covidpass.moh.gov.ge - რა მონაცემების ნახვა შეგიძლიათ ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციით

პუბლიკა

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ Covid-საშვის აპლიკაცია შექმნა.

აღნიშნულ პორტალზე პირის შესახებ თანმოყრილი იქნება ინფორმაცია: Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ; კორონავირუსის გადატანის შესახებ მონაცემები; COVID-19-ზე ჩატარებული უკანასკნელი ტესტირების შედეგის შესახებ;

როგორც უწყებაში ამბობენ, პლატფორმის მეშვეობით, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქის კოვიდსტატუსზე ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი. მათივე თქმით, ბიზნესოპერატორები სწორედ ამ აპლიკაციით იხელმძღვანელებენ.

„კერძოდ, Covid-საშვით კომპანიები მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორის კოვიდ სტატუსს შეამოწმებენ. პლატფორმით ერთი მხრივ, მომხმარებელი სასურველ სერვისს ვირუსის გავრცელებისგან დაცულ გარემოში მიიღებს. მეორე მხრივ კი, ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო სივრცე დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის მეტ გარანტიას შექმნის. ე.წ. „მწვანე ზონების“ შექმნა, საბოლოო ჯამში, ბიზნეს სექტორს მდგრად ეკონომიკურ აქტივობაში შეუწყობს ხელს“, – ვკითხულობთ უწყების განცხადებაში.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციითვე, Covid-საშვის აპლიკაციის წარმატებით დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა, სპეციალურად ამ სეგმენტისთვის დღის წესრიგში რეგულაციების შემსუბუქებაც დადგეს.

უწყების ცნობით, პლატფორმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შეიქმნა და ბიზნესის სხვადასხვა სექტორს ეტაპობრივად წარედგინება. მათივე თქმით, ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, სტატუსის გადამოწმება, ამჯერად, მხოლოდ ვებგვერდზეა შესაძლებელი, უახლოეს მომავალში კი, მობილური აპლიკაცია იქნება ხელმისაწვდომი.