ჩანაწერი „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ შესრულებულია ბაჩალიაშვილის მიერ - ექსპერტიზის დასკვნა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2020 წლის 5 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიიღეს ხელწერის ექსპერტიზის დასკვნა.

„რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილ მოცისფრო, პატარა ზომის ფურცელზე არსებული ტექსტობრივი ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – შესრულებულია თამარ ბაჩალიაშვილის მიერ”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის ადგილზე ნანახი, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა იყო დაკეტილ მდგომარეობაში. უწყების ცნობით, ავტომანქანის გასაღები კი მოთავსებული იყო უკანა სავარძელზე, რის გამოც ავტომანქანის გაღება მოხდა ოჯახის წევრების მიერ წარმოდგენილი სათადარიგო გასაღებით.

„ასევე, გადამოწმდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი ანგარიშები. ერთ-ერთ ბანკში თამარ ბაჩალიაშვილის ანაბარზე ირიცხება 75 000 ლარი”, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება და მიმდინარეობს ექსპერტიზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. შსს-ს განცხადებით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.


შსს-მ გუშინ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის ექსპერტიზის შედეგებიც გაავრცელა.

შსს-ს მიერ გამოქვეყნებული კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თვითმკვლელობის მეთოდებზე ინტერნეტში ინფორმაციას ეძებდა.