ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება – უკვე მეშვიდე დღეა 3 000-ზე მეტი დასაქმებული ხელფასების გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და შრომის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.
გუშინ მაღაროელებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ქალაქში მსვლელობა გამართეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საჭიროა მაღაროებში ტექნიკური აღჭურვილობის გადაიარაღება, სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება, შრომითი პირობების შეცვლა და ხელფასების ზრდა.
ჭიათურის მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ხელმძღვანელობასაც შეხვდნენ, თუმცა „პუბლიკასთან“ საუბრისას ერთ-ერთი მშრომელი ამბობს, რომ შეთანხმების ნაცვლად მათ ულტიმატუმი და დაცინვა მიიღეს. დასაქმებულები პროტესტის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
„სიტუაცია არ შეცვლილა, გვქონდა საუბარი ხელმძღვანელობასთან, მაგრამ არანაირ დათმობებზე კომპანია არ მოდის. შეთანხმების ნაცვლად დაცინვა მივიღეთ. საუბარია 3 382 ადამიანზე და კომპანიის მხრიდან მცდელობაც კი არ არის, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და პროტესტი შევწყვიტოთ. ამიტომ ვაგრძელებთ პროტესტს და მანამდე ვიქნებით აქ, სანამ ჩვენი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება“, – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი.
მაღაროელების სხვა მოთხოვნებს შორისაა: სადაზღვევო კომპანიის შეცვლა, ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება, საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლო გადასახადის შემცირება.
„ჯორჯიან მანგანეზი“ კი აცხადებს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფეროშენადნობებზე შემცირებული მოთხოვნისა და დაბალი ფასების გამო, დღის წესრიგში დადგა ახალ სამუშაო გრაფიკზე გადასვლა.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულთა ხელფასის გადახდას ბანკებიდან აღებული კრედიტებით ახერხებს.