ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის თქმით, „იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მედიკამენტ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ“.
„ჯივინოსტატი“ განკუთვნილია ბავშვებისთვის 6 წლის ასაკიდან გადაადგილების უნარის შენარჩუნებამდე.
„მიხარია, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და იქნება სამაგალითო ბევრი სხვა ქვეყნისთვის“, – თქვა სარჯველაძემ და დასძინა, რომ „იმედისმომცემია ის სამედიცინო პუბლიკაციები, რომელიც ახლავს ამ მედიკამეტს“.
მისი თქმით, მედიკამენტს გამოიყენებს დაახლოებით 30-35 ბავშვი, თუმცა, ახლა პაციენტების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.
სარჯველაძისვე განცხადებით, მკურნალობა, „ოპტიმისტური ვერსიით, სექტემბრის დასაწყისში დაიწყება“.
„შემოტანა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ იტალიური მხარეც ძალიან მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გააკეთონ ის, რაც აუცულებელია უშუალოდ მკურნალობის დაწყებისთვის. ამას სჭირდება პროცესების მომზადება. საორიენტაციოდ ეს იქნება სექტემბერი. მაქსიმალური ვადა არის დაახლოებით ერთი თვე. დაახლოებით იგივე ვადა იქნება საჭირო მედიკამენტის იმპორტისთვის. ასე რომ, რეალისტურია, რომ სექტემბერში დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით ალბათ სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში ვფიქრობთ, რომ მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება“, – თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ასევე, მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კიდევ ერთი მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიასთან, თუმცა, ახლა ამის შესახებ ვერ ისაუბრებს.
თუმცა დღეს, 31 ივლისს, რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნებულ პრესრელიზში ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ სარჯველაძე შეხვდა შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Roche-ს ერთ-ერთ დირექტორს, ტერეზა გრეჰემს. უწყების ცნობით, „საუბარი ასევე შეეხო პრეპარატ „ელევიდისს“, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალოდ გამოიყენება“.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს კუნთების შეუქცევად განადგურებას.
დაავადების პროგრესირებისას კუნთოვანი ქსოვილი ცხიმოვანი და ფიბროზული ქსოვილით იცვლება. კვლევების მიხედვით, კუნთოვანი ქსოვილის ცხიმით ჩანაცვლების ტემპი 7 წლამდე ასაკში წლიურად საშუალოდ 1.7%-ს შეადგენს, ხოლო 7 წლის ასაკის შემდეგ პროცესი მკვეთრად აჩქარდება და წლიური დანაკარგი დაახლოებით 6.7%-მდე იზრდება.
საქართველოში დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვია, მათ მშობლები კი 2 წლის განმავლობაში მოითხოვდნენ, სახელმწიფომ შემოიტანოს და დააფინანსოს FDA-ის მიერ დამტკიცებული ოთხი ტიპის მედიკამენტი – „ჯივინოსტატი“ (სავაჭრო სახელით Duvyzat); „ვამოროლონი“ (სავაჭრო სახელით Agamree); exon-skipping თერაპიები (Exondys 51, Vyondys 53, Amondys 45) და „ელევიდისი“ (გენური თერაპია).
ელევიდისი [გენური თერაპია] – Elevidys არის ადენოვირუსზე დაფუძნებული გენური თერაპია 4 წლისა და უფროსი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებსაც დადასტურებული აქვთ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ეტლის გარეშე მოძრაობენ. ეს მედიკამენტი, სავარაუდოდ, რამდენიმე ბავშვისთვის იქნება გამოსადეგი.
ეგზონების გამოტოვება – „Exon skipping“ თერაპია არის სამედიცინო ჩარევა, რომელიც მუშაობს დისტროფინის გენის მუტაციების „დასაკორექტირებლად“.
ჯივინოსტატი – დაავადების პროგრესირებას ამცირებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი მიღება დროზე/ადრეულად არის დაწყებული/არ არის დაგვიანებული.
ვამოროლონი – სტეროიდების უახლესი ალტერნატივა, რომელიც მაქსიმალურად ამცირებს ისეთ მძიმე გვერდით მოვლენებს, როგორებიცაა ზრდის შეფერხება და ძვლების დასუსტება. ოთხივეს აქვს ამერიკის წამლის მარეგულირებლის ლიცენზია, ორს ევროპული წამლის მარეგულირებლისაც.
იქამდე, სანამ სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტების შემოტანას დათანხმდებოდა, პაციენტი ბავშვების მშობლებმა 45 ღამე გაათენეს მთავრობის ადმინისტრაციასთან.
თუმცა, „ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ მედიკამენტების საცდელი ეტაპები დასრულებული არ იყო, შესაბამისად, ისინი დიდ რისკს შეიცავდნენ. ირაკლი კობახიძემ დიუშენის წამლების კონტექსშტი ახსენა „ფარმაცევტული მაფიაც“.
4 ივნისს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „დიუშენის დაავადების მქონე მშობლებთან შეჯერდნენ მედიკამენტებზე, რომლის შესყიდვაზე მუშაობაც დაიწყება“.