Covid-19 | ბათუმში გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელსაც 1 კვირის წინ საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

პუბლიკა

დღეს, 3 დეკემბერს, ბათუმში, კლინიკა „მედინაში“ კორონავირუსით გარდაიცვალა 31 წლის ქალი, რომელმაც 25 ნოემბერს იმშობიარა. კლინიკის დირექტორი, ჯუმბერ უნგიაძე ადასტურებს ამის შესახებ ინფორმაციას.

„დღეს ვერ შევძელით მელოგინის გადარჩენა, ვინაიდან მას ჰქონდა ფილტვის მძიმე დაზიანება ახალი კორონავირუსული ინფექციის გამო.

ის იწვა ბათუმს მრავალპროფილიან სამშობიარო სახლში კორონავირუსის დიაგნოზით; მიუხედავად ადეკვატური მკურნალობისა, მისი მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა; ჰქონდა გამოხატული ცვლილებები როგორც კლინიკური, ისე სუბიექტურად; სუნთქვის უკმარისობა, რომელიც მოქმედებდა არამარტო ორსულის მდგომარეობაზე, არამედ აისახა ნაყოფის მდგომარეობაზეც.

25 ნოემბერს, საღამოს, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და იმავე ღამეს ჩატარებულია საკეისრო კვეთა, ვინაიდან არ იყო პირობები იმისა, რომ ემშობიარა, არ იყო მზად სამშობიარო გზები.

საბედნიეროდ, ბავშვის მდგომარეობა ძალიან კარგია, ის უკვე გაეწერა, მაგრამ ამასთან ერთად მელოგინის მდგომარეობა პროგრესულად უარესდებოდა, ამიტომ 27 ნოემბერს „მედინაში გადმოიყვანეს,“ – განაცხადა ჯუმბერ უნგიაძემ.

მისი ინფორმაციით, ქალს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

„ფაქტობრივად, ფილტვი აღარ იყო“, – ამბობს ის.

რუსუდან კოკობინაძე დღეს თრომბოემბოლიით გარდაიცვალა.