დადებითობის მაჩვენებელი იკლებს. ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია გამოჩნდა - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაანალიზებულია გასული ერთი კვირის მონაცემები და გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ტენდენცია, – დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ, გარკვეულწილად, ინფიცირების კლების ტენდენცია გამოჩნდა.

„ჩვენ გავაანალიზეთ გასული ერთი კვირის მონაცემები და მნიშვნელოვანი ტენდენციაა. თუ, ვთქვათ, 7 დეკემბერს იყო გამოვლენილი 4673 დადებითი ადამიანი და 16600 ტესტი იყო ჩატარებული, დადებითობა იყო 28%. 8-ში ისევ 4734 გამოვლინდა 21 ათასი ტესტირების ფონზე და დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 21 %-ზე…

უკვე 12 და 13 დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელი ჩამოვიდა 20%-ზე. დადებითობის მაჩვენებელი იკლებს, რაც იმის ნიშანია, რომ გარკვეულად ინფიცირების მაჩვენებლის კლების ტენდენცია გამოჩნდა. ანუ ამ აქტიური ტესტირების ფონზე მაქსიმალურად ვლინდებიან ინფიცირებული პაციენტები. ამის პირველი ნიშნები გამოჩნდა. ეს არის იმ შემზღუდველი ღონისძიებების შედეგი, რომელიც ქვეყანაში ნოებრის ბოლოს დაწესდა. 7 დღის ინციდენტობის მაჩვენებლით ჩანს, რომ პიკი გადავიარეთ. ამ მრუდზე ახალი შემთხვევების რიცხვმა უკვე დაიწყო ქვესვლა. ეს არის პირველი ნიშნები და დამშვიდების საბაბი არ არის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ეს ტენდენცია განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით – შემზღუდველი ღონისძიებებით, გაფართოებული ტესტირებით, ამასთან, ინფიცირებულების დროული იზოლაციით და ნიღბის ტარების მხრივ გაზრდილი კულტურით, რაც დღესდღეობით ქვეყანაში დაახლოებით 65%-მდეა. გამყრელიძე ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ თუ ავალთ ნიღბის ტარების 90-95 %-ზე, ინფიცირების მაჩვენებელი რადიკალურად შემცირდება.