რუმინული მედია G4media-ინფორმაციით, 4 მაისს, რუმინეთის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, რუსი ჰაკერების ჯგუფმა სახელმწიფო და პრეზიდენტობის კანდიდატების ვებგვერდებზე კიბერშეტევა განახორციელა.
DDOSIA/NoName057-ის სახელით ცნობილმა ჯგუფმა შეტევა მთავარ სამთავრობო პორტალზე, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და ოთხი საპრეზიდენტო კანდიდატის, მათ შორის კრინ ანტონესკუსა და ნიკუსორ დანის ვებგვერდებზე განახორციელა.
რუმინული Digi24-ის ცნობით, ჰაკერებმა კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ Telegram-ის არხზე დაწერეს და სამიზნეებს შორის დაასახელეს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების ვებგვერდები.
გუშინ, 4 მაისს, რუმინეთის განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა და მასში გაიმარჯვა ჯორჯ სიმიონმა, მემარჯვენე ნაციონალისტმა კანდიდატმა, რომელიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებას ეწინააღმდეგება და სკეპტიკურადაა განწყობილი ევროკავშირის მიმართ.
ჯორჯ სიმონმა ხმების 40,96% აიღო. მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების თავდაპირველი კენჭისყრის შედეგები 2024 წლის ნოემბერში საკონსტიტუციო სასამართლომ გაუქმებულად ცნო საარჩევნო დარღვევებისა და რუსეთის ჩარევის ბრალდებების შემდეგ.
ნოემბრის არჩევნების დღეს რუმინეთის საარჩევნო IT სისტემის წინააღმდეგ 85000-ზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა.
მაშინ გამარჯვებულად ულტრამემარჯვენე და რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი კალინ ჯორჯესკუ გამოცხადდა.
26 თებერვალს კალინ ჯორჯესკუ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის თავიდან წარდგენას აპირებდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა ფაშისტური ჯგუფების ხელშეწყობისა და საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. რუმინეთის ცენტრალურმა საარჩევნო ბიურომ ჯორჯესკუს ახალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა.