ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით „წითელ ზონაში“ - გამყრელიძე

პუბლიკა

„ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „წითელი ზონა განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობაა“.

„ყველა ინდიკატორი, რაც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, მხედველობაში მაქვს ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, ეს ყველაფერი არის გაუარესებული. ჩვენ ახლა ვართ დაახლოებით იმ დონეზე, როგორც ვიყავით მესამე ტალღის პიკზე, დაახლოებით 17 მაისს და ასევე, დღევანდელი ეპიდსიტუაცია გახლავთ მსგავსი, რაც გვქონდა ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში, როცა ჩვენ უკვე ნოემბრის ბოლოსკენ ჩვენ უკვე მივდიოდით პიკისკენ. ამიტომ ეს ძალიან საყურადღებოა, ჩვენ ყველა ინდიკატორით გადავედით წითელ ზონაში. აქამდე ჯონს ჰოპკინსის [უნივერსიტეტის] რუკაზე ვიყავით ნარინჯისფერში და ახლა ვართ უკვე წითელ ზონაში. ეს არის განგაშის ერთ-ერთი მთავარი მოცემულობა და შესაბამისი ღონისძიებები უნდა იქნეს მიღებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.19%-ია, გარდაიცვალა 26 ადამიანი.