ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ - VTB ბანკის ხელმძღვანელი

პუბლიკა

რუსული, VTB ბანკის ხელმძღვანელმა საქართველოდან მისი ბანკის გასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა. „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში ანდრეი კოსტინმა განაცხადა, რომ VTB-ის შვილობილი ბანკები ყველგან აგრძელებენ მუშაობას, საქართველოს გარდა.

„ერთი შემთხვევის გარდა, ჩვენ არ ვყიდით [შვილობილ ბანკებს] არსად. გვაქვს პრინციპული პოზიცია, ყველგან ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ მხოლოდ საქართველოდან გავდივართ, თუმცა იქ ცოტა განსხვავებული სიტუაციაა.

აზერბაიჯანში, სომხეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ჩინეთსა და ინდოეთში კი ჩვენ ვრჩებით და ხელს ვუწყობთ ეროვნულ ბანკებთან, ადგილობრივ ბანკებთან ინტერაქციას, რომ ეროვნულ ვალუტებში ანგარიშსწორებისთვის ორმხრივი ვაჭრობისას ძირითადი ბანკი ვიყოთ. ჩვენ ვხედავთ ჩვენს ბიზნეს პერსპექტივას ამ ქვეყნებში“, – განაცხადა კოსტინმა „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბანკში ახლა მარტივი სიტუაცია არ არის. მისი თქმით, გაყინული ანგარიშები ასობით მილიონ დოლარსა და ევროს მოიცავს, უცხოური ვალუტის გადინებამ კი ბანკი კიდევ უფრო დააზარალა.

„ჩვენ არ გაგვითვლია სანქციების ყველა შედეგი, მაგრამ ჯერჯერობით არის მთავარი შედეგი – სანამ ცოცხლები ვართ და ვმუშაობთ, ვფიქრობ, რომ შევძლებთ გაგრძელებას“, – დასძენს კოსტინი.