„ცოტათი არასასურველი ვითარებაა“ - ელჩი ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე

პუბლიკა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის გამყარების შესახებ აცხადებს, რომ „არასასურველი ვითარებაა“.

ელჩმა დანიგანმა ინტერვიუ „რადიო თავისუფლებას“ მისცა. ინტერვიუს ანონსში ელჩი ამბობს:

„გულწრფელი უნდა ვიყო: როცა ვამბობ, რომ პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამასვე ვგულისხმობთ – ნამდვილად პატივს ვცემთ საქართველოს სუვერენიტეტს. სუვერენულია გადაწყვეტილება იმაზე: ვისთან გექნება ვაჭრობა, ვისთან მოაწერ ხელს შეთანხმებებს, თუმცა მსურს, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი მართლაც ძლიერი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას საინვესტიციო და სავაჭრო სფეროში გადაწყვეტილებების მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მკაფიოობის უზრუნველსაყოფად და გრძელვადიანი შედეგების გასაცნობიერებლად.

სტრატეგიულ პარტნიორობას რაც შეეხება, მხოლოდ შევნიშნავ, რომ იმ შეთანხმებაში საქართველო ცალსახად აღიარებს ჩინეთის სუვერენიტეტს, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ მსგავს მიდგომას ჩინეთისგან საქართველოს მიმართ. ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს. რუსეთს კი ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ნაწილი. მგონია, რომ ცოტათი არასასურველი ვითარებაა“, – განაცხადა ელჩმა.


საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებმა სტრატეგიული პატრნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება 2023 წლის 31 ივლისს გაავრცელეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.“

11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოსთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. მთავრობამ განაცხადა, რომ მიზანია, ჩინეთთან კვირაში 10 რეისი შესრულდეს. აეროპორტების გაერთიანებამ გაანცხადა, რომ 27 სექტემბრიდან ჩინეთში ყოველდღიური რეისები დაიწყებოდა. ეკონომიკის მინისტრმა 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ  ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას განიხილავს.

საქართველოს მთავრობის წევრები ირწმუნებიან, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ შეაფერხებს ქვეყნის მთავარ საგარეო პრიორიტეტებს და რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ღარიბაშვილის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური მიღწევაა.