სექტემბრის ბოლომდე 2 მლნ მოქალაქე აცრილი უნდა იყოს, 1 მლნ-ს ალბათ უკვე გადატანილი ექნება - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი“, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, მთელი ჯანდაცვის სისტემა „ძალიან კარგად და მობილიზებულად მუშაობს“.

„ჩვენ მილიონ ადამიანს მალე ავცრით ალბათ სექტემბერში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთხელ, ზოგი ორჯერ აცრილი. ალბათ, მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი. საბოლოო ჯამში, ჩვენი ექიმები და მეცნიერები ამბობენ, რომ მათი პროგნოზით, შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია. ანუ ეს რამდენიმე კვირა დაგვრჩა, რომ გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ბოლო 24 საათში  კორონავირუსით  78 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 915  ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 329 პირი ემსხვერპლა.