ჩვენი თხოვნაა, სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებულად არ განიხილოს - დეგნანი

პუბლიკა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. როგორც დეგნანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია ახალ კანონპროექტზე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შეეხება.

ელჩი მიმართავს პარლამენტს, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა არ დაჩქარდეს. დეგნანის კომენტარის ქართულ ვარიანტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი შესაძლებლობა სახელმწიფო ინსპექტორთან და მის გუნდთან სასაუბროდ. საქართველოში მოქალაქეთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ინსპექტორის როლი არის მნიშვნელოვანი.

მისი საქმიანობა უკავშირდება საჯარო მოხელეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების გამოძიებას და მათ შეკავებას, უზრუნველყოფს საჯარო მოხელეთა ანგარიშვალდებულებას მოქალაქეების მიმართ. ეს არის რთული, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანი საქმიანობა.

ზოგჯერ, ადამიანები არ არიან ბედნიერები ამ გამოძიებების გამო. რაც შემაშფოთებელია, ეს არის გავრცელებული ინფორმაცია ახალი კანონპროექტის შესახებ, რომელიც ამ სამსახურს ორად გაყოფს.

ამ კანონპროექტის განვითარების პროცესი შემაშფოთებელია, რადგან დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს თავად სახელმწიფო ინსპექტორთან და სხვა საჯარო პირებთან კონსულტაციების გარეშე. არ არის არანაირი ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, ეს არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით“, – განაცხადა დეგნანმა.

ამასთან, ელჩის განცხადებით, კანონმდებლობის განახლების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ შეთავაზებული ინიციატივა, ახალ კანონპროექტში ასახული არ არის.

„თავად სახელმწიფო ინსპექტორმა გააკეთა შეთავაზება კანონმდებლობის განახლების მიზნით, თუ როგორ უნდა განვითარებულიყო ეს სააგენტო, მაგრამ არ მოხდა ეს და ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა, არც ერთი შეთავაზება არ იქნა გათვალისწინებული მთავრობის მიერ შედგენილ ამ პროექტში, რომელიც სამსახურს ორად ყოფს.

რაც ყველაზე შემაწუხებელი და მძიმეა არის ის, რომ პროექტი ასევე ითვალისწინებს ამ სამსახურში დასაქმებული სპეციალისტების გაშვებას სააგენტოდან. ეს ხალხი თავისი საქმის ექსპერტები არიან, რომლებიც დაკისრებულ მოვალეობას თავს შესანიშნავად ართმევენ. მანამდე პარლამენტს მათი საქმიანობის მიმართ კითხვა არ გასჩენია.

რთული გასაგებია ამ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლების მარტამდე გათავისუფლება და ნიჭიერების და გამოცდილების შესაძლებლობების დაკარგვა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სააგენტოში, რომელიც ქვეყანას აქვს. უცნაური პროცესია, ამ კანონპროექტის დაჩქარება, როდესაც ამის საჭიროება არ არის, ისევე როგორც არ არის კონსულტაციები სახელმწიფო ინსპექტორთან და მის თანამშრომლებთან.

ძალიან შემაშფოთებელია ამ კანონპროექტში შემავალი დებულებები. ჩვენი თხოვნა იქნება პარლამენტმა შეაჩეროს, შეანელოს ეს პროცესი. არ არის საჭირო განხილვის დაჩქარება, გადადეთ ის შემდეგ სასესიო პროცესამდე, რათა ჩატარდეს სათანადო, ინკლუზიური, გამჭვირვალე კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან და შემუშავდეს მიდგომა, რომელიც ნამდვილად აუმჯობესებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ეს არის ჩვენი რეკომენდაცია და მტკიცე მოთხოვნა პარლამენტის მიმართ“, – განაცხადა დეგნანმა.