დავით ხიდაშელის ოჯახმა რიყის დოქები გაყიდა

პუბლიკა

დავით ხიდაშელის ოჯახმა რიყის დოქები გაყიდა.

საჯარო რეესტრის თანახმად, მისი ახალი მფლობელია შპს რიყე დომ, რომლის 100 %-იან წილსაც ფლობს შპს ნ.გ.ბ.

თავის მხრივ, ნ.გ.ბ-ის მფლობელი თორნიკე კოპალიანია.

კომპანიის დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. ამ კომპანიის გარდა მიხეილ ტყეშელაშვილი არის რამდენიმე სხვა კომპანიის დირექტორიც: შპს „ბუფალო“, შპს „ზაჰესი ლენდს“, შპს „ორთაჭალ ოილ”, შპს „პორტრეტ თბილისი”, შპს „დი ვიჟენ გრუპი”, შპს „შაქრო ფროფერთი”. კომპანია „ბუფალოს” ის თავად ფლობს.

რაც შეეხება თორნიკე კოპალიანს – ის ფლობს შპს ბამბუ გარდენსის წილის 10%-ს და თავადაა დირექტორი, შპს 3ფ-ს 100%-ს, შპს თპ კომპანის 100%-ს, მეღვინეობა ხვამლის 100%-ს. მისი თანასაკუთრებაა კოოპერატივი უდაბნო-ლახირი.

ე.წ კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელის ოჯახმა „რიყის დოქები” 2022 წელს იყიდა.

2022 წელს თბილისის ცენტრში მდებარე ე.წ. „რიყის დოქების“ კომპლექსი მეშვიდედ გამოცხადებულ აუქციონზე 10 მილიონ ლარად გაიყიდა. „რიყის დოქები“ ლუქსემბურგში რეგისტრირებულმა ფირმამ, Global Victory Trust-მა შეიძინა. ამ კომპანიის აქციონერია კომპანია „გლობალ ვიქტორი ინვესტმენტი“, რომელიც დარეგისტრირებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. მას მარიამ ხიდაშელი ფლობს და ხელმძღვანელობს, ხოლო კომპანიის დირექტორატშია დავით ხიდაშელი.

ხელშეკრულების თანახმად, დოქების მფლობელ კომპანიას 3 წლის განმავლობაში არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.

bm.ge-ის თანახმად, ამ ინვესტიციის განხორციელების ვადა კომპანიას 12 მაისს ეწურებოდა.