დადგენილება: სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსების ნახევარია გარანტირებული, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად სტუდენტებს გარკვეული პირობის დაკმაყოფილება მოუწევთ

პუბლიკა

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის და პირობების შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მთავრობის დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფინანსების ნახევარია გარანტირებული, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ.

უფრო კონკრეტულად კი, მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ძირითადი სახეებია:

  •  საბაზო დაფინანსება;
  • სახელმწიფო დაკვეთის შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება.

თავის მხრივ, საბაზო დაფინანსება შედგება ორი კომპონენტისგან:

  • პირველი კომპონენტი − გარანტირებული საბაზო დაფინანსება;
  • მეორე კომპონენტი − დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება.

გარანტირებული საბაზო დაფინანსება გულისხმობს, რომ ყველა ჩარიცხულ სტუდენტს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს (50%) ავტომატურად უფინანსებს.

დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება კი გულისხმობს, რომ დარჩენილი 50% – ეს ნაწილი დამოკიდებულია სტუდენტის აკადემიურ მოსწრებაზე.

პირველი 50% (გარანტირებული დაფინანსება) ეს არის უპირობო ნაწილი. თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხეთ, ამ 50%-ს სახელმწიფო დაფარავს მთელი სწავლის განმავლობაში. მეორე 50% (დამსახურებაზე დაფუძნებული დაფინანსება): რომელსაც განსაზღვრავს სტუდენტის მიერ ჩაბარებული კრედიტები.

აღწერილი მოდელის მიხედვით, უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი უპირობოდ მხოლოდ სწავლების პირველი და მეორე სემესტრებისათვის ფინანსდება, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის დასაფინანსებლად, სტუდენტი ვალდებულია, ყოველ წინა სასწავლო სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის (30 (ECTS) კრედიტი) გათვალისწინებულ კრედიტთა რაოდენობის არანაკლებ 80%-ისა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, თუ სტუდენტი მეორე და ყოველ მომდევნო სასწავლო სემესტრში ვერ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, მას მომდევნო სასწავლო სემესტრიდან უჩერდება დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსება და ვალდებულია, სწავლის საფასურის ნაწილი − შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ღირებულების 50% (რომელიც არ იფარება გარანტირებული საბაზო დაფინანსებით) დაფაროს საკუთარი სახსრებით.

როგორც დოკუმენტშია აღწერილი, დამსახურებაზე დაფუძნებული სახელმწიფო დაფინანსების შეჩერების შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია, ყოველი მომდევნო სემესტრიდან აღიდგინოს დაფინანსება, რისთვისაც ის ვალდებულია, წინა სემესტრში დააგროვოს სრული სემესტრული დატვირთვისთვის გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის (30 (ECTS) კრედიტი) ან ინდივიდუალური საგანმანთლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტთა რაოდენობის 100%.