო უბნის შედეგი, საიდანაც ცალკეულ კანდიდატებს თუ სუბიექტებს მცირედით მოემატათ ან დააკლდათ ხმათა რაოდენობა“, – განაცხადა მან.

კალანდარიშვილის განცხადებას სრულად გაეცანით ბმულზე.