„ციანიდის საქმის" განსხვავებული ვერსია - რას ჰყვება სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე

პუბლიკა

უსაფრთხოების სამსახურის, სუსის, უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ტელეკომპანია პირველთან ე.წ. ციანიდის საქმის განსხვავებულ ვერსიას ჰყვება.

მისი ვერსიით, დეკანოზი მამალაძე მოქმედებდა არა მარტო, არამედ ჯგუფთან ერთად. ჯგუფის გაზრახვა კი შემდეგი იყო.

„ჩაიტანდნენ ციანიდს გერმანიაში. მოაყრიდნენ საჭმელზე, რომელიც შორენას უნდა შეეტენა პატრიარქისთვის. ეს ხდებოდა ბერლინში, ჰელიოსის კლინიკაში.

შეტანის მომენტში მას ეცემოდნენ ხელებში. კამერების თანდასწრებით – კლინიკა აღჭურვილია კამერებით და თვითონაც ტელეფონები ჩართული ექნებოდათ. და ეტყოდნენ,  – რას აკეთებ, რა მიგაქვს.  ის ეტყოდა, რომ საკვები შემაქვს პატრიარქთან. ესენი ეტყოდნენ, რომ რაღაც საეჭვოა, ატყდებოდა პანიკა, დაიდგმებოდა სცენები.

ციანიდიან საკვებს შორენას დაუჭერდნენ ხელში, გამოიძახებდნენ “ჰელიოსის” დაცვას. მოვიდოდა ბერლინის პოლიცია. არა საქართველოში, არა რუსეთში, არამედ საზღვარგარეთ, ევროპულ ქვეყანაში დააკავებდნენ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქის მკვლელობის მცდლეობისთვის. ის წავიდოდა ციხეში. ისინი გახდებოდნენ გმირები, რომლებმაც პატრიარქი დაიცვეს და ამ სახელით დაბრუნდებოდნენ საქართველოში”.

სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ შორენა თეთრუაშვილის ჩამოცილების მცდელობა ჯგუფს ადრეც ჰქონდა. ის ყვება, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი მასთან ადრეც მივიდა და პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის დაპატიმრება მოსთხოვა, ტერორიზმის ბრალდებით.

საქმე იმაშია, რომ გოგაშვილის თქმითვე, საპატრიარქოს ბალანსზე არსებულ ბინაში ცხოვრობდა ორი პირი, ეთნიკურად ქართველები, ლაზები, თურქეთის მოქალაქეები, რომლებსაც თურქეთის სახელმწიფო ტერორიზმის ბრალდებით ეძებდა. თუმცა შორენა თეთრუაშვილისთვის და საპატრიარქოსთვის ეს ცნობილი არ იყო. ამიტომაც მასზე გამოძიება არ დაწყებულა.

რაც შეეხება მოტივაციას. სოსო გოგაშვილის თქმით, ამ ადამიანებს გაუჩნდათ საპატრიარქოში გავლენის დაკარგვის საფრთხე.

“მათ ჰქონდათ ფინანსებთან წვდომა. ეს არ არის ის ფინანსები, რომლებიც ბიუჯეტიდან მოედინება. საუბარია შემოწირულობებეზე. რომლებიც ადრესატამდე სრულყოფილად არ მიდიოდა. შემოწირულობების ნაწილი ნაღდი ფულის სახით მიაქვთ საპატრიარქოში პატრიარქს ნდობით აღჭურვილ პირებთან. მაგრამ ადამიანი, ვისაც ფული მიაქვს, იმის გადამოწმებას ხომ არ დაიწყებს, დაცვამ ბოლომდე მიიტანა თუ არა ფული?

მაგალითად, მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის როდესაც რომელიმე ბიზნესმენი შესწირავდა ფულს, შეიძლებოდა, რომ 100 000-იდან მიიტანო 50 000 და დანარჩენი დაიტოვო.

ამის პრევენცია შეეძლოთ ქორეპიკოპოსებს და შორენასაც.

ეს იყო ფულის შოვნის ერთი არხი. უმნიშვნელო. უფრო მნიშვნელოვანი ის, იყო, რომ ისინი უკავშირდებოდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებს, და ეტყოდნენ რომ ამა თუ იმ ტენდერში არ მიეღოთ მონაწილეობა, რადგან აქ იყო ეკლესიის ინტერესი”. – ყვება სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე.