COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი ამოქმედდა

პუბლიკა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ აირჩიონ დასურველი დღე, საათი და სამედიცინო დაწესებულება, სადაც COVID-19-ით ვაქცინაციას შეძლებენ.

ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასო იქნება.


ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოვიდა. საქართველომ COVAX-პლატფორმის საშუალებით AstraZeneca/Oxford ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა მიიღო, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინა რაიონებში გადანაწილდა. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინაციის გეგმის მიხედვით ვაქცინაციისთვის შერჩეულია  82 დაწესებულება. პრიორიტეტული ჯგუფებიდან პირველები სამედიცინო მუშაკები აიცრებიან.

„ვაქცინა კეთდება ორჯერადად, რევაქცინაცია იქნება რვიდან 12 კვირის ფარგლებში. ამისთვის, შესაბამისი დადასტურებაა უკვე, რომ 86 000 დოზა აპრილის მეორე ნახევრიდან შემოვა“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

არსებული ინფორმაციით, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZenecaი-ს ვაქცინის 129 600 დოზას და ასევე Pfizer-ის 29 250 დოზას.