დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან - ვოლსკი ჩანაწერებზე

პუბლიკა

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის მიაჩნია, რომ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიება „არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიწყოს“. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ეს სცენარი საზოგადოების პროვოცირებისთვისაა დაწერილი. მისი თქმით, ეს არასრულწლოვანი ბერას საუბარია, რომელიც, დაახლოებით, 2011 წელსაა ჩაწერილი. ამის შესახებ გია ვოლსკიმ „რუსთავი 2-თან“ ისაუბრა.

„ყველაფერი კარგად იცის. დაავალეს მაშინ, ეგინებინათ პატარა ბერა, რომ როგორმე გამოეყვანათ წყობილებიდან. ამით არავინ არც დასჯილა და არაფერი შედეგი ამას არ მოუტანია ვინმესთვის, რამე ცუდი.

დღეს დავალება აქვთ, რომ ისევ აგინონ ბერა, მას მერე, რაც ოჯახი ჰყავს, ბავშვი გაუჩნდა. იქნებ ისევ კიდევ რაღაც მოიგონონ და რაღაცა მოიგონონ და არიონ სიტუაცია. ისევ დავალებული აქვთ, რომ გამოვიდნენ და მოიგონონ, როგორ ჩაუჯდა ვიღაცა მანქანაში და უთხრა, რომ მოდით, იქნებ არ შეაგინოთ. ესეც რომ იყოს და ვთქვათ, მივიდეს დაცვის წევრი და მოსინჯოს, ნახოს, არის თუ არა საფრთხისშემცველი იმ კონკრეტული ადამიანის მუქარა და ისიც დანაშაულია, რომ არასრულწლოვანს მოუსმინეს… ეს რომ მოიკვლიოს და არავის არაფერი დაუშავდეს ამით, განსხვავებით იმისგან, როგორ ხოცეს ახალგაზრდები ქუჩაში და დღეს ახალგაზრდების გამოყვანა უნდათ და იმიტომ მოიგონეს ეს სისულელე და ამაზე როგორ გითხრათ,  პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოსო“, – აცხადებს ვოლსკი.


ტელეკომპანია „პირველმა“ 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, რომელზეც, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ფიგურირებენ და გეგმავენ ანგარიშის გასწორებას მათთვის, ვინც სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ კომენტარებს წერდა.

ჩანაწერის ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ტელეკომპანიის ჟურნალისტები ამბობენ, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ 4 აუდიოჩანაწერი, რომელთაგან ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ამჟამინდელ უმაღლესი თანამდებობის პირებს, სავარაუდოდ, ავალებს გაუსწორდნენ მის კრიტიკოსებს, მათ შორის არასრულწლოვანს.