ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე აფრინ გაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა მიხეილ ყაველაშვილსა და შალვა პაპუაშვილს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. ყურადღება დაეთმო ეკონომიკის, ვაჭრობის, დაკავშირებადობის, განათლების, კულტურისა და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
„მისი ვიზიტი საქართველოში ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას ურთიერთპატივისცემასა და მჭიდრო თანამშრომლობაზე დაფუძნებული ურთიერთობა აკავშირებს, რომლის გაღრმავებაც ორივე ქვეყნის ინტერესშია.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შავი ზღვის რეგიონისა და დასავლეთ ბალკანეთის ურთიერთდაკავშირების მნიშვნელობაზე, მათ შორის, უსაფრთხო და საიმედო სატრანზიტო მარშრუტებისა და ეკონომიკური დერეფნების განვითარების კონტექსტში.
აფრიმ გაშის მადლობა გადავუხადე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, არაღიარების პოლიტიკის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის.
მჯერა, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნების ინტერესების განხორციელებას, არამედ სამხრეთ კავკასიასა და დასავლეთ ბალკანეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას”, – წერს მიხეილ ყაველაშვილი თავის ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.
მოგვიანებით, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ასამბლეის პრეზიდენტი შალვა პაპუაშვილს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ილია ინჯია, ნინო წილოსანი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და ეკა სეფაშვილი.
აფრიმ გაშიმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, ორი ქვეყნის მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს ერთმანეთის შესახებ.
მხარეებმა განიხილეს ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობები. აფრიმ გაშიმ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული ინტეგრაციის პროცესსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა ჩრდილოეთ მაკედონელ კოლეგას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებას. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოს მზარდ ეკონომიკაზე, უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლების შემცირებაზე.
აფრიმ გაშიმ შალვა პაპუაშვილი ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტით მოიწვია.